EN

აფგან მუხთარლის საქმე

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2017 წლის 31 -29 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქართველოდან გატაცება

ორგანიზატორი

ლეილა მუსტფაევა, ჟურნალისტები

მთავარი მოთხოვნა

ჟურნალისტის გაუჩინარების გამოძიება

პროტესტის ადრესატი

მთავრობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

Free Afgan, „დააბრუნეთ აფგან მუხთარლი!“ „სოლიდარობა აფგან მუხთარლის!“ „თავისუფლება აფგან მუხთარლის!“ `რამდენი ტონა საწვავი ღირს თავისუფლება?“

ვიზუალური ელემენტები

თავზე ჩამოცმული ტომრები და პარკები

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

მნიშვნელოვანი რესურსები

“რადიო თავისუფლება- შავი ცელოფნებით თავზე – ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი პარლამენტში
https://www.radiotavisupleba.ge/a/shavi-celofnebi-tavze-jurnalistebis-aqcia/28531160.html”

2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. ცოლი, ლეილა მუსტაფაევა თავიდანვე ეჭვობდა, რომ მისი ქმრის გაუჩინარებაში აზერბაიჯანის ხელისუფლება ფიგურირებდა. მეორე დღეს კი მართლაც გაირკვა, რომ დაკარგული ჟურნალისტი ბაქოში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მუხთარლისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები.

მუხთარლი 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით ცნობილ ჟურნალისტს სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.

ადვოკატი ჟურნალისტთან შეხვედრის შემდეგ ამბობდა, რომ მუხთარლის თბილისში თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და 10 ათასი ევრო ჩაუდეს. მისი მონაყოლის მიხედვით, ტომარა აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მოხსნეს. შემდეგ კი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდება წაუყენა.

აფგან მუხთარლის საქმე არამარტო თბილისში მყოფი აზერბაიჯანელების, არამედ ქართველი ჟურნალისტებისთვისაც შემაშფოთებელი იყო, ისინი კოლეგის მხარდასაჭერად 31 მაისს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. .ჟურნალისტის გატაცების განსასახიერებლად მათ ნაწილს თავზე პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. აქცია გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთანაც.

ჟურნალისტების პროტესტი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. 6 ივნისს კი, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, როცა თავმჯდომარემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრე ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად შავი ცელოფნები დაიფარეს თავზე და გაშალეს ფურცლები საპროტესტო წარწერებით „არ შეგრჩებათ“.

კვლავაც აქტიურობდა გატაცებული ჟურნალისტის ცოლიც – ცდილობდა საკუთარი ხმა მიეწვდინა ყველასთვის – შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც. ევროპარლამენტმა 15 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად დაგმეს მუხთარლის სამართლებრივი დევნა და მოითხოვეს მისი გათავისუფლება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისთვის გაგზავნილ წერილში ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს 50-მდე ევროპარლამენტარმაც. 

აფგან მუხთარლის ცოლმა საქართველო 2017 წლის ოქტომბერში დატოვა. მისი თქმით, ქმრის გატაცების შემდეგ მას და მის შვილს უთვალთვალებდნენ.

2018 წლის იანვარში აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. თუმცა, 2020 წლის მარტში მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც მისი ცოლი და შვილი ცხოვრობდნენ. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

მუხთარლი საქართველოში ჩვენების მისაცემად 2021 წლის 7 აპრილს დაბრუნდა. აფგან მუხთარლი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას 2020 წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს. აფგან მუხთარლის საქმე გამოძიებული ისევ არ იყო, არ არსებობდა პასუხი კითხვაზე – ვინ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?

2024 წლის სექტემბერს საქმეზე „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ორივე ქვეყანასთან მიმართებით დარღვევა დაადგინა. სასამართლომ თქვა, რომ  საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, ვინაიდან ვერ აწარმოვა მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის ეფექტიანი გამოძიება.

Media

აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი ბანერი

აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი ბანერი

ფოტო: ფორმულა

ჟურნალისტების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

ჟურნალისტების აქცია მთავრობის კანცელარიასთან

31.05.2017 ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტები თავზე ტომრებით პარლამენტში საკომიტეტო განხილვისას

ჟურნალისტები თავზე ტომრებით პარლამენტში საკომიტეტო განხილვისას

6 ივნისი 2017 წელი. ფოტო: სტუდია მონიტორი

ჟურნალისტების აქცია მოდულის შენობასთან

ჟურნალისტების აქცია მოდულის შენობასთან

01.06.2017 ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია