1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს, რასაც უდიდესი სიხარულით შეხვდა აჭარის მოსახლეობაც. სულ მალე აჭარაში ქედის, შუახევისა და ხულოს პრეფექტურებთან არსებულმა საკრებულოებმა ქ. ბათუმის მაშინდელი პრეფექტის ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივა გაიზიარეს და აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით თბილისში საქართველოს უზენაეს საბჭოს წარუდგინეს ამ რაიონთა საკრებულოების გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით.
ისტორიკოს უჩა ოქროპირიძის ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა უმაღლესმა საბჭომ, რომლის ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასლან აბაშიძე ასრულებდა, ჩამოყალიბებული ნომენკლატურული სუბორდინაციის უხეშ დარღვევად მიიჩნია საბჭოს გვერდის ავლით თბილისში ამგვარი დოკუმენტის წარდგენა, ამიტომ შეეცადა გამსახურდია ამ ინიციატივის სიმცდარესა და “ტარიელ ფუტკარაძის ავანტიურიზმში დაერწმუნებინა”. ამავე ცნობით ირკვევა, რომ მოსახლეობასაც ისე მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს აჭარის თავისუფლებას ემუქრებოდა საფრთხე, ანდა იქ მცხოვრები მუსლიმების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას აპირებდნენ. დაიგეგმა აქცია, რომლის წინააღმდეგ წავიდა “მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის სპიკერი ნოდარ იმნაძე იყო. ის რამდენიმე კვირით ადრე, 14 მარტს, უზენაეს საბჭოს წევრად აირჩიეს და აბაშიძის მოადგილედ დაინიშნა.
“მრგვალმა მაგიდამ” მოსახლეობას მიმართა, რომ გამოეჩინათ კეთილგონიერება და არ წამოგებოდნენ პროვოკაციას. აქცია არ გაუქმდა. 1991 წლის 22 აპრილს ხალხი მიტინგზე გამოვიდა. ეჭირათ პლაკატები “გაუმარჯოს აჭარის ავტონომიას!” “ნდობა და მხარდაჭერა ასლან აბაშიძეს!” “შეწყდეს აჭარის საშუალო სკოლებში ქრისტიანული სწავლება”.
გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, მიტინგზე გამოსვლა “მოუხდა” ასლან აბაშიძეს, რომელმაც თქვა, რომ “არავინ არ აპირებს აჭარის ავტონომიის გაუქმებას”. მომიტინგეები ითხოვდნენ მათთვის სასურველი კანდიდატების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნას მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში, 28 აპრილს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები უკვე იყო ჩანიშნული. მომიტინგეები ჯერ აჭარის უზენაესი საბჭოს შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
ხალხი 23 აპრილსაც შეიკრიბა. შესასვლელთან დაკიდეს ტრანსპარანტი “გაუმარჯოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში!”. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ასლან აბაშიძემ, საქართველოს რესპუბლიკური მთავრობის პირველმა მოადგილე მურმან ომანიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა დილარ ხაბულიანმა და სხვებმა. ისინი ხალხს დაჰპირდნენ, რომ განიხილავდნენ ყველა იმ საკითხს, რაც შეკრებილებს აწუხებთ. აქცია შეწყდა. ამ აქციების შემდეგ აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების თარიღი შეიცვალა და 28 აპრილის ნაცვლად 23 ივნისს ჩაინიშნა.
ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე თავის ნაშრომში 22-23 აპრილის მოვლენებს “სახელისუფლებო გადატრიალების მცდელობას” უწოდებს. ის ირწმუნება, რომ ასლან აბაშიძე ნოდარ იმნაძის პროტეჟე და საყრდენი იყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი მართვა ადვილი არ იყო. 22-23 აპრილის ამბები კი აბაშიძემ ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენა. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა ისე, რომ იმნაძემ აბაშიძე “სადამ ხუსეინად” მოიხსენია. ნოდარ იმნაძის შვილი, ნატო იმნაძე ამტკიცებს, რომ 22-23 აპრილის მოვლენები აჭარაში ასლან აბაშიძის მიერ იყო მოწყობილი. მისი თქმით, 23 აპრილს ნოდარ იმნაძეს ეროვნულ გვარდიასთან ერთად უზენაესი საბჭოს შენობა რომ არ დაეტოვებინა, “სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა”.
როგორც ნატო იმნაძე ჰყვება, 1991 წლის 30 აპრილს მამასთან ერთად მიდიოდა ქუთაისისკენ, სადაც წინა დღეს საჩხერეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დახმარების შტაბი იყო განთავსებული. მოულოდნელად ნოდარ იმნაძემ გზიდან გადაუხვია და აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში შვილთან ერთად შევიდა. ავიდნენ ასლან აბაშიძის კაბინეტში, სადაც იყვნენ ასლან აბაშიძე, აჭარის უშიშროების სამსახურის უფროსი ანზორ ჯაიანი და ტრანსპორტის მინისტრის მაშინდელი მოადგილე მურმან ომანიძე. ომანიძე ამბობს, რომ ასლან აბაშიძესთან მიწისძვრასთან დაკავშირებით შტაბის შექმნის საკითხზე იმყოფებოდა. რამდენიმე ვერსია არსებობს თუ ვინ დაიწყო პირველმა სროლა. ფაქტი ისაა, რომ ორმხრივი სროლის დროს მოკლეს ნოდარ იმნაძე, ასლან აბაშიძე და ანზორ ჯაიანი კი დაიჭრნენ.
ასლან აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება მკვლელობიდან 13 წლის შემდეგ დაიწყო და 12 წელი გაგრძელდა. მკვლელობიდან 25 წლისთავზე, 2016 წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძე მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მას ეს სასჯელი არ მოუხდია. 2004 წელს ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ის მოსკოვში ცხოვრობს.