EN

დევნილთა გამოსახლება სასტუმრო “აფხაზეთიდან”

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2011 წლის 8-10 აგვისტო

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სასტუმრო აფხაზეთში მცხოვრებ დევნილებს გამოსახლებისთვის ბოლო ვადა 15 აგვისტო მისცეს

ლიდერები/ორგანიზატორი

დევნილები

მთავარი მოთხოვნა

შეჩერდეს გამოსახლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

სლოგანები/ბანერები

SOS, “ნუ გაგვასახლებთ უკანონოდ“

პროტესტის შედეგი

შედეგის გარეშე

2010 წლის 8 აგვისტოს სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებმა დევნილებმა სასტუმროს შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს. ამ  შენობაში, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დაიწვა, 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ცხოვრობდნენ. მათთვის მიუღებელი იყო ის პირობები, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოსახლების სანაცვლოდ შესთავაზა. ამიტომ გამოსახლების გადავადებას ითხოვდნენ. გასახლების შესახებ შეტყობინება მათ  5 აგვისტოს მიიღეს და შენობის დატოვებისთვის  ვადა 15 აგვისტომდე მისცეს.

კვამლით გამურული შენობის აივნებზე ჩანდა წარწერები: „SOS“, “ნუ გაგვასახლებთ უკანონოდ“, “ჩვენც საქართველოს შვილები ვართ” და სხვ. 

სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობაში 267 დევნილი ოჯახი – 700-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. არც ერთ მათგანს ფართი უკანონოდ არ დაუკავებია. თუმცა, შენობა კომპაქტური ჩასახლების ობიექტად იყო მიჩნეული, რადგან იქ მცხოვრებ დევნილებს მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად ვაჟა-ფშაველას #25, სასტუმრო „აფხაზეთი“ ეწერათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა გულუა განმარტავდა, რომ სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობა წლებია, კერძო საკუთრება იყო, ამის შესახებ დევნილებიც ინფორმირებული იყვნენ და მათ, გამოსახლების სანაცვლოდ, სამინისტრო 10 ათასი დოლარის ექვივალენტს სთავაზობდა ლარში ან – რუსთავში მდებარე ბინებს, რომელთა რემონტიც ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. იქამდე კი დევნილებს ქირით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ. 

“აფხაზეთის” მაცხოვრებლები ამ ინფორმაციას მცდარს უწოდებდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ სინამდვილეში არ იყვნენ ინფორმირებული, თუ სად უნდა ეცხოვრათ ქირით ნოემბრამდე, ოჯახზე 10 ათასი დოლარის კომპენსაცია კი, მათი მტკიცებით, მცირე იყო და ამ თანხით ბინის შეძენას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ ასკვნიდნენ, რომ ხელისუფლების შეთავაზების მიღებით მათი საყოფაცხოვრებო პირობები უარესდებოდა.

ათ აგვისტოს დევნილები უკვე იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. 11 აგვისტოს კი სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ. დევნილთა გამოსახლება სასტუმრო “აფხაზეთიდან” არ შეჩერებულა.

საბოლოოდ, 300-მდე დევნილი ოჯახიდან ნაწილმა სასტუმრო დატოვა, დარჩენილი 40 ოჯახი კი შენობა პოლიციის ზეწოლით გამოიყვანეს. 10 ათასი დოლარის შეთავაზებას 142 ოჯახი დასთანხმდა, ნაწილმა კი ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა. დევნილების განცხადებით, თითქმის არც ერთი ოჯახი არ დასთანხმდა სამინისტროს მეორე შეთავაზებას ქალაქ რუსთავში გადასვლისა და იქამდე ქირით გადასვლის შესახებ. 

2023 წელს ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო “აფხაზეთის” ადგილას მრავალფუნქციური კომპლექსი “საკენი” აშენდებოდა.

Media

დევნილი სასტუმრო "აფხაზეთში"

დევნილი სასტუმრო "აფხაზეთში"

ფოტო: რადიო თავისუფლება

გამოსახლების მოლოდინში

გამოსახლების მოლოდინში

ფოტო: რადიო თავისუფლება

სასტუმრო "აფხაზეთი"

სასტუმრო "აფხაზეთი"

ფოტო: რადიო თავისუფლება