2019 წლის 30 იანვარი – 20 მარტი
რეგიონი
გარემო
აქცია
სოფელ ჭოგნართან რეგიონული ნაგავსაყრელის განთავსება იგეგმებოდა.
იმერეთის მოსახლეობა
არ აშენდეს ნაგავსაყრელი
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
„არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს,“ „მოგვაცილეთ ნაგავი“ და „ნუ მოგვწამლავთ“
2019 წლის 30 იანვარს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელ ჭოგნარში ნაგავსაყრელის პროექტის პრეზენტაცია უნდა წარედგინა, თუმცა, მოსახლეობის პროტესტის გამო პრეზენტაცია ჩაიშალა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი არ დაუშვებდნენ ნაგავსაყრელის მშენებლობას, რადგან ის საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე სოფლებს. პროექტის შეჩერების მოთხოვნით მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს.
თუმცა, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სამუშაოების დაწყება მარტიდან იგეგმებოდა.
მყარი ნარჩენების კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, ნაგავსაყრელი ყველა სტანდარტის დაცვით აშენდებოდა და ის არც მოსახლეობას და არც გარემოს დააზიანებდა. ეს იყო უფრო მასშტაბური პროექტის ნაწილი, რადგან მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადებით, მუნიციპალური ნაგავსაყრელები საერთოდ უნდა ჩანაცვლებულიყო მთელ ქვეყანაში რეგიონული ნაგავსაყრელებით. მოეწყობოდა სულ რვა ასეთი ნაგავსაყრელი და მათ შორის პირველი იქნებოდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელი, რომელიც სწორედ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში განთავსდებოდა.
სანამ სოფელ ჭოგნარში ნაგავსაყრელის მოსაწყობად 36 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყოფოდა, რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შესაფერისი ადგილის მოსანიშნდ განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ატარებდნენ. საბოლოოდ, ჭოგნარი შეირჩა. პროექტისთვის 26 მილიიონი ევრო განისაზღვრა. ის გახორციელდებოდა გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობითა და გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
სოფლების – ჭოგნარის, გოდოგნისა და ოდილაურის მცხოვრებნი კი შიშობდნენ, რომ სასმელი წყლისა და საძოვრების გარეშე დარჩებოდნენ:
„დაგვიბინძურდება წყალი და საქონლისთვის საძოვრები და საკვები აღარ გვექნება, მწერებსა და სუნს ვერ მოსპობს ვერავინ”, – ამბობდნენ ადგილობრივები. ნაგავსაყრელის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს არ სჯეროდათ, რომ პოლიგონი მაღალი სტანდარტით მოეწყობოდა და მთლიანად უსაფრთხო იქნებოდა:
„არ არსებობს გარანტია, რომ ნაგავსაყრელზე დაცული იქნება სტანდარტები, რადგან საქართველოში ასე არ ხდება. თავდაპირველად გადამამუშავებელ ქარხანას გვპირდებოდნენ და სინამდვილეში გვატყუებდნენ“.
თერჯოლელები პროტესტს აგრძელებდნენ, იანვრის შემდეგ მეშვიდე აქცია ქუთაისში 20 მარტს გამართეს. შეკრებილებს თან ჰქონდათ პლაკატები: „არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს“; „მოგვაცილეთ ნაგავი“ და „ნუ მოგვწამლავთ“
რეგიონული ნაგავსაყრელის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისელებს მოუწოდეს, მათთან ერთად გაეპროტესტებინათ 700 ათასი მოსახლის მომსახურებაზე გათვლილი ნაგავსაყრელის ჭოგნარში მშენებლობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქუთაისთან რამდენიმე კილომეტრში ნაგავსაყრელის არსებობა პრობლემებს ქალაქის მოსახლეობასაც შეუქმნიდა.
2019 წლის 15 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები შეწყვიტა. კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, ხათუნა ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილის მოძებნა მიმდინარეობს.
“ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარება სხვა ადგილის მოძებნაში, რომ იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტილება… ადგილი უნდა შეირჩეს ფართობის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობიდან დაშორების მიხედვით”, – თქვა ხათუნა ჩიკვილაძემ.