1992 წლის 1 ივნისს სამტრედიის საავადმყოფოში ქირურგიის განყოფილება გაიფიცა. გაზეთ “თავისუფალი საქართველოს” ცნობით, ექიმების გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც “მხედრიონის” ნარკომანი წევრებისგან” თავდასხმები გახშირდა. როგორც პრესიდან ირკვევა, ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს ართმევდნენ ექიმებს, რის გამოც ტკივილგამაყუჩებელი პაციენტებისთვის აღარ რჩებოდა.
მას შემდეგ, რაც 31 მაისს მისულ “სტუმრებს” უარი უთხრეს ნარკოტიკული საშუალებების მიცემაზე, “იარაღის მუქარით აიძულეს თანამშრომლები ეხოხათ იატაკზე და საწოლების ქვეშ. აიძულეს აეკრიფათ იატაკზე დაყრილი ფულები (ფული თვითონ დაყარეს: “აჰათ, თქვე მათხოვრებოო!), ბრიტვით დაუჭრეს ექიმ ხუნდაძეს ხალათი, ქირურგი კაკაბაძე ხელებდალურჯებულია ავტომატების ცემისგან… გამოძახებულმა მილიციამ განაცხადა, ჩვენი მათი დაჭერის უფლება არა გვაქვსო”.
ამის შემდეგ ქირურგები სამი დღით გაიფიცნენ. გაზეთის ცნობით, ანალოგიურ დღეში იყო სხვა საავადმყოფოებიც, ძარცვავდნენ აფთიაქის მანქანებსაც, რომლებსაც მედიკამენტები რეგიონებში ჩაჰქონდა.
თავდასხმების და ექიმების გაფიცვის შესახებ ცნობები ამ პერიოდის პრესაში კიდევ არაერთხელ ჩნდება. მაგალითად, “საქართველოს რესპუბლიკის” ინფორმაციით, 4 ივნისს უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრში შეიარაღებული პირები მიუვარდნენ ექიმებს, სცემეს რამდენიმე მათგანი, ჰაერში ისროლეს კიდეც, თითქოს, იმ მიზეზით, რომ ექიმებმა მათ მეგობარს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტრავმატოლოგიის მედპერსონალმა გაფიცვა გამოაცხადა. სოლიდარობის მიზნით, მათ მეორე სამშობიარო სახლის, ქალაქის მეორე და მესამე საავადმყოფოს თანამშრომლებიც შეუერთდნენ. “ღამე ისე არ გავა, რომ შეიარაღებული ჯგუფები თავს არ დაესხნენ საავადმყოფოს ნარკოტიკების გამოძალვის მიზნით”.
გაფიცულები ითხოვდნენ ექიმთა სოციალური დაცვას, მათი სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს და დამნაშავეთა დასჯას.