2019 წლის 4 თებერვალი – 31 დეკემბერი
თბილისი და რეგიონი
სამართალი
აქცია, ადგილის დაკავება, შიმშილობა
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება
თორნიკე მამალაძე
ზიარება და გათავისუფლება
მთავრობა, საპატრიარქო
„ნუ მოკლავ მღვდელს“, „ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა“
ზიარება პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მოხერხდა, წლების შემდეგ კი უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს
“აქცია დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით
https://shorturl.at/ahPYj
ნუ მოკლავ მღვდელს — საპროტესტო აქცია საპატრიარქოსთან
https://go.on.ge/zp7”
2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურა აცხადებდა, რომ გამოძიებამ დაადგინა: მზადდებოდა პატრიარქის გარემოცვის წევრის მკვლელობა. საქმის მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე იყო, რომელიც ამბობდა, რომ მას დეკანოზმა მამალაძემ ციანიდის შოვნაში დახმარება სთხოვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მოპოვებული ინფორმაციით, მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობა თანამდებობრივი წინსვლისთვის სჭირდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს დეკანოზ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება 2018 წლის 13 თებერვალს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. 1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.
პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ზიარებაზე უარს ამბობდა საპატრიარქო. სწორედ ზიარებისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს საპატრიარქოსთან 2019 წლის 4 თებერვალს. მათ იქ კარვები გაშალეს. საპატრიარქომ აქცია ზეწოლად შეაფასა.
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა 16 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ დეკანოზი ეზიარა.
22 თებერვალს მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თქვა, რომ გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. 20 მარტს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ დეკანოზს არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა.
თორნიკე მამალაძემ ძმის შეწყალების მოთხოვნით აქცია გამართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, ხოლო 2019 წლის 19 სექტემბერს, ღამით კარავი გაშალა საქართველოს პარლამენტის შენობასთან.
2019 წლის ბოლო დღეს, ახალი წლის დადგომამდე, დაახლოებით პირველის ნახევარზე თბილისის მერიის თბილსერვის ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის კარვებისგან გაწმენდა დაიწყო. იქ მისულმა რამდენიმე აქტივისტმა ამ პროცესს ხელი ვერ შეუშალეს.
მალევე იქ მერიამ გასართობი ატრაქციონები მოაწყო. საახალწლო დღეების გასვლის შემდეგ, ატრაქციონები აიღეს და სივრცე რეაბილიტაციის დაწყების მიზნით შემოღობეს. სამუშაოები 9 თვის შემდეგ, აგვისტოში დასრულდა.
2020 წლის 6 იანვარს, როცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ რამდენიმე ადამიანი შეიწყალა, განმარტა, რატომ არ მოხვდა ამ სიაში გიორგი მამალაძე: „ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“.
იმის გამო, რომ მის შეწყალებაზე პრეზიდენტმა უარი თქვა, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტი 8 იანვარს სახალხო დამცველის თხოვნით შეწყვიტა.
2022 წლის 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია (კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი), რის გამოც სახელმწიფოს 9418 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.გიორგი მამალაძემ საპატიმრო 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2024 წლის 14 თებერვალს დატოვა. ის უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.