EN

შეტაკება პანკისში

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 2 თებერვალი – 21 აპრილი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ჰესის მშენებლობის დაწყება

ორგანიზატორი

ადგილობრივი მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს ჰესი

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

პროტესტის შედეგი

შეჩერდა ჰესის მშენებლობა

პანკისის ხეობაში სამი ჰესის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გასცა. ორი მათგანი ხადორი 1 და ხადორი 2 აშენდა. ხადორი 3-ის   მშენებლობა კი შეჩერებული იყო, რადგან გაცემული ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (ახლანდელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“) სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ გარემოზე ზემოქმედება ყველა ჰესის მიერ გამოწვეული რისკების მთლიანობაში გათვალისწინებით არ შეფასდა.  

ხადორი 3-ს “ალაზანი ენერჯი“ აშენებდა. ჰესის მშენებლობა სოფელ ბირკიანთან იყო დაგეგმილი, პროექტის მიხედვით, მდინარის 90 პროცენტი 4,5 კმ სიგრძეზე მილსადენში მოექცეოდა. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ წყლის შემცირება აისახებოდა საძოვრებზე და სასმელი წყლის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდებოდა. ამიტომ ამ ჰესების კასკადის აშენებას დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. პანკისელები 2019 წლის 2 თებერვალს შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება. პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი  დაწერეს და მას ამ საკითხით დაინტერესება სთხოვეს. 

ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ სათანადოდ არ იყო შესწავლილი ჰესების მშენებლობის გავლენა გარემოზე, მათ შორის, სასმელ წყალზე. პანკისის ხეობა მდინარე ალაზანზეა დამოკიდებული, როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი წყლის თვალსაზრისით. ამიტომ პანკისელები ფიქრობდნენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში წყალი საკმარისი აღარ იქნებოდა აღარც მოსარწყავად და აღარც სასმელად, რაც უვარგისს და შეუძლებელს გახდიდა ამ სოფლებში ცხოვრებას.

2019 წლის 21 აპრილს ხეობაში ტრაქტორი გამოჩნდა. ასე გაიგეს პანკისელებმა, რომ ჰესის მშენებლობა დაიწყო. ამან მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პანკისელები ამბობდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ და სადღეღამისო მორიგეობას დააწესებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე პოლიციელები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩაიყვანა.  აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დილით მომხდარი შეტაკების შემდეგ კი ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის შს მინისტრი, გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

ადგილობრივებისა და მთავრობის წევრების შეხვედრის პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივებმა პოლიციელებს ქვების სროლა დაუწყეს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცხადებით, შეტაკება პანკისში იმით დასრულდა, რომ დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის, 38 სამართალდამცავი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი იქამდე არ აშენდებოდა, სანამ მოსახლეობის 90 პროცენტს არ ექნებოდა ამის სურვილი. შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.

21 აპრილს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა ბათუმში. „სისტემა მოძალადეა“ „არა ჰესებს“ „აჭარა თქვენთანაა“ – ამ შინაარსის წარწერებით აქტივისტები ერთი საათის განმავლობაში იდგნენ მოედანზე, რითაც, ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოუცხადეს პანკისში მცხოვრებ მოსახლეობას, მეორე მხრივ, კი დაგმეს შეტაკება პანკისში და პოლიციის ქმედებები, რაც, მათივე თქმით, იყო ძალადობრივი.

Media

პანკისელებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება

პანკისელებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება

2019 წლის 21 აპრილი. ფოტო: ეკატერინა არჩევსკაია, როიტერსი

პანკისელები დაპირისპირების დაწყებამდე

პანკისელები დაპირისპირების დაწყებამდე

2019 წლის 21 აპრილი. ფოტო: პანკისის სათემო რადიო ვეი

სპეცრაზმი პანკისში

სპეცრაზმი პანკისში

2019 წლის 21 აპრილი. ფოტო: პანკისის სათემო რადიო ვეი

შეტაკება პანკისში

შეტაკება პანკისში

2019 წლის 21 აპრილი. ფოტო: პანკისის სათემო რადიო ვეი

შსს მინისტრი გიორგი გახარია და სხვა მაღალჩინოსნები პანკისში

შსს მინისტრი გიორგი გახარია და სხვა მაღალჩინოსნები პანკისში

2019 წლის 21 აპრილი. ფოტო: პანკისის სათემო რადიო ვეი

დაპირისპირებისას დამწვარი მანქანები

დაპირისპირებისას დამწვარი მანქანები

2019 წლის 21 აპრილი. ფოტო: პანკისის სათემო რადიო ვეი