EN

ბირჟა მაფიის საქმე

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2017 წლის 9 -11 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ნარკოპოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

პოლიციელის გასაშარჟებლად გაკეთებული კლიპის შემდეგ ორი რეპერის დაკავება

ორგანიზატორი

აუდიტორია 115, თეთრი ხმაურის მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

გათავისუფლდნენ დაკავებულები, შეწყდეს ნარკოტიკების ჩადება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„შსს დასაბმელია“, „ბოლოს მაინც ჩვენ ჩაგიდებთ“, „ხმაურის დროა“, “ხალხთან ომის დასრულდეს!”

შეძახილები

თავისუფლება მიშკას და გიორგის

პროტესტის შედეგი

დაკავებული რეპერები გაათავისუფლეს

მნიშვნელოვანი რესურსები

დაცენზურებული ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=f43OZYftbns

ბერა ივანიშვილის პოსტი
https://www.facebook.com/beraofficial/posts/1373282639416503?ref=embed_post

კახა კალაძის მიმართვა
https://www.facebook.com/kala.kaladze/videos/10207624305604712

ბირჟა მაფიის მხარდასაჭერი აქცია კონცერტი – ნეტგაზეთი
https://netgazeti.ge/news/200341/

აქციის ვიდეო კადრები – რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტაჟი – On.ge
https://go.on.ge/dh4″

2017 წლის 7 ივნისს პოლიციამ ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს (ბირჟა მაფია) წევრები, Young Mic და Kay-G დააკავა. 9 ივნისს შსს-ს პრესსამსახურმა მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და იუწყებოდა, რომ მიშკა მგალობლიშვილის (Young Mic / იანგ მაიკი) პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA. ამავე განცხადებაში საუბარი იყო კიდევ „ერთ პირზე“ (იგულისხმებოდა გიორგი ქებურია – Kay-G), რომლის „პირადი ჩხრეკის დროს“ ამოიღეს 2,3342 გრამი MDMA. გამოძიება დაიწყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის კვალიფიკაციით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

მიშკა მგალობლიშვილის ცოლი, ერიკა კოპელენდი ამ დაკავებას უკავშირებდა “ბირჟა მაფიის” კლიპს, რომელშიც პოლიცია გაშარჟებული იყო. ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობდნენ, რომ „ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი  ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფნის დროს არავინ დასჯილა გამოხატვის გამო.

9 ივნისს სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა (ე.წ. წინასწარი პატიმრობა). სხდომაზე გიორგი ქებურიამ პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ნარკოტიკების ჩადება ახალ კლიპს დაუკავშირა: „[მითხრეს] რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, კიდევ თუ იმღერებო“.

იმავე საღამოს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა. მომდევნო დღეს ბირჟა მაფიის საქმე გააპროტესტა „თეთრი ხმაური მოძრაობამაც“. 

10 ივნისს უკვე ცნობილი გახდა, რომ ვიდეოკლიპში სპეციალური ეფექტით დაფარეს ის ნაწილი, რომელშიც პოლიციელი ძაღლს განასახიერებდა, თავად ამ როლის შემსრულებელმა გიორგი გაგუამ თქვა, რომ არ უნდოდა ამ კლიპის ნაწილი ყოფილი და იმ ფრაგმენტის ამოჭრა ითხოვა, რადგან „არ ვიცოდი კლიპის შინაარსი, გავიგე მას შემდეგ, რაც ეს საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი“.

10 ივნისს საღამოს ბირჟა მაფიის საქმე უფრო მეტი ადამიანის პროტესტის საფუძველი გახდა. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. “ხალხთან ომი უნდა დასრულდეს” – მოუძღოდა დიდი ბანერი მსვლელობის მონაწილეებს. გამზირი გადაიკეტა. იმ დღეს ქუჩაში განათებები გვიან ჩაირთო, რაც კი თბილისის მერიის კომპანიის ხელმძღვანელმა „გარე განათების პროგრამულად ჩართვით” ახსნა. მან თქვა, რომ ცუდი ამინდის გამო, ჩამრთველები ხელით ჩართეს.

იმ საღამოს, როცა რუსთაველზე აქცია იმართებოდა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკში“ დაწერა – „თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება“. მომდევნო დილას, ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ „[ნებისმიერი ჩვენგანისთვის მიუღებელია] როცა ძალოვანი უწყების თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს“. 

რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ნარკოტიკების შესაძლო ჩადების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყებამ შეცვალა მიდგომაც და თქვა, რომ „ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან“ და ამის გამო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აღარ მოითხოვა.

რამდენიმე საათში ორივე დაკავებულმა საპატიმრო დატოვა გირაოს სანაცვლოდ. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა: „ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც, ჩემი გადასახედიდან, ჰქონდათ და აქვთ სწორი პოზიცია“. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამორიცხა, რომ ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკა სისტემურია. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიშკა მგალობლიშვილი (იანგ მაიკი), რომელიც პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა, ღიად მიემხრო ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. „დღეს წყდება საკითხი, დაბრუნდება თუ არა ის დრო, როცა დაინერგა ჩადებები, როცა განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ“, – წერდა ის სოციალურ ქსელში. მისგან განსხვავებით, მეორე არტისტი გიორგი ქებურია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) დახმარებით, პროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

2022 წლის 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 9 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დაეკისრა.

Media

დაცენზურებული კადრი ვიდეო კლიპიდან

დაცენზურებული კადრი ვიდეო კლიპიდან

ფოტო ვიდეოდან

აქცია მსვლელობა ბირჟა მაფიის საქმეზე

აქცია მსვლელობა ბირჟა მაფიის საქმეზე

10.06.2017, ფოტო: ნეტგაზეთი

ბანერი აქციაზე

ბანერი აქციაზე

10.06.2017, ფოტო:  On.ge

დემონსტრანტი ბანერით

დემონსტრანტი ბანერით

10.06.2017, ფოტო:  On.ge