2011 წლის 9 ივლისს ქაშუეთის ეკლესიასთან დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა გააპროტესტა პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებული კანონი, რომლითაც საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარიგისტრირების უფლება მიეცათ.
კანონის შესახებ საყოველთაო დიალოგის გამართვისა და კანონის მიღების პროცესის შეჩერების თხოვნით საქართველოს პატრიარქმა პარლამენტს 4 ივლისს მიმართა, თუმცა 5 ივლისს ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კანონი მაინც დაამტკიცა. ამის შემდეგ, 7 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს ილია მეორემ ვეტოს დადებისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 5 ივლისსავე ჰქონდა ხელი მოწერილი ამ კანონზე.
კანონის გაუქმების მოთხოვნით 10 ივლისს მართლმადიდებელთა საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ. იქიდან კი მეტეხის მიმართულებით გადაინაცვლეს.
მათ საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვაზე ხელმოწერებიც შეაგროვეს. ამ მიმართვით ისინი აპროტესტებდნენ ბიომეტრიული პასპორტების, ელექტრონული პირადობის მოწმობებისა და პლასტიკური ბარათების საყოველთაო გამოყენებასაც. მათი თქმით, ეს დოკუმენტები არაქრისტიანულ სიმბოლიკას შეიცავს, ამიტომ მოითხოვენ ამ დოკუმენტების ნეიტრალური და მართლმადიდებლური მრევლისთვის მისაღები ვერსიის დაშვებას.
მეტეხის ხიდიდან მრევლმა პარლამენტისკენ გადაინაცვლა და რუსთაველის გამზირი გადაკეტა.
2011 წლის 11 ივლისს სინოდმა ეს საკითხი განიხილა და ხელისუფლებას მოუწოდა, “მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები”. მეუფე სერაფიმეს თქმით, ხელისუფლებამ, საბოლოოდ, დაარწმუნა საპატრიარქო, რომ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, არ მიეცემათ “ისეთივე უფლებები, როგორიც აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას“ და რომ სახელმწიფო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საკუთრებას არ გადასცემდა.