EN

ადვოკატები დაცვას ითხოვენ

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 2 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

28 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი რამინ პაპიძე მანდატურთან კონფლიქტში დაადანაშაულა და შეუფარდა 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა

ლიდერები, ორგანიზატორი

ადვოკატები – გელა ნიკოლაიშვილი, ეკა ბესელია, ზაზა ხატიაშვილი

მთავარი მოთხოვნა

ევროკავშირმა იღოს ვალდებულება ევროკონვენციის მე-6 მუხლის – გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად

პროტესტის ადრესატი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

Protect Lawyers From the Regime of Saakashvili”, (”დაიცავით ადვოკატები სააკაშვილის რეჟიმისაგან”)

ვიზუალური ელემენტები

აქციის მონაწილეებს ხელბორკილები ეკეთათ და ეცვათ თეთრი მაისურები მთავარი ლოზუნგით

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია

2011 წლის 2 აგვისტოს ადვოკატებმა ევროკავშირის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ევროკავშირს სთხოვდნენ საქართველოში ევროკონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) უზრუნველყოფაზე ვალდებულების აღებას. ადვოკატები ამბობდნენ, ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა კორპუსზე პერმანენტული შეტევა მიმდინარეობდა და არ ეძლეოდათ პროფესიული საქმიანობის საშუალება.

ოცამდე ადვოკატი ევროკავშირის ოფისთან, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე, დღის 12 საათისათვის შეიკრიბა. მათ ხელებზე პლასტმასის ბორკილები ედოთ, თეთრი მაისურები ეცვათ, ზედ კი წითელი ასოებით ინგლისურად აწერიათ: ”Protect Lawyers From the Regime of Saakashvili” (”დაიცავით ადვოკატები სააკაშვილის რეჟიმისაგან”). ისინი ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის, ფილიპ დიმიტროვისთვის.

აქციის გამართვის მიზეზი 28 ივლისს ბათუმში მომხდარი ინციდენტი გახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი რამინ პაპიძე სასამართლოში მანდატურთან კონფლიქტში დაადანაშაულა და 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თავად ადვოკატმა, რომელიც გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევდა, პროტესტის ნიშნად ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.

სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ადვოკატებისათვის ხელის შემშლელ გარემოზე მიუთითებდა თავის ანგარიშში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც. მისი ცნობით, ადვოკატებს ხელი ეშლებოდათ პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულებაში და ზოგჯერ გამოყენებული იყო მათი დაშინების, არამართლზომიერი დევნის და ზეწოლის სხვა ფორმები, რაც ხელს უშლიდა ადვოკატებს და აფერხებდა დაცვის უფლებას.

საწინააღმდეგო სურათს ხატავდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგალითად, გიორგი შავლიაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რამდენიმე დღით ადრე გამართულ ფორუმზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და სასამართლო გამჭვირვალობას ეძღვნებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ პროგრესი დიდია და სასამართლო რეფორმა წარმატებით ხორციელდება.

Media

ადვოკატები ევროკავშირის ოფისთან. 2011 წლის 2 აგვისტო

ადვოკატები ევროკავშირის ოფისთან. 2011 წლის 2 აგვისტო

ფოტო: რადიო თავისუფლება