2017 წლის 21 თებერვალი – 2018 წლის 14 ივნისი
თბილისი
სოციალური პრობლემები
აქცია, შიმშილობა
სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შემდეგ ათასზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. მათ დაზარალებული სტატუსი არ ჰქონდათ.
“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები
დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, კომპენსაციის 5000 ლარამდე გაზრდა და საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადება.
ხელისუფლება
მოვაჭრეთა ნაწილი დაზარალებულად ცნეს, თუმცა კომპენსაციის ოდენობა არ გაუზარდეს.
2017 წლის 30 იანვარს სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა სრულად დაიწვა. ხანძარმა ათასზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.
21 თებერვალს სამმა დაზარალებულმა ქალმა „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარი შენობის წინ კარვებში გაშალა და შიმშილობა დაიწყო. 15 მარტიდან კი მათ დანარჩენები შეუერთდნენ პროტესტის ღიად გამოხატვაში და აქციებს მიმართეს. მოვაჭრეები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა, ნაწილმა კი „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარი შენობის წინ კარვები გაშალა და შიმშილობის აქციას დაიწყო. „ბავშვთა სამყარო“ დაგვიწვეს“ – ეწერა ერთ-ერთ ტრანსპარანტზე, რადგან სჯეროდათ, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა.
27 მარტს დაზარალებულები შეიკრიბნენ აშშ-ის საელჩოსთან და ელჩს, იან კელის მოუწოდეს, საქართველოს მთავრობასთან ეშუამდგომლა. დაზარალებულები უარს ამბობდნენ ხელისუფლებისგან შეთავაზებულ ერთჯერად, 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე და ამ თანხის 5 ათას ლარამდე გაზრდას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადებაც სურდათ.
მოვაჭრეები აქციებს მართავდნენ ყველა იმ შენობასთან, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირი ეგულებოდათ. 25 მაისს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მივიდნენ, 19 ივლისს კი – “ქართული ოცნების” ოფისთან.
27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მიხეილ თევზაძე დააკავეს.
28 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის, დაკავებას აპროტესტებდნენ, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი, „ბავშვთა სამყაროს“ მოიჯარეები კი მაჭავარიანის პასუხისგებაში მიცემასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
29 ივლისს დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროკურატურისგან გამოძიების შედეგები არ ჩანდა, მოვაჭრეები კი აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. 14 ნოემბერს ისინი პროკურატურის წინ შეიკრიბნენ და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და ბავშვთა სამყაროს მსხვილი აქციონერების, ხელმძღვანელი პირებისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს. მოვაჭრეების თქმით, შოთაძე საქმის გამოძიებას აჭიანურებდა და ასე ცდილობდა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას. დაზარალებულები “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის საქმეში მთავრობის წევრთა ბრალეულობასაც არ გამორიცხავდნენ.
აქციაზე მისულებმა პროკურატურასთან კარავიც გაშალეს. სამართალდამცავებმა კარვის აღება სთხოვეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ კარვის აღების მცდელობისას, კარავში მყოფი ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
პროკურატურასთან აქციები, საბოლოოდ, უშედეგოდ დასრულდა. შოთაძე ამ საქმის გამო არ გადამდგარა.
2018 წლის 10 ოქტომბერს საქმის გამოძიება ისევ დაუსრულებელი იყო. პროკურატურის განცხადებით, გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულის სტატუსი ამ დროისთვის ჰქონდა 695-ს.
ხანძრით დაზარალებულთა ბოლო აქცია პრესაში 2018 წლის 14 ივნისს იძებნება. ამ დღეს ისინი “ქართული ოცნების” ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად მართავდნენ აქციას. თუმცა, როგორც სხვა აქციებისას, ამჯერადაც ვერ მიიქციეს მმართველი პარტიის ყურადღება.
საბოლოო ჯამში, თვეების განმავლობაში გაგრძელებული პროტესტის შემდეგ 1000-ზე მეტ დაზარალებულს თბილისის საკრებულომ 3000-3000 ლარიანი კომპენსაცია გამოუყო მაშინ, როცა მათთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იყო — ხანძრის შედეგად ზარალმა 18 მილიონ ლარს გადააჭარბა. მეორე ნაწილი კი კვლავ ელოდა ზარალის ანაზღაურებას. ეს უთანასწორობა დაზარალებულთა ორ ბანაკად გახლეჩამ გამოიწვია. მოვაჭრეთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისა და სააქციო საზოგადოების თავმჯდომარის გარიგებაზე აკეთებდა აქცენტს და მომხდარს პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებდა. დაზარალებულთა მეორე მხარეს კი, სააქციო საზოგადოების წევრები და მათი თანამოაზრე მოიჯარეები აღმოჩნდნენ. ისინი გამოსავალს სააქციო საზოგადოების დაზარალებულად ცნობაში ხედავდნენ. რადგან ამ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიას დაზღვევის თანხის – 6 მილიონი ლარის ანაზღაურება მოუწევდა, რითაც ისინი ახალი შენობის აშენებასა და საქმიანობის გაგრძელებას შეძლებდნენ.
თუმცა, სააქციო საზოგადოების წევრები დაზარალებულად არ ცნეს. შედეგად, მოვაჭრეთა ამ ბანაკის წევრები კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა “ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს გარეშე ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან და წვად მასალასთან, ან სპეციალური ცეცხლგამჩენი საშუალებების წარმოქმნა”, – ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.რამ გააჩინა ხანძარი და ვინ იყო დამნაშავე, უცნობი დარჩა. 2025 წლის 1 მაისს On.ge-მ დაწერა, რომ, “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრის პროექტი დამტკიცდა. ცენტრი დაახლოებით 12 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
30.01.2017 ფოტო: ინტერპრესნიუსი
21.02.2017 ფოტო: ნეტგაზეთი
19.07.2017 ფოტო: ნეტგაზეთი