EN

პროტესტი ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესების გამო

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2017 წლის 8 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესება იგეგმებოდა

ორგანიზატორი

ადვოკატები

მთავარი მოთხოვნა

არ დაინიშნოს უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძე

პროტესტის ადრესატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პროტესტის შედეგი

მოსამართლედ ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხი გაჩერდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებდა საბჭოს მდივნისა და უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას. ლევან მურუსიძის სახელი უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, სულხან მოლაშვილის წამებას და სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომელთა შემთხვევაში, მოგვიანებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევა დაადგინა. 

ამ ამბის გასაპროტესტებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან 2017 წლის 8 მაისს საზოგადოების მცირე ნაწილი შეიკრიბა, ძირითადად, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

„დღეს ლევან მურუსიძის სასამართლო სისტემაში დატოვება ნიშნავს პოლიტიკურ განაჩენებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და სახელმწიფოს ხელში სასამართლო სისტემის სრულ გადასვლას. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ „მურუსიძეების სამართალი“ და ამ საბჭოს სამართალი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. უნდა შეიქმნას სამართლიანი სასამართლო. ამ დაპირებით მოდიოდა ყველა ხელისუფლება, მაგრამ მერე ეყრდნობოდა მურუსიძეების სასამართლოს, რომელიც გამოირჩეოდა ძალადობრივი გადაწყვეტილებებით. საერთო არაფერი ჰქონდა ამ გადაწვეტილებებს სამართალთან“, – უთხრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამბობდნენ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იმ წელს შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც არ შეიძლებოდა, გამოსაცდელი ვადით დანიშნულიყო მოსამართლეობის კანდიდატი, თუ ის ყოფილი ან მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. საბჭოში მიიჩნევდნენ, რომ ეს ახალი ნორმა მათ ავალდებულებდათ, შეეწყვიტათ ლევან მურუსიძის შეფასება და ავტომატურად დაენიშნათ უვადოდ. თუმცა კანონმდებლობის ამგვარ ინტერპრეტაციას არ იზიარებდნენ ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართული აქცია ორ საათში, მას შემდეგ დაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო, რადგანაც მომხსენებელს, იუსტიციის საბჭოს წევრს, შოთა გეწაძეს, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კონკურსში მონაწილეობს, 8 მაისს ფრანგულ ენაში გამოცდა ჰქონდა დანიშნული.

Media

აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

2017 წლის 8 მაისი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება