2009 წლის 16 ივნისს გორის პოლიციამ რესპუბლიკური პარტიის წევრი ზაალ გუდაძე საბრძოლო მასალის გადატანის, ოპოზიციის მხარდამჭერი თამაზ ტლაშაძე კი ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გუდაძისა და ტლაშაძისთვის წარდგენილი ბრალდება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, გორში პერმანენტული აქციები დაიწყო.
“თავისუფლება ღირსეულ გორელებს თამაზ ტლაშაძესა და ზაალ გუდაძეს”, “ძირს ძალადობა, უსამართლობა, სისხლიანი რეჟიმი!” – ამ ტრანსპარანტებით ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები გორის თეატრის სკვერში მდუმარე აქციას მართავდნენ. 16 ივლისს რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ მისი შეწყვეტისა და სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.