2011 წლის 2 აგვისტოს ადვოკატებმა ევროკავშირის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ევროკავშირს სთხოვდნენ საქართველოში ევროკონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) უზრუნველყოფაზე ვალდებულების აღებას. ადვოკატები ამბობდნენ, ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა კორპუსზე პერმანენტული შეტევა მიმდინარეობდა და არ ეძლეოდათ პროფესიული საქმიანობის საშუალება.
ოცამდე ადვოკატი ევროკავშირის ოფისთან, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე, დღის 12 საათისათვის შეიკრიბა. მათ ხელებზე პლასტმასის ბორკილები ედოთ, თეთრი მაისურები ეცვათ, ზედ კი წითელი ასოებით ინგლისურად აწერიათ: ”Protect Lawyers From the Regime of Saakashvili” (”დაიცავით ადვოკატები სააკაშვილის რეჟიმისაგან”). ისინი ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის, ფილიპ დიმიტროვისთვის.
აქციის გამართვის მიზეზი 28 ივლისს ბათუმში მომხდარი ინციდენტი გახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი რამინ პაპიძე სასამართლოში მანდატურთან კონფლიქტში დაადანაშაულა და 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თავად ადვოკატმა, რომელიც გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევდა, პროტესტის ნიშნად ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.
სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ადვოკატებისათვის ხელის შემშლელ გარემოზე მიუთითებდა თავის ანგარიშში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც. მისი ცნობით, ადვოკატებს ხელი ეშლებოდათ პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულებაში და ზოგჯერ გამოყენებული იყო მათი დაშინების, არამართლზომიერი დევნის და ზეწოლის სხვა ფორმები, რაც ხელს უშლიდა ადვოკატებს და აფერხებდა დაცვის უფლებას.
საწინააღმდეგო სურათს ხატავდნენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგალითად, გიორგი შავლიაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რამდენიმე დღით ადრე გამართულ ფორუმზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და სასამართლო გამჭვირვალობას ეძღვნებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნებოდა, რომ პროგრესი დიდია და სასამართლო რეფორმა წარმატებით ხორციელდება.