”მოგვეცით დევნილ პედაგოგებს სიცოცხლისა და პროფესიული განვითარების საშუალება”; ”დევნილი პედაგოგები ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, – ეს იმ გზავნილების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის რკინის გალავანთან შეკრებილმა დევნილმა პედაგოგებმა 2009 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტს მიმართეს.
აქციის მონაწილეები სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მათ სურდათ, რომ ხელისუფლებას გაეგრძელებინა კომპენსაციის გადახდა, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში იღებდნენ, მაგრამ იანვრიდან, როგორც მათ ცოტა ხნის წინ განუცხადეს, აღარ მიიღებდნენ.
ერთი კვირით ადრე დევნილმა პედაგოგებმა თბილისში გამართულ ფორუმზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც დღეს დევნილი პედაგოგების წინაშე მდგარი ყველა პრობლემა აისახა. პრობლემათა არასრული ჩამონათვალი კი ასე ჟღერს: შეწყდეს დევნილების ”ძველ” და”ახალ” კატეგორიებად დაყოფა; პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სახელმწიფომ გამოყოს თანხა; მიღებულ იქნეს ნორმატიული აქტი, რომელიც დააკანონებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დევნილი პედაგოგების სამსახურში დასაქმების უპირატესობას შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გაგრძელდეს დევნილი პედაგოგებისათვის კომპენსაციის გაცემა. რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული პრობლემებია ასახული, საქართველოს პრეზიდენტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაეგზავნა, თუმცა არავინ გამოხმაურებია.
ვინაიდან მათი მოთხოვნები უყურადღებოდ დარჩა, პედაგოგები 2010 წლის 3 თებერვალსაც გამართეს აქცია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეკრებილი დევნილი პედაგოგები მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამინისტროდან მათ არავინ გამოხმაურებია. როგორც ისინი აცხადებენ, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება თავიანთი გასაჭირით ვერ დააინტერესეს.
ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიუჯეტის პროექტის ფორმირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს განხილვების შედეგად მოხდა: ”მთავრობამ არ ჩათვალა ეს საკითხი პრიორიტეტად და იმიტომ არ იქნება ის 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული”, – თქვა მან.