2019 წლის 21 იანვარი – 12 დეკემბრი
თბილისი
პოლიტიკა
აქცია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად საზოგადოებისთვის მიუღებელი პირები წარუდგინეს პარლამენტს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის
სასამართლო გათავისუფლდეს “კლანისგან”
საქართველოს პარლამენტი
“კლანი უნდა წავიდეს!” “გაათავისუფლეთ სასამართლო”, “ხალხი შეურაცხყოფილია, დაიშალეთ”, მართლმსაჯულება გადასარჩენია”, “უვადო ჩინჩალაძე=უვადო უსამართლობა”
პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეები უვადოდ დაინიშნნენ უზენაეს სასამართლოში
https://transparency.ge/sites/default/files/uzenaesi_sasamartlos_mosamartleebis_sherchevis_1_cliani_procesis_kronologia_0.pdf
2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესი შეცვალა. ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, რომელიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების შესაძლებლობას ქმნიდა, თუმცა მოხდა პირიქით – სასამართლოში ყველაზე გავლენიანი ჯგუფი კიდევ უფრო გაძლიერდა.
სიახლე სამ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა:
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებამდეც სრულად აკონტროლებდა სასამართლო სისტემას – სხვა ფუნქციების შესრულების გარდა, სწორედ ეს ორგანო ნიშნავდა და ათავისუფლებდა მოსამართლეებს.
არასამთავრობო სექტორს 15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიუკერძოებლობისა და პრინციპულობის იმედი მხოლოდ რამდენიმე წევრისგან ჰქონდა. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტსა და პარლამენტს, დრო და დრო, მოუწოდებდნენ, სწორად შეეფასებინათ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლების ამ შტოს მოსამართლეთა “კლანი” მართავდა. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, ნინო გვენეტაძე წავიდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმასაც მოითხოვდნენ, რომ გამოთავისუფლებულ პოზიციაზე დროულად წარედგინათ შესაფერისი კანდიდატი – ისეთი, ვინც სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად პრინციპული ნაბიჯების გადადგმას შეძლებდა. თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის კანდიდატი თავისი უფლებამოსილების ვადაში აღარ წარუდგენია. ამიტომ 2018 წლის დეკემბრისთვის – ანუ კონსტიტუციის შეცვლის მომენტისთვის – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ერთით ნაკლები – 14 წევრი დარჩა.
ესენი იყვნენ:
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე – გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია, ვასილ მშვენიერაძე, რევაზ ნადარაია, სერგო მეთოფიშვილი, თამარ ონიანი, ირაკლი ბონდარენკო;
პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრი – ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე;
პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი – ანა დოლიძე.
ამგვარი წინარე მოვლენების ფონზე, 2018 წლის 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ მოულოდნელად წარადგინა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ათკაციანი სია.
სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს საკონსტიტუციო ცვლილების ამოქმედებას, ბუნდოვანი დარჩა, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ეს ათი კანდიდატი, მით უფრო, რომ მათ შორის მოხვდნენ მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არსებობდა ღიად გამოხატული და არგუმენტირებული კრიტიკა. მაგალითად, უვადო მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ: მიხეილ ჩინჩალაძე და თავად საბჭოს წევრები – დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე – მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე, ფაქტობრივად, საკუთარი თავი წარადგინა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მოსამართლეობის ამ კანდიდატების “ჩინჩალაძის კლანად” მოიხსენიებდნენ.
სასამართლო სისტემაში მიმდინარე ეს პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კრიტიკულად განწყობილმა არამოსამართლე წევრებმა, სახალხო დამცველმა და სხვა პროფესიულმა ჯგუფებმა მწვავედ გააკრიტიკეს. 27 დეკემბერს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა, პარლამენტს მოუწოდა, საერთოდ უარი ეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების განხილვაზე და მიეღო კონსტიტუციასა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.
ამ თემაზე თავად “ქართული ოცნების” წევრებს შორის რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ცხადად გამოჩნდა 27 დეკემბერსავე, როცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მან განმარტა, რომ პოსტიდან წასვლით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო განხილვა შეაჩერა.
იმავე დღეს, 27 დეკემბერს, კიდევ ერთი კონტროვერსიული ფაქტი მოხდა: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ოდიოზურ ფიგურად მიჩნეული მოსამართლე – ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 21 იანვარს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, იურისტები, პოლიტიკოსები, საბჭოს არამოსამართლე წევრები და ყოფილი მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეიკრიბნენ „მართლმსაჯულების გადასარჩენად“.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით: „გაათავისუფლეთ სასამართლო”; „ხალხი შეურაცხყოფილია, დაიშალეთ“; „მართლმსაჯულება გადასარჩენია“; „უვადო ჩინჩალაძე=უვადო უსამართლობა“; “კლანური მმართველობა დასრულდეს”. ბრძოლა “სასამართლო კლანის” წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა.
მათ მანიფესტი წაიკითხეს და შექმნილი ვითარება ასე აღწერეს:
„2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ის ჩამოყალიბდა მორჩილებაზე დამყარებულ უსამართლო სისტემად.
2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლოს გაუჩნდა შესაძლებლობა, აღედგინა საკუთარი დამოუკიდებლობა, რეალურად დაენერგა თვითმმართველობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი, აღედგინა საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა …ხელისუფლებაში სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფრაგმენტული და არასწორი რეფორმების პირობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ იქნა მიღწეული.
სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იმავე ჯგუფმა – “კლანმა”, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება [იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”] ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს. 2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში.
…ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს. შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება“.
აქციაზე შეკრებილებმა ამიტომ მოითხოვეს:
აქციის გამართვის დღესვე, 2019 წლის 21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს და ითხოვეს, “არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით”, მათი კანდიდატურები აღარ განეხილათ. განცხადებას ხელს აწერდნენ მოსამართლეობისთვის შერჩეული კანდიდატები: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს პროტესტის წნეხით გამოწვეულ უკან დახევად აღიქვეს. თუმცა მძიმე რეალობა არც ამ კანდიდატთა გაწვევით შეიცვლებოდა – სასამართლოში კვლავ რჩებოდა „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი“.
იმავე პერიოდში დამოუკიდებელი მედია ამზადებდა საგამოძიებო შინაარსის მასალებს “კლანის წევრ” მოსამართლეებზე. „სტუდია მონიტორის“ გამოძიებით, ჩინჩალაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2007-2015 წლებში, სასამართლო სისტემის ყველაზე გავლენიანი პირი გახლდათ. ის 2017 წლიდან მოსამართლედ უვადოდ იყო გამწესებული. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2018 წელს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რვავე მოსამართლე წევრი ჩინჩალაძეს უკავშირდებოდა – ნაწილი სამსახურებრივად, ნაწილი – ნათესაობით. ჩინჩალაძე იმითაც იყო გამორჩეული, რომ 2010-2013 წლებში მას არცერთი საქმე არ განუხილავს, მაგრამ 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო. ლევან მურუსიძის სახელთან იყო დაკავშირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყველაზე გახმაურებული – სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეები. ის თავად იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი 2013-2017 წლებში.
2019 წლის 27 იანვარს “მართლმსაჯულების გადასარჩენად” მორიგი აქცია გაიმართა სასტუმრო “რედისონთან” – იმ დღეს იქ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. სამუშაო ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა.
„სასამართლო მურუსიძის გარეშე“; „სასამართლო ჩინჩალაძის გარეშე“ – ასეთი ბანერები ეჭირა სასტუმროსთან შეკრებილ მცირე ჯგუფს – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადვოკატებს.
იმავე ღამეს გავრცელდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, დეპუტატის, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უზენაეს სასამართლოში საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების არჩევას. ამ ამბავს დეპუტატი პირად ანგარიშსწორებად აფასებდა.
2019 წლის 4 თებერვალს, ღამით, იუსტიციის საბჭოს შენობაზე გააკრეს კარიკატურები, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს ხელში უჭირავს თემიდას მოკვეთილი თავი, სხეულს კი პულსს უსინჯავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მეორე დილას საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჩანიშნული სხდომა აღარ გაიმართებოდა.
„ადვოკატები მართლმსაჯულების ნაწილი ვართ. გააკეთე შენი არჩევანი! მოითხოვე აცილება!“ – ეს სიტყვები ფეისბუკის პირად გვერდზე 2019 წლის 26 თებერვალს ადვოკატმა გიგი სისვაძემ საჯაროდ დაწერა და თან ადვოკატების ახალი კამპანიის ვიდეორგოლიც დაურთო. „აიცილე ლევან მურუსიძე“ – ასე უწოდეს ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის სასამართლო სხდომებიდან აცილების მოთხოვნის კამპანიას, რაც გულისხმობდა იმას, რომ იმ სასამართლო სხდომებზე, რომელსაც ლევან მურუსიძე ან სხვა რომელიმე „კლანთან“ დაკავშირებული მოსამართლე განსჯიდა, ადვოკატები დააყენებდნენ შუამდგომლობას მოსამართლის აცილების შესახებ.
მოსამართლეთა საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება გამწვავდა. პარტია დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ. მოგვიანებით სხვა საკითხის გამო პარტიიდან წამოვიდა ბექა ნაცვლიშვილი. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.
6-დან 11 მარტამდე პარლამენტში დარეგისტრიდა ეკა ბესელიას, ირაკლი კობახიძისა და „ევროპული საქართველოს” მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ინიცირებული კანონპროექტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. პარლამენტს იმავე თემაზე საკანონმდებლო წინადადებით იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართეს. სამუშაო ჯგუფს თავისი მოსაზრებები გაუგზავნა ასევე საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამრთლე წევრმა, ირმა გელაშვილმა.
არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 89 ხმით 31-ის წინააღმდეგ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო ისე, რომ საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს არ დაელოდა.
კანონპროექტის მიღებას წინ რამდენიმე დღიანი ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა უძღოდა. განხილვებში სასამართლო რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. ისინი საკომიტეტო მოსმენებს საპროტესტო წარწერიანი მაისურებით – „კლანი უნდა წავიდეს“ ესწრებოდნენ.
25 აპრილს, იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დღეს იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები: „კლანი არ გათეთრდება, თქვენ გაშავდებით!“, „კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს”, „მართლმსაჯულება გადასარჩენია“.
აქციის მიმართ სოლიდარობა გამოხატა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ბესელიამ თქვა: „მმართველ პარტიას უნდა ჰქონდეს ადეკვატურობის განცდა და როცა ყველა გეუბნება, რომ არ ვარგა, აღარ უნდა იძახო, რომ უპრეცედენტოდ კარგი კანონპროექტი მიიღე“.
პირველ მაისს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაითვალისწინა. 3 მაისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვისთვის ასე მცირე დროის დათმობა შეაფასა, როგორც „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა”.
ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, 2019 წლის 10 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვეს გაგრძელდა და 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა.
მოსამართლეთა კანდიდატები უნდა გასაუბრებოდნენ ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც უნდა შეერჩია კანდიდატები პარლამენტისთვის წარსადგენად, შემდეგ ეტაპზე კი გასაუბრება პარლამენტში უნდა გამართულიყო. ორივე ეტაპზე გასაუბრების პროცესი საჯარო იყო. მართლმსაჯულების კოალიციაც ფეისბუკ გვერდზე „მინდა ვენდო სასამართლოს“ ინტენსიურად აშუქებდა ამ პროცესს და საზოგადოებას აჩვენებდა, რომელი კანდიდატი იმსახურებდა უზენაეს სასამართლოში გამწესებას. ბრძოლა “სასამართლო კლანის” წინააღმდეგ ციფრულ სივრცეშიც მიმდინარეობდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაუბრების დასრულების შემდეგ პარლამენტისთვის წარსადგენ შერჩეულთა 20-კაციან სიაში ბევრი ისეთი კანდიდატი ვერ მოხვდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ღირსეულად მიიჩნევდნენ. პირიქით, 20-კაციანი სია ისე შეადგინეს, რომ მასში აღმოჩნდა იმ კანდიდატთა ნაწილი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აკრიტიკებდა. მაგალითად, მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. თადუმაძის შესახებ კითხვები კიდევ უფრო გაიზარდა, როცა ცნობილი გახდა, რომ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შალვა თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993-1998 წლებში სწავლობდა მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ინსტიტუტი პირველად 1994 წელს დაფუძნდა და იმავე წელს მიიღო საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის უფლება. ეს შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა სიაში მის მოსახვედრად. შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი იყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან გასაუბრების შემდეგი ეტაპი – კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში 2019 წლის 23 სექტემბრიდან დაიწყო. კანდიდატებს კითხვებს უსვამდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.
25 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა თქვეს, რომ პარლამენტს ჰქონდა უნიკალური შანსი, მოსამართლეების შერჩევისას დაშვებული ხარვეზები გამოესწორებინა.
26 სექტემბერს, როცა პარლამენტში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატთან, მირანდა ერემაძესთან გასაუბრება იმართებოდა, დეპუტატებს შორის კამათი დაიწყო. ეკა ბესელიამ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს სილა გააწნა. შემდეგ კი ტელეეთერში განაცხადა, რომ სწორედ ვანო ზარდიაშვილია ის, ვინც გარეული იყო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებაში. ბესელიამ თქვა, რომ მას პირადად ივანიშვილმა სთხოვა, 2018 წლის დეკემბერში შერჩეული ათიდან ხუთი მოსამართლე, მათ შორის მიხელ ჩინჩალაძე მაინც გაეყვანა. მიხეილ ჩინჩალაძე ვანო ზარდიაშვილის მეჯვარე იყო.
2019 წლის 3 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი „ჩააგდე სია” გამართა და პარლამენტის დეპუტატებს ის 11 მიზეზი წარუდგინა, რომელთა გამოც კანდიდატები უნდა დაეწუნებინათ.
2019 წლის 12 დეკემბერს მოსამართლეთა შერჩევის შემდეგი ეტაპი დაიწყო – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უყარა კენჭი. „პროცესი მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა. რამდენიმე დეპუტატი სიტყვის უფლებას და კანდიდატების შეფასებას ითხოვდა, თუმცა თავმჯდომარე მათ ამის უფლებას არ აძლევდა. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა უსაფუძვლოდ შეუზღუდეს“, – წერდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა”. იურიდიულმა კომიტეტმა 14 კანდიდატს დაუჭირა მხარი. სულ 20 ვაკანსია იყო. უზენაეს სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება.
პლენარული სხდომაც სწრაფად, იმავე დღეს, 12 დეკემბერს დაინიშნა. თუმცა მალევე, დარბაზში დაუდგენელი ნივთიერების გაშვების გამო, სხდომა შეწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხსნარი სამოქალაქო მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში” წევრებმა პროტესტის ნიშნად გაუშვეს. პარლამენტის ინფორმაციით, ამ ნივთიერების გაშვების შედეგად „5 ადამიანი დაშავდა”. პროტესტის ორგანიზატორების განმარტებით კი, ხსნარი „სრულიად უვნებელი და უსაფრთხო” (ASD-2F) იყო. საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საფუძვლით გამოძიებაც დაიწყო.
რამდენიმე საათში პლენარული სხდომა განახლდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საბოლოოდ უყარეს კენჭი. მათ სწორედ იმ 14 კანდიდატის თანამდებობაზე უვადოდ არჩევას დაუჭირეს მხარი, რომელთაც იურიდიულმა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია. მათგან 6 იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს კი მიხეილ ჩინჩალაძე თავმჯდომარეობდა.
პარლამენტის მიერ უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად შეირჩნენ:
*თანამდებობები მითითებულია კანდიდატების წარდგენის მომენტისთვის.
დეპუტატების საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა ლაშა ქოჩიაშვილმა და გოჩა ჯეირანაშვილმა, თუმცა ისინი სასამართლო სისტემის მიღმა არ დარჩენილან. ორივე მათგანი მაინც გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ქოჩიაშვილი 2021 წელს აირჩიეს, ჯეირანაშვილი კი – 2024 წელს.
2019 წელს შერჩეულ კანდიდატებს შორის ვერც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, თამარ ალანია, პაატა სილაგაძე და შოთა გეწაძე მოხვდნენ. არადა, ისინი წარსულში იუსტიციის საბჭოს წევრებიც იყვნენ. თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლების სისტემის მიღმა არც ისინი გასულან. 2021 წელს პაატა სილაგაძე ისევ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შოთა გეწაძე კი 2023 წელს გახდა საქართველოს დესპანი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში.
“შოკირებული არა, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, რომ კიდევ ერთხელ პარლამენტმა არ გაითვალისწინა ხალხის მოსაზრება“, – თქვა რადიო თავისუფლებასთან ნაზი ჯანეზაშვილმა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, რომელიც “კლანის” გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მას სჯეროდა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, “კლანი” ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა.
ნაზი ჯანეზაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრძოლამ “მართლმსაჯულების გადასარჩენად” საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება ვერ მიიპყრო. მათ მიერ ორგანიზებული აქციები ფართომასშტაბიანი ვერ გახდა, სოციალური ქსელებით ინფორმაციის ინტენსიურად გავრცელებას საჯარო დისკუსია არ გამოუწვევია. მოსამართლეთა შერჩევის საკითხი რჩებოდა მართლმსაჯულების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და იურისტთა მცირე ჯგუფის სამუშაო თემად. ამიტომაც მთავარი ბრძოლა ისევ პარლამენტის შენობის შიგნით მიმდინარეობდა.
უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანტური ადგილიდან 14 იყო დაკავებული. 2021 წლის 12 ივლისს დარჩენილი 6 მოსამართლეც შეარჩიეს. პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნა: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი. დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ქეთევან მესხიშვილის, გიორგი შავლიაშვილისა და ეკა ზარნაძის კანდიდატურას. კანდიდატებთან გასაუბრებას არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ აქტიურად აშუქებდნენ ფეისბუქ გვერდზე “მინდა ვენდო სასამართლოს”.
საბოლოოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა ასეთი იყო: რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანისადმი ლოიალური პირები. ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ “კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“.
„წლები გავა და აუცილებლად ინანებს ეს ხელისუფლება, რომ სასამართლოში რეფორმა არ გაატარა იმიტომ, რომ შემოუბრუნდება თვითონ უკან ეს სასამართლო, რომელიც მათ დღეს შექმნეს. როგორც ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს, ისე მოხდება ახლაც”, – ეს კი ამონარიდია ნაზი ჯანეზაშვილთან ინტერვიუდან.
პარლამენტის მიერ 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება შეფასდა “შარლ მიშელის შეთანხმების” დარღვევადაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის ნაწილს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვითა და პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო რეფორმის განხორციელებამდე.
2021 წელსვე ვადა ამოეწურათ უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც კონკრეტული ვადით იყვნენ დანიშნულნი. ამიტომ წლის ბოლოსთვის პარლამენტმა შეარჩია კიდევ 4 მოსამართლე უვადოდ დასანიშნად: გენადი მაკარიძე თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი. ისინი სასამართლოში კლანის არსებობას უარყოფდნენ. გენადი მაკარიძე კი იმით დაამახსოვრდა საზოგადოებას, რომ როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა თქვა, “28 წლამდე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მერე დაიწყო სასამართლოში ჯერ დარაჯად და შემდეგ კურიერად მუშაობა და სულ მოკლე ხანში გაიკეთა თავბრუდამხვევი [სამოსამართლეო] კარიერა.
ამ პროცესს კვლავ მწვავედ აკრიტიკებდა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ რეფორმის გატარებამდე მოსამართლეები არ შერჩეულიყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ არსებული შერჩევა-დანიშვნის წესი პარტიული გავლენებისგან ვერ იცავდა კონკურსს.
“თუკი მოსამართლე არასწორი პროცესით ინიშნება უვადოდ, ის უვადო პრობლემაა”, – თქვა მაშინ გურამ იმნაძემ, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა.
2022 წლის 30 სექტემბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სცადა საკუთარი კანდიდატების შეყვანა ამ საბჭოში. თავად წარდგენის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ მხარი დაუჭირა სხვა ორგანიზაციების მიერ ნომინირებულ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ 5 კანდიდატს, რომელთა შორის იყვნენ – ანა აბაშიძე (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის), გიორგი ბურჯანაძე (იმ დროს სახალხო დამცველის მოადგილე), ლიკა საჯაია (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო), სულხან სალაძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) და დიმიტრი ხაჩიძე (ადვოკატი).
მოულოდნელად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ისინი ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა ჩაანაცვლეს. 25 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე-გვრიტიშვილი 4 წლის ვადით აირჩია. როგორც კოალიცია ამბობდა, კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა.
საბოლოო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მცდელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატის გასაყვანად წარუმატებელი გამოდგა. პარლამენტმა ამ საკითხის განხილვა 2023 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. მაისში პარლამენტს რამდენიმე მცდელობა დასჭირდა კანდიდატების შესარჩევად. შერჩეულთა შორის არ ყოფილან კოალიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააკისრა საქართველოს სამ მოქმედ მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია ეხებოდა მათი ოჯახის წევრებსაც. საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანმა თქმით, ეს მოსამართლეები “საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”.
ოპოზიციამ მოსამართლეთა საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” რეგისტრაცია არ გაიარა. “ეს არის სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ”, – ასე დაასაბუთა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩაშლა.
2023 წლის 14 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც თავისი ვალდებულებები მოჰყვა. ევროკომისიამ ხელისუფლებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება დაავალა. ეს სპეციალური მექანიზმი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით უნდა შექმნილიყო. შემოწმების ამ არაორდინარულ მეთოდს “ვეტინგი” (Vetting) უწოდეს. შემოწმება ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს. დაახლოებით 60 ადამიანს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას ისედაც ითვალისწინებდა – ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობა იყო, თუმცა „წლების განმავლობაში სისტემა ასე მუშაობდა – ლევან მურუსიძე ამოწმებდა დიმიტრი გვრიტიშვილის კეთილსინდისიერებას, გვრიტიშვილი ამოწმებდა მიქაუტაძის კეთილსინდისიერებას, კლანის წევრები ერთმანეთს მაღალ ქულებს უწერდნენ და უვადოდაც ინიშნებოდნენ“, – ნაზი ჯანეზაშვილის ეს კომენტარი აღწერს იმ ვითარებას, რის გამოც ვეტინგი გახდა საჭირო.
ვეტინგს პირველი უზენაესი სასამართლო დაუპირისპირდა. განცხადებაში თქვეს, რომ „ვეტინგი“ ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას”. ამ განცხადებას მხოლოდ ორი მოსამართლე, შეზღუდული ვადით დანიშნული ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ შეუერთდნენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც და „ქართული ოცნებაც” ეწინააღმდეგებოდა ვეტინგს.
„ჩვენ უვადოდ გამწესებული მოსამართლეები გვყავს, რომელთაც ასაკობრივი ზღვრის ამოწურვამდე ვერავინ შეეხება. ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც მოსამართლის უვადობის პრინციპს ეწინააღმდეგება, თავისთავად, კონსტიტუციასთანაცაა წინააღმდეგობაში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 20 მარტს მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ვეტინგის თემა დახურულია.
ვეტინგზე დისკუსიას მოსამართლეთა კონფერენციით უპასუხეს მოსამართლეებმა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა აირჩიეს “გავლენიანი მოსამართლეები” – ლევან თევზაძე, ვასილ მშვენიერაძე და ნიკოლოზ მარსაგიშვილი. საბჭოს მდივანს – ნიკოლოზ მარსაგიშვილს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა გასდიოდა, ხოლო დანარჩენი წევრების ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორმა მოსამართლე წევრმა, პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ, საკუთარი სურვილით დატოვეს საბჭო, რის საფუძვლადაც დაასახელეს ის, რომ მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში. “ამით გაგრძელდა საბჭოს წევრების მიერ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ბუნდოვანი პრაქტიკა”, – წერდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.
უზენაეს სასამართლოში შეზღუდული ვადით დანიშნული მხოლოდ 4 მოსამართლეღა რჩებოდა. 2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლო დატოვა ალექსანდრე წულაძემ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს კი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2024 წლის 18 ოქტომბერს ეწურებოდათ.
მათ ჩასანაცვლებლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი 2024 წლის 24 იანვარს გამოაცხადა. 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.
საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არჩევანი გოჩა ჯეირანაშვილზე, გიზო უბილავასა და ბადრი შონიაზე შეაჩერა და პარლამენტს წარუდგინა. უმრავლესობაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის 27 ივნისს სამივე დაამტკიცა. სამივე ახლად შერჩეულ უვადო მოსამართლეს მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები სასამართლოს გავლენიანი კლანის წევრებად ან კლანთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ამ პროცესში უკვე აღარ მონაწილეობდა.
ამის შემდეგ უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლიდან მხოლოდ ერთი, ეკატერინე გასიტაშვილიღა იყო დარჩენილი შეზღუდული ვადით. მისი უფლებამოსილება 2025 წლის 12 ივნისს იწურებოდა. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” გასიტაშვილის შემცვლელი ნიკოლოზ მარსაგიშვილი წინმსწრებად – ერთი წლით ადრე, 2024 წლის 17 სექტემბერს ერთხმად დაამტკიცა. მარსაგიშვილი იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი იყო. ეს სისწრაფე „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხელს – მან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაასრულა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება.
სასამართლო სისტემის “მიტაცების” (როგორც არასამთავრობო სექტორი არქმევდა მას), 6-წლიანი პროცესი ამით დამთავრდა. ოცდარვავე მოსამართლე ამ თანამდებობაზე იქნება იქამდე, სანამ საპენსიო ასაკს არ მიაღწევენ, ან თავად არ იტყვიან უარს ამ პასუხისმგებლობაზე.
2019 წლის 21 იანვარი. ფოტო: ლიბერალი
27.01.2019 ფოტო: ნეტგაზეთი
15.03.2019 ფოტო: ლიბერალი
18.04.2019 ფოტო: პირველი არხი
26.09.2019 ფოტო ვიდეოდან
2021 წლის 26 მაისი; ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. On.ge-ს ფოტოკოლაჟი