2017 წლის 10 თებერვალი – 11 მარტი
თბილისი
მედია
აქცია, ადგილის დაკავება
უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილების მოლოდინს რომ რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვასს მიაკუთვნებდნენ, რაც საბოლოოდ გამართლდა.
„ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა გვარამია, ზაალ უდუმაშვილი, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები
რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება
ხელისუფლება „რუსთავი 2 ჩემია!“, „რუსთავი 2 – ხალხის ტელევიზია“, „ივანიშვილო, შენამდეც მოვალთ“, „ხელები შორს რუსთავი 2-სგან“.
რუსთავი 2-ს გაუმარჯოს
რუსთავი 2-ის ლოგოთი დროშები
პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია – უზენაესმა სასამართლომ არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, პროტესტი შეწყდა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნების“ ხელისუფლებისადმი მკვეთრად კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის დირექტორადაც 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ნიკა გვარამია.
არხი ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან, 1994 წლიდან მაუწყებლობდა. მისი დამფუძნებლები იყვნენ ბიზნესმენები: ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.
არხის გაჩერება შევარდნაძის ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა, მაყურებლის მაღალი ნდობის და მხარდაჭერის გამო, ვერ შეძლო. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა „მოქალაქეთა კავშირი“ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა, “რუსთავი 2” „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ იქცა (გარკვეული დროის განმავლობაში ეს ფრაზა ლოგოს ნაწილიც გახდა), აღარ აკრიტიკებდა ხელისუფლებას და ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანიის მფლობელი 16-ჯერ შეიცვალა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე 2004 წლის ივნისიდან აღარ იყვნენ მისი მფლობელები, მათი კუთვნილი წილები კი ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია შპს „პანორამას“ საკუთრება გახდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „რუსთავი 2“ ეკუთვნოდათ გიორგი გეგეშიძეს და ძმებ ლევან და გიორგი ყარამანაშვილებს.
ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2-ის” “დასაბრუნებლად” დავა 2015 წელს დაიწყო. ის ამტკიცებდა, რომ ხალვაშს [ასევე მის კომპანია “პანორამას”] რუსთავი 2-ის წილების 100%, ჯამში, 268 997 დოლარად დაათმობინეს მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული სასაქონლო ექსპრტიზის დასკვნით ქონება 15-ჯერ ძვირი, 7 მილიონი ლარი ღირდა. ამასთან, ხალვაშის მხარის ცნობით, ბიზნესმენს არც ზემოხსენებული 268 997 დოლარი მიუღია.
ძმები ყარამანიშვილები კი ამტკიცებდნენ, რომ ტელევიზიის იმდროინდელი ფასი სწორედ ის თანხა იყო, რაც გარიგების დადების შედეგად გადაიხადეს, რადგან “რუსთავი-2” მანამდე ხალვაშმაც დაახლოებით იმავე ფასად ჰქონდა შეძენილი.
„რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი პირველი აქცია 2017 წლის 10 თებერვალს, უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. პარტიის ლიდერები მოუწოდებნდენ უზენაეს სასამართლოს, „ხელისუფლების ზეწოლით“ არ მიეღო გადაწყვეტილება.
აქცია მსვლელობით დაიწყო რუსთაველის მეტროდან – ხალხს წინ მიუძღვოდა დრამერთა გუნდი. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ დროშები „რუსთავი 2”-ის ლოგოთი და ბიძინა ივანიშვილის ფოტოშარჟი. დემონსტრანტებს პლაკატებზე ჰქონდათ წარწერები: „რუსთავი 2 ჩემია!“, „რუსთავი 2 – ხალხის ტელევიზია“, „ივანიშვილო, შენამდეც მოვალთ“, „ხელები შორს რუსთავი 2-სგან“.
აქციაზე სიტყვით გამოვიდინენ: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.
17 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, არხმა 40 საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვიტა. მაუწყებლობა 19 თებერვალს აღდგა, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მათივე ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციაზე დემონსტრანტებს მიმართეს არხის წამყვანებმა ზაალ უდუმაშვილმა, დიანა ჯოჯუამ, მიშა მშვილდაძემ, მაია ასათიანმა, გიორგი გაბუნიამ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, ვანო ჯავახიშვილმა, პაატა იაკობაშვილმა და დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი კრიტიკულად განწყობილი მედიის გაქრობა იყო.
ხალხი და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბნენ 2 მარტს უზენაეს სასამართლოსთან, როცა „რუსთავი 2”-ის საქმე უნდა განხილულიყო. უზენაეს სასამართლოში საქმე დიდმა პალატამ (ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი) ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ მხარეების დასწრების გარეშე განიხილა. 2017 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა არხის საჩივარი და მანაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიას მიაკუთვნა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არხის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობისკენ დაიძრნენ, „რუსთავი 2“ კი მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ეკრანზე გაჩნდა წარწერა – „რუსთავი 2 წაგვართვეს“. მხარდმჭერების ნაწილმა ღამე ტელევიზიის ეზოში მოწყობილ კარვებში გაათენა.
“რუსთავი 2”-მა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა და, გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვა. 3 მარტს ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას ისტორიული გამარჯვება უწოდა ზაალ უდუმაშვილმა 11 მარტს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე „რუსთავი 2“ ჩემია, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და გულშემატკივრები. ამის შემდეგ პროტესტი შეწყდა.
საბოლოოდ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2”-ის საქმეში დარღვევა ვერ დაადგინა. იმავე დღეს არხი ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა და ტელევიზიაში მივიდა ხალვაშის მიერ დანიშნული ახალი დირექტორი, პაატა სალია, რომელსაც ნიკა გვარამიამ შეხვედრის დროს კოლაბორაციონისტი უწოდა.
ამის შემდეგ ნიკა გვარამიამ რამდენიმე სხვა პარტნიორთან ერთად „მთავარი არხი“ შექმნა. შეიქმნა კიდევ ერთი ოპოზიციური ტელევიზია – „ფორმულა“. მეტწილად ამ ორ ტელევიზიაში გადავიდნენ „რუსთავი 2“-დან წასული წამყვანები და ჟურნალისტები. “რუსთავი 2” რამდენიმე კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებების გარეშე მაუწყებლობდა, შემდეგ კი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ არხად იქცა.
2021 წლის მაისში რუსთავი 2-ი გახდა ახალი კომპანიის “მედია ჰოლდინგის” წევრი, რომელიც რუსთავი-2-მა “პრაიმ ტაიმთან” ერთად დააფუძნა. ამ ახალ კომპანიას გადაეცა ამ არხით მაუწყებლობის უფლება და ქონება. პაატა სალია კი 2024 წელს “ქართულის ოცნების” საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიაში მოხვდა. 2025 წელს დეპუტატის მანდატი დატოვა და იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
11.03.2017 ფოტო: ლიბცენტრი
11.03.2017 ფოტო: ლიბცენტრი
11.03.2017 ფოტო: ლიბცენტრი