EN

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულთა აქცია

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2017 წლის 21 თებერვალი – 2018 წლის 14 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შემდეგ ათასზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. მათ დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდათ.

ორგანიზატორი

“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები

მთავარი მოთხოვნა

დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, კომპენსაციის 5000 ლარამდე გაზრდა და საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადება.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

მოვაჭრეთა ნაწილი დაზარალებულად ცნეს, თუმცა კომპენსაციის ოდენობა არ გაუზარდეს.

2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა სრულად დაიწვა. ხანძარმა ათასზე მეტი მოვაჭრე  დააზარალა

21 თებერვალს სამმა დაზარალებულმა ქალმა „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარი შენობის წინ კარვებში გაშალა და შიმშილობა დაიწყო. 15 მარტიდან კი მათ დანარჩენები შეუერთდნენ პროტესტის ღიად გამოხატვაში და აქციებს მიმართეს. მოვაჭრეები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა, ნაწილმა კი „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარი შენობის წინ კარვები გაშალა და შიმშილობის აქციას დაიწყო. „ბავშვთა სამყარო“ დაგვიწვეს“ – ეწერა ერთ-ერთ ტრანსპარანტზე, რადგან სჯეროდათ, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა. 

27 მარტს დაზარალებულები შეიკრიბნენ აშშ-ის საელჩოსთან და ელჩს, იან კელის მოუწოდეს, საქართველოს მთავრობასთან ეშუამდგომლა. დაზარალებულები უარს ამბობდნენ ხელისუფლებისგან შეთავაზებულ ერთჯერად, 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე და ამ თანხის 5 ათას ლარამდე გაზრდას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადებაც სურდათ. 

მოვაჭრეები აქციებს მართავდნენ ყველა იმ შენობასთან, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირი ეგულებოდათ. 25 მაისს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ, 19 ივლისს კი –  “ქართული ოცნების” ოფისთან. 

27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მიხეილ თევზაძე დააკავეს.

28 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის, დაკავებას აპროტესტებდნენ, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი, „ბავშვთა სამყაროს“ მოიჯარეები კი მაჭავარიანის პასუხისგებაში მიცემასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

29 ივლისს დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურისგან გამოძიების შედეგები არ ჩანდა, მოვაჭრეები კი აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. 14 ნოემბერს ისინი პროკურატურის წინ შეიკრიბნენ და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და ბავშვთა სამყაროს მსხვილი აქციონერების, ხელმძღვანელი პირებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მოვაჭრეების თქმით, შოთაძე საქმის გამოძიებას აჭიანურებდა და ასე ცდილობდა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას. დაზარალებულები “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის საქმეში მთავრობის წევრთა ბრალეულობასაც არ გამორიცხავდნენ.

აქციაზე მისულებმა პროკურატურასთან კარავიც გაშალეს. სამართალდამცავებმა კარვის აღება სთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ კარვის აღების მცდელობისას, კარავში მყოფი ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. 

პროკურატურასთან აქციები, საბოლოოდ, უშედეგოდ დასრულდა. შოთაძე ამ საქმის გამო არ გადამდგარა.

2018 წლის 10 ოქტომბერს საქმის გამოძიება ისევ დაუსრულებელი იყო. პროკურატურის განცხადებით,  გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის ჰქონდა 695-ს. 

ხანძრით დაზარალებულთა ბოლო აქცია პრესაში 2018 წლის 14 ივნისს იძებნება. ამ დღეს ისინი “ქართული ოცნების” ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად მართავდნენ აქციას. თუმცა, როგორც სხვა აქციებისას, ამჯერადაც ვერ მიიქციეს მმართველი პარტიის ყურადღება.

საბოლოო ჯამში, თვეების განმავლობაში გაგრძელებული პროტესტის შემდეგ 1000-ზე მეტ დაზარალებულს თბილისის საკრებულომ 3000-3000 ლარიანი კომპენსაცია გამოუყო მაშინ, როცა მათთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იყო — ხანძრის შედეგად ზარალმა 18 მილიონ ლარს გადააჭარბა. მე­ო­რე ნა­წი­ლი კი კვლავ ელოდა ზა­რა­ლის ანაზ­ღა­უ­რე­ბას. ეს უთა­ნას­წო­რო­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ორ ბა­ნა­კად გახლეჩამ გა­მო­იწ­ვია. მო­ვაჭ­რე­თა ერთი ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რის გა­რი­გე­ბა­ზე აკე­თებ­და აქ­ცენტს და მომ­ხდარს პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებ­და. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მე­ო­რე მხა­რეს კი, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და მათი თა­ნა­მო­აზ­რე მო­ი­ჯა­რე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი გა­მო­სა­ვალს სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ში ხე­დავ­დნენ. რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­და­ზღვევო კომ­პა­ნი­ას და­ზღვე­ვის თან­ხის – 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­უ­წევ­და, რითაც ისი­ნი ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას შეძ­ლებ­დნენ.

თუმ­ცა, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად  არ ცნეს. შე­დე­გად, მო­ვაჭ­რე­თა ამ ბა­ნა­კის წევ­რე­ბი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად გაჩნდა “ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს გა­რე­შე ღია ცე­ცხლის წყა­როს კონ­ტაქ­ტი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­თან და წვად მა­სა­ლას­თან, ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ცე­ცხლგამ­ჩე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მოქ­მნა”, – ეწერა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.რამ გააჩინა ხანძარი და ვინ იყო დამნაშავე, უცნობი დარჩა. 2025 წლის 1 მაისს On.ge-მ დაწერა, რომ, “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრის პროექტი დამტკიცდა. ცენტრი დაახლოებით 12 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

Media

ხანძარი ბავშვთა სამყაროში

ხანძარი ბავშვთა სამყაროში

30.01.2017 ფოტო: ინტერპრესნიუსი

მოშიმშილეები ბავშვთა სამყაროსთან

მოშიმშილეები ბავშვთა სამყაროსთან

21.02.2017 ფოტო: ნეტგაზეთი

ხანძრით დაზარალებულთა აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

ხანძრით დაზარალებულთა აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

19.07.2017 ფოტო: ნეტგაზეთი