2017 წლის 11-12 მარტი
რეგიონი
პოლიტიკა
აქცია
ჯარიმის გამოწერის დროს ბათუმში ორი ადამიანი დააკავეს
ბათუმელი მძღოლები
ჯარიმის გამოწერის დროს დაკავებული ორი ადამიანის გათავისუფლება და აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომა
პოლიცია
დამწვარი ავტომობილები
მოგვიანებით თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის უფროსმა.
2017 წლის 11 მარტს ბათუმში პოლიციამ საავტომობილო მოძრაობის შეფერხებისთვის ერთი ადამიანი, ჯიმი ვარშანიძე დააჯარიმა. ის ამ დროს რამაზ ხიმშიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებდა, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ორივე მათგანი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით) დააკავა მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
რამდენიმე წუთში, იგივე სივრცე, ჭავჭავაძის ქუჩა – „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია – საპროტესტო ტალღამ მოიცვა. არეულობა ბათუმში დაიწყო. პოლიციის ჯარიმების გამოწერით უკმაყოფილო ბათუმელებმა გზა გადაკეტეს და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს. მსვლელობის დროს კი პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღეს, ქვების სროლა დაუწყეს სამმართველოს შენობას. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. აქცია მცირე პერიოდით დაიშალა, თუმცა მალევე დემონსტრაციას შენიღბული ახალგაზრდები შეემატნენ, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და აგურებს ესროდნენ პოლიციისა და ახლოს მდებარე შენობებს.
დემონსტრაცია უმართავი გახდა. დაპირისპირების დროს დაშავდნენ მოქალაქები, ჟურნალისტები და პოლიციელები. ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს 20-მდე ადამიანი.
12 მარტის დადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მიემმგზავრებოდა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, მან მინისტრისგან მიიღო დაპირება დაკავებულების გათავისუფლების შესახებ. რამდენიმე საათში დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა დემონსტრანტები მაინც არ დაიშალნენ.
დემონსტრანტებმა ამოატრიალეს პოლიციის ავტომობილები და ცეცხლი წაუკიდეს მათ, დააზიანეს მოქალაქეთა ავტომობილებიც, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, მოშალეს ჯებირები (დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება 150 ათასი ლარი დაჯდა).
დილის 05:00 საათისთვის ბათუმში სპეცრაზმი გამოჩნდა, მათ აქციის მონაწილეთა დაშლა დაიწყეს. არეულობა ბათუმში სრულდებოდა. პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ ბათუმში სიტუაცია უკვე კონტროლს ექვემდებარებოდა.
სამართალდამცველების მიერ დაკავებული 40-მდე პირიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16-ის საქმე იმ დღესვე, 12 მარტს განიხილა. დაკავებულებიდან ორი არასრულწლოვანი იყო. ისინი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ოთხი დაკავებულს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და საქმის განხილვამდე ხელწერილით გათავისუფლდა კიდევ სამი დაკავებული. საბოლოოდ, 40 დაკავებულიდან პასუხისგებაში 21 პირი მისცეს. 21-დან 18-მა დაკავებულმა მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში ბრალი აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 225-ე (ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა) და 353 პრიმა (პოლიციელზე ძალადობა). 24 აპრილს პოლიციამ „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე დააკავეს 11-12 მარტს ბათუმში არეულობის ორგანიზების გამო:
რვათვიანი განხილვის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია ორგანიზებაში და ბრალის ძირითად ნაწილში გაამართლა.
აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი მოთხოვნა, აჭარის სამმართველოს უფროსის, კახაბერ ბუხრაძის გადაყენების შესახებ რამდენიმე თვეში, 2017 წლის ივნისში შესრულდა, ის რუსთავის პოლიციის უფროსმა ლევან მაისურაძემ შეცვალა.
50-ლარიანი ჯარიმიდან დაწყებული პროტესტი – დამწვარი ხეები, დაზიანებული მცენარეები, მოშლილი გზაგამყოფი დეკორაციები, ამოყრილი ქვაფენილი, დამტვრეული შუქნიშნები და საგზაო ნიშნები ბიუჯეტს 150 000 ლარი დაუჯდა.
12.03.2017. ფოტო: მანანა ქველიაშვილი, ბათუმელები
12.03.2017 ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი / Jam News
ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი / Jam News