EN

ავტონომია უნივერსიტეტს

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2016 წლის 16 აპრილი – 2018 წლის 8 თებერვალი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი, ადგილის დაკავება, ციფრული აქტივიზმი

პროტესტის მიზეზი

სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ტრენინგში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის მიღება და კანცლერობის კანდიდატად თვითმმართველობის წევრის დაყენება

ლიდერები, ორგანიზატორი

აუდიტორია 115

მთავარი მოთხოვნა

1) ფაკულტეტის საბჭოსა და სენატში სტუდენტი წევრების არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
2) რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ უნდა ჰქონდეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
3) თვითმმართველობის არსებული მოდელი უნდა გაუქმდეს
4) შეიქმნას პლატფორმა, განათლების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის პირველი სამუშაო თემა იქნება გარე რეფერირება და მისი დანერგვის მექანიზმები.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“მოვითხოვთ განათლების რეფორმას”, “ძირს მოძალადე თვითმმართველობა”, No Pasaran, “არა პოლიციურ სახელმწიფოს”

პროტესტის შედეგი

სტუდენტებთან მივიდა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დაპირდა მოთხოვნების შესრულებას.

მნიშვნელოვანი რესურსები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია 16 აპრილს დილიდან უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის დაკავებით დაიწყო. შენობის კარი სტუდენტებმა შიგნიდან აჭედეს და მერხებით ჩახერგეს, რასაც დაცვამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პარალელურად, შენობის გარეთ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა:

“ავტონომია უნივერსიტეტს! ავტონომია უნივერსიტეტს! პრიორიტეტი მეცნიერებას! პრიორიტეტი მეცნიერებას!” – მოითხოვდნენ სტუდენტები.

“აუდიტორია 115-ის” მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა სისტემის სრული გარდაქმნა და განათლების ძირეული რეფორმის განხორციელება იყო. სტუდენტები აცხადებდნენ, რომ განათლების სამინისტრომ, დაპირების მიუხედავად, სტუდენტების მთავარი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანასწორი და თავისუფალი გარემოს შექმნის ნება ვერ გამოავლინა. შესაბამისად, “აუდიტორია 115-ის” წევრები სამინისტროს უნდობლობას უცხადებდნენ და საქმეში პრემიერ-მინისტრის ჩარევას ითხოვდნენ. ამ პრინციპების განხილვისა და შეჯერების მიზნით, ბოლო შეხვედრა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან 13 აპრილს გაიმართა. 

“მოგვატყუეს, როდესაც მინისტრი და მინისტრის მოადგილე დაგვპირდნენ, რომ კანონში „განათლების შესახებ“ შევიდოდა ცვლილებები ჩვენი პრინციპების მიხედვით. მათ ეგონათ, რომ მუხტი გაქრებოდა.  შემოგვთავაზეს ისეთი მოდელები, რომლებიც უარესია. ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. ჩვენს ამ ბრძოლას უერთდებიან თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები“.

პრინციპები, რომლებზეც სტუდენტი ნოდარ ეცადაშვილი საუბრობდა და რომლებიც „აუდიტორია 115“-ის სახელით წარედგინა განათლების სამინისტროს, ასე იყო ჩამოყალიბებული: 

  • განათლების სისტემის სრული რეფორმირება. მეცნიერების პრიორიტეტად გადაქცევა, რაც, ძირითადად, გარე რეფერირებას გულისხმობს. 
  • სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმება და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემა საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისთვის.
  • რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავება. 
  • ოდეერების მიერ უნივერსიტეტის დაუყოვნებლივ დატოვება.

სტუდენტების საპროტესტო აქციამ უნივერსიტეტიდან მსვლელობით სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლა და მოგვიანებით კვლავ უნივერსიტეტში გაგრძელდა.

პრემიერ მინისტრის დაპირება

17 აპრილს სტუდენტებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა და პროტესტის შეწყვეტა სთხოვა. შეხვედრიდან რამდენიმე საათში სტუდენტებმა პროტესტი შეწყვიტეს, 18 აპრილს მეექვსე კორპუსის პიკეტიც მოიხსნა, ვინაიდან მიიღეს დაპირება, რომ გაუქმდებოდა სტუდენტური თვითმმართველობა, შეიცვლებოდა რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი და უნივერსიტეტს დატოვებდა ე.წ. ოდეერი, განათლების პოლიტიკის ძირეულად შესაცვლელად კი შეიქმნებოდა „აუდიტორია 115-ის” და სახელმწიფოს წარმომადგენელთა კომისია.

25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის წერილის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, 2016 წლის მარტში თავისი თანამშრომლების სტუმრობის ფაქტი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ოჯახში. აუდიტორია 115-ის წევრები მიიჩნევდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობდა, დაეშინებინა მოძრაობაში ჩართული სტუდენტების ოჯახის წევრები, სტუდენტები  აცხადებდნენ, რომ „აუდიტორია 115-ის” აქტივისტების ოჯახების წევრებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გამუდმებით აშინებდნენ და სამსახურიდან გათავისუფლებით, რიგ შემთხვევაში კი დაპატიმრებითაც ემუქრებოდნენ. .”არა პოლიციურ რეჟიმს”, – ამჯერად ამ შეძახილებით მოაწყვეს მსვლელობა სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურამდე.

დაპირების მიუხედავად, სტუდენტებმა ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოსგან ვერ დაინახეს. ამას დაემატა ისიც, რომ 2016 წლის 24 მაისს “აუდიტორია 115-ის” ერთ-ერთ წევრს ცოტნე ცხვედიანს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში თვითმმართველობის წევრები თავს დაესხნენ. სტუდენტური მოძრაობის წევრებმა სახელმწიფოს ულტიმატუმი წაუყენეს და მეორე დღის 15 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად დაიკავებდნენ თვითმმართველობის ოთახებს. 

25 მაისს ორი ოთახი აუდიტორია 115-ის წევრებმა მართლაც დაიკავეს. მათ გვიან ღამით, ოთახიდან ინვენტარი გამოიტანეს და სასწავლო მაგიდები შეიტანეს. თვითმმართველობის ოთახებში საჯარო ლექციების ორგანიზება დაიწყეს. “ავტონომია უნივერსიტეტს” ჩანდა ბანერი ლექციების დროს. 

3 ივნისს განათლების მინისტრი შეიცვალა – ამ თანამდებობაზე თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაანაცვლა. აუდიტორია 115-მა მეორე დღესვე მოიწვია ახალი მინისტრი თსუ-ში.

7 ივნისს ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ს შეხვდა. სტუდენტებმა საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. მათი დიდი ნაწილის შესრულებაზე პირობა წინა მინისტრისგან მიღებული ჰქონდათ. 

ახალი მინისტრის დაპირება

9 ივნისს მეორეჯერ შეხვდნენ განათლების ახალ მინისტრს. სტუდენტები 4 მოთხოვნას აყენებდნენ:

  1. ფაკულტეტის საბჭოსა და სენატში სტუდენტი წევრების არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
  2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ უნდა ჰქონდეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
  3. თვითმმართველობის არსებული მოდელი უნდა გაუქმდეს; უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას, გარკვეული დათქმებით უნდა გადასულიყო გარდამავალ დებულებაში, რომელზეც უახლოეს დღეებში შეთანხმდებოდნენ.
  4. შეიქმნას პლატფორმა, განათლების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის პირველი სამუშაო თემა იქნება გარე რეფერირება და მისი დანერგვის მექანიზმები.

მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაჰპირდათ, რომ ამ მოთხოვნებს მთავრობის სხდომაზე გაიტანდა განსახილველად.

სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ თვითმმართველობის წევრები საკუთარ ოთახებს დაუბრუნდნენ.  “აუდიტორია 115” კი აგრძელებდა განათლების სამინისტროსთან მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების მისაღწევად.

26 ივლისს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა “აუდიტორია 115”-ის წინადადება “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და დააკმაყოფილა. სტუდენტებს 30 000 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტს მათი კანონპროექტი განეხილა.

23 სექტემბერს თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად გია შარვაშიძე აირჩია. პირველივე შეხვედრაზე “აუდიტორია 115-ის” წევრებმა მას სთხოვეს აკადემიური რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა მისცემოდათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც სწავლის საფასური გადასახდელი ჰქონდათ. სტუდენტების ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

უნივერსიტეტის საკითხებზე მუშაობასთან ერთად “აუდიტორია 115” სხვადასხვა პროტესტებშიც ჩნდებოდა, განსაკუთრებით ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური პრობლემები და შრომითი საკითხები.

23 ნოემბერს გაჩნდა სტენსილები “ყველა სტუდენტი თანასწორია”, რომლებიც მალე გადაღებეს. აუდიტორია 115-ის გვერდი ფეისბუქში აქვეყნებდა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მყოფი ქართველი სტუდენტების ფოტოებს, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბანერი იმავე წარწერით – “ყველა სტუდენტი თანასწორია”.

“მოვითხოვთ განათლების რეფორმას!”

24 ნოემბერს სტუდენტებმა დაწერეს, რომ “აუდიტორია 115-სა” და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა,  მთავრობამ არ შეასრულა მათი არცერთი მოთხოვნა. ამიტომ ისევ დაიკავეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი და გადმოფინეს ბანერი წარწერით “მოვითხოვთ განათლების რეფორმას!”

მეორე დღეს “აუდიტორია 115-მა” თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა სცადა საარჩევნო უბნებზე პიკეტირების გზით. უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის თანახმად, 14 საათისთვის, ანუ იმ დროისთვის, როდესაც „აუდიტორია 115-მა” საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყო, არჩევნებში მონაწილეობა 2 000 სტუდენტზე მეტს ჰქონდა მიღებული, რაც სავსებით საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ თვითმმართველობა არჩეულად ჩაეთვალათ. საარჩევნო უბნების პიკეტი უშედეგო გამოდგა.

4 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა აქცია კონცერტი – “ყველა სტუდენტი თანასწორია”. მონაწილეობდნენ ბაჩო ჯიქიძე, რობი კუხიანიძე, ერეკლე დეისაძე, თერიკა  და ნუკრი მენთეშაშვილი. პიკეტირებულ მეექვსე კორპუსში კი საჯარო ლექციებს აგრძელებდნენ, სტუდენტებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

15 დეკემბერს აუდიტორია 115-მა დაწერა, რომ დაასრულეს მუშაობა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ კითხვარზე და მომზადებული დოკუმენტი კომიტეტს გადაუგზავნეს.

“აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში არ გვხდება შემთხვევა, როდესაც უმაღლესი კანონმდებლობით რეგულირდება რომელიმე სტუდენტური ორგანიზაციის თუ ჯგუფის არსებობა. საქართველოში, სტუდენტური თვითმმართველობის არსებობის კანონმდებლობით განსაზღვრა დაკავშირებულია “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდთან და თუ რატომ ჩათვალა საჭიროდ მაშინდელმა მმართველმა ელიტამ აღნიშნული მუხლის კანონში შეტანა, ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია”, – წერდნენ სტუდენტები .

26 დეკემბერს “აუდიტორია 115-ის” მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა. უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა. პირობას დებდნენ, რომ გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნებოდა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიდოდნენ. საბჭო შეიმუშავებდა იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც გაიცემოდა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად.

2017 წლის იანვარ-თებერვალში აუდიტორია, ძირითადად, აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ მუშებს უჭერდა  მხარს, მართავდა აქციებს “თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა! ვის მხარეს ხარ შენ?” და მონაწილეობდა სხვა სოციალურ პროტესტებში. 

2017 წლის 16 თებერვლიდან მეექვსე კორპუსის შენობაზე გადმოკიდებული ბანერის შინაარსი შეიცვალა, ამჯერად ეწერა – “ვის მხარეს ხარ შენ?” ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოს კომენტარებში კითხვაზე, რა კავშირი ჰქონდა ამ წარწერას მეექვსე კორპუსთან, “აუდიტორია 115-ის” წევრმა გიორგი არობელიძემ უპასუხა – “ამ კორპუსში მყოფი სტუდენტები ვსვამთ კითხვას, თუ ვის მხარეს ხარ შენ, ბანკების და კორპორაციების, თუ – დასაქმებულების”.

შეუსრულებელი დაპირება

2017 წლის 7  მარტს  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი დაარეგისტრირა. ამიტომ სამთვიანი პიკეტირების შემდეგ აუდიტორია 115-ის წევრებმა მეექვსე კორპუსი დატოვეს. 

21 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. 

14 ივნისს “აუდიტორია 115-ის” წევრებმა თქვეს, რომ ფრიდრიხ ებერტის ფონდში გამართულ ახალგაზრდული ჯგუფების დახურულ შეხვედრაზე, პარლამენტარმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სტუდენტებს უთხრა, რომ ცვლილებები განათლების კანონში, პარლამენტში შემოდგომამდე არ განიხილებოდა; და რომ ამ ცვლილებების ბედი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდნენ სტუდენტები. სტუდენტებმა ეს განცხადება მათ დასჯად აღიქვეს. ეჭვი ჰქონდათ, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა სტუდენტებმა ჩაშალეს. მათ მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. “4 მეშახტე” – სკანდირებდნენ ისინი. რამდენიმე დღით ადრე  ტყიბულის შახტში 4 ადამიანი გარდაიცვალა. სწორედ ამას ეხმიანებოდა მათი შეძახილები.

13 ნოემბერს განათლების მინისტრი ისევ შეიცვალა. ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც მანამდე თსუ-ს პრორექტორი იყო.

2018 წლის 8 თებერვალს “აუდიტორია 115-ის” წევრები უნივერსიტეტის ასი წლის საიუბილეო ღონისძიებაზე არ შეუშვეს. მათ მანიფესტის წაკითხვა და  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურდათ დაპირების შესრულების მოსათხოვად. მაგრამ როგორც შემდეგ ფეისბუქზე დაწერეს: სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა “აუდიტორია 115-ის” 4 წევრი  ერთ-ერთ აუდიტორიაში გამოკეტეს.  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან სალაპარაკოდ მხოლოდ ორი წუთით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ფოიეში შეჩერდა. პრემიერ-მინისტრმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვა. ჟურნალისტებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის კარი გარედან ჩაუკეტეს და ის მხოლოდ პრემიერის წასვლის შემდეგ გააღეს.

საბოლოოდ, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს არ მიუღია. “აუდიტორია 115-მა” გაგრძელა სოციალურ პროტესტებში მონაწილეობა, ხოლო 2019 წლის ზაფხულიდან ეს აქტივობაც შეწყვიტა.

Media

ავტონომია უნივერსიტეტს! - ბანერი მეექვსე კორპუსზე

ავტონომია უნივერსიტეტს! - ბანერი მეექვსე კორპუსზე

2016 წლის აპრილი. ფოტო: ნეტგაზეთი

ბანერი თსუს პირველ კორპუსზე

ბანერი თსუს პირველ კორპუსზე

16.04.2016 ფოტო: ლიბცენტრი

აუდიტორია 115-ის აქცია თსუ-სთან

აუდიტორია 115-ის აქცია თსუ-სთან

16.04.2016 ფოტო: ლიბცენტრი

ჩაკეტილი მეექვსე კორპუსი, 2016 წელი

ჩაკეტილი მეექვსე კორპუსი, 2016 წელი

ფოტო: ლიბერალი

სტუდენტების მსვლელობა - არა პოლიციურ რეჟიმს

სტუდენტების მსვლელობა - არა პოლიციურ რეჟიმს

25.04.2016 ფოტო: ლიბცენტრი

ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

25.04.2016 ფოტო: ლიბცენტრი

აუდიტორია 115-ის წევრი ნათია ქოჩლაძე კანცელარიასთან

აუდიტორია 115-ის წევრი ნათია ქოჩლაძე კანცელარიასთან

25.04.2016 ფოტო: ლიბცენტრი

აუდიტორია 115-ის აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ

აუდიტორია 115-ის აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ

25.05.2016 ფოტო: ლიბცენტრი

აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ

აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ

25.05.2016 ფოტო: ლიბცენტრი

აუდიტორია 115-ის მორიგი აქცია

აუდიტორია 115-ის მორიგი აქცია

26.09.2016 ფოტო: ლიბცენტრი