2010 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში პოლიციამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში მდებარე მათი კოლექტიური ჩასახლების ცენტრებიდან, ამას მოჰყვა მერიის გააქტიურება გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ. დევნილთა შორის ბევრი სწორედ გარემოვაჭრეობით ირჩენდა თავს, ამიტომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებებს დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციების სერია მოჰყვა. ნაწილი აქციებისა ცალ-ცალკე იმართებოდა, თუმცა პროტესტი არაერთხელ გამოხატეს ერთობლივადაც.
პერმანენტული აქციები 4 აგვისტოდან იწყება. 39 გრადუს სიცხეში თბილისის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ დევნილები და საპროტესტო აქცია გამართეს. ნაწილი აფხაზეთის ომის შემდეგ ისევ ქირით ცხოვრობდა, ნაწილი – კომპაქტურ ჩასახლებაში, ზოგჯერ – თვითნებურად დაკავებულ შენობაში. ყველა ითხოვდა საკუთარ საცხოვრებელ ადგილს. დევნილთა გამოსახლება არ წყდებოდა და აქციებიც გრძელდებოდა.
”სრულიად გაუფრთხილებლად, დილის 6 საათზე, კარებზე დაგვიკაკუნეს და გვითხრეს, ეგრევე, 2 საათში ბინა დატოვეთ და გადითო. სად მივდივართო, რო ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ, არ ვიცით, სადაც გინდათ, იქ წადითო”,- ამბობდა 13 აგვისტოს აფხაზეთიდან დევნილი იზა გვაჯაია.
დევნილებისა და გარემოვაჭრეების პირველი ერთობლივი აქცია ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ 12 აგვისტოს გაიმართა კონსერვატიული პარტიის აქტივისტის, ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით. გარემოვაჭრეები ქუჩის ვაჭრობის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი გადასახადს არ იხდიდნენ და ამიტომ მათი გადასვლა კეთილმოწყობილ ბაზრებში ხარჯების ზრდას ნიშნავდა. მოვაჭრეები სკეპტიკურად უყურებდნენ მერიის შეთავაზებას, რომ წლის ბოლომდე ბაზრებში არსებულ გადასახადებს მათ მაგივრად დედაქალაქის ბიუჯეტი გადაიხდიდა. თბილისში გარე ვაჭრობა რამდენიმე წლით ადრე აიკრძალა – თავდაპირველად ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, თუმცა, მოგვიანებით, ეს მიდგომა შეიცვალა და გარე მოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელების უფლება მიეცათ. 2010 წლის ზაფხულში კი კანონის აღსრულება გამკაცრდა.
პროტესტი 19 აგვისტოსაც გაგრძელდა. მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით წავიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ხალხის პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე და მოძრაობა „არას” წარმომადგენელი ლევან ჩიტიძე დააკავა. არცერთ ნაციონალურ ტელეკომპანიას დღის გამოშვებებში არ გაუშუქებია რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირება. შალამბერიძე და ჩიტიძე 400-400 ლარით დააჯარიმეს.
აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ, შვიდმა დევნილმა დაიწყო შიმშილობა; ოთხმა დევნილმა კი პირი ამოიკერა. მოშიმშილეები ხელისუფლებისგან თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვდნენ. მოშიმშილეთა განცხადებით, მათთვის სამინისტროს არანაირი ფულადი კომპენსაცია ან ალტერნატიული ფართი არ შეუთავაზებია. მეტიც, საერთოდ არავინ დაკავშირებია.
სამინისტრომ 31 აგვისტოს კვლავ განაცხადა, რომ იმ დევნილებისათვის, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში იძულებით გამოასახლეს თბილისში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან, დაუკანონდებოდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები სასოფლო დასახლებებში და ხელისუფლება მუდმივ დახმარებას გაუწევდა მათ. დევნილებს სოფლებში დასახლება არ სურდათ დასაქმების ნაკლები პერსპექტივის გამო.
25 ოქტომბერს აქციის მონაწილეებმა დევნილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის გადადგომაც მოითხოვეს. მათ საპასუხოდ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, ვალერი კოპალეიშვილმა კიდევ ერთხელ მიუთითა სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის რეგიონებში გადაცემას და დაკანონებას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ირწმუნებოდნენ, რომ სამინისტროსგან რეგიონებში შეთავაზებულ შენობებში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ აღმოჩნდა.
სამინისტრო დევნილების განსახლებას აბაშის, ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და გურჯაანის სოფლებში სთავაზობდა. საუბარი იყო 12 კოლექტიურ ობიექტზე, სადაც დევნილებს ბინები საკუთრებაში გადაეცემოდათ. 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილე დევნილებს ამის შესახებ წერილობითი განმარტება სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად გადასცეს და გადაწყვეტილების მისაღებად 5 დღე მისცეს.
აქციებს ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა – პროტესტის ნიშნად 27 ოქტომბერს 46 წლის ქალმა სამინისტროს წინ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი მოიკიდა. დამწვრობების შედეგად ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია ასეთი იყო: “უკიდურესი ზომებით შედეგი ვერ მიიღწევა. დევნილების დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხდება, რაც მოლოდინის რეჟიმში ყოფნას გულისხმობს”.
17 დეკემბერს გამართულ აქციაზე 300-მდე დევნილი პარლამენტთან მივიდა მკერდზე მიმაგრებული წარწერით “მე დევნილი ვარ I am refugee”. დევნილთა აქციების შედეგად მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ხელისუფლებამ მათი გამოსახლების პროცესი 15 იანვრამდე გადადო, თუმცა ეს მათთვის შეღავათი არ აღმოჩნდა. ზამთარში აბარგება და საცხოვრებლის დატოვება და, მათი თქმით, გაურკვეველი მიმართულებით წასვლა, დევნილთათვის მიუღებელი იყო.
ამიტომ რუსთაველის გამზირზე 21 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ისინი, ვინც თავს ნათესავებთან აფარებდა, ან სხვადასხვა დაწესებულებაში მოწყობილ კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდა და ხელისუფლების მიერ გადაწეული ვადით, იქ დარჩენის უფლება 15 იანვრამდე ჰქონდა. მათი მოთხოვნა უცვლელი იყო – შეწყდეს გამოსახლება იმ ობიექტებიდან, სადაც დევნილები თავის დროზე ხელისუფლებამ შეასახლა.
15 იანვრამდე ხუთი დღით ადრე პოლიტიკურმა პარტიამ, ”ქართულმა დასმა” გამოსახლების პროცესის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა. “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, მონიტორინგმა დევნილთა ორი მთავარი პრობლემა გამოკვეთა: არასწორად გაცემული კომპენსაციები და დევნილის სტატუსი, რომლის მინიჭებაც ხელისუფლებამ ომის შემდეგ უსაშველოდ გაწელა.
გამოსახლების ხელშესაშლელად და საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად 12 იანვარს პარლამენტთან დევნილებმა ისევ გამართეს აქცია. 15 იანვარსაც ისინი პარლამენტის წინ იდგნენ უცვლელი მოთხოვნებით. დევნილთა ბოლო აქცია მედიაში 26 იანვარს იძებნება. ისინი გამოსახლების შეჩერებას ითხოვდნენ.