EN

აქცია თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების გამო

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 14 სექტემბერი – 2024 წლის 20 აპრილი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი

ლიდერები/ორგანიზატორი

19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ფიქრობდა, რომ ის მოკლეს

მთავარი მოთხოვნა

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები

პროტესტის ადრესატი

გამოძიების სათანადოდ ჩატარება და მკვლელის დასჯა პროკურატურა

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”, “აღასრულეთ სამართალი” “პროკურატურა მკვლელებს მფარველობს”, “სისტემა უნდა დაინგრეს” “შემდეგი შეიძლება შენ იყო

პროტესტის შედეგი

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ერთი პირი დააკავეს. ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯეროდა. საქმის განაჩენი აღარ შეცვლილა.

2018 წლის 6 ივლისს 19 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობდა.

გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა თქვა, რომ მისი შვილი მოკლულია. მამის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა.

14 სექტემბერს გორის მერიასთან  სოფელ ხელთუბნის მცხოვრები თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ახალგაზრდის ოჯახი აცხადებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და სამართალდამცავები მკვლელს ხელს აფარებენ. “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”, “აღასრულეთ სამართალი” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. მათ მხარდასაჭერად ჩავიდნენ სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

გორში აქციის გამართვამდე მერაბ მერებაშვილმა თანასოფლელებთან ერთად სოფელ ხელთუბანთან გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც გზის გახსნას ცდილობდნენ, დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მოგვიანებით, მერაბ მერებაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის გორში გამართვის შესახებ და მოითხოვა, რომ გორში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი. გორის მერიასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.

ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის ორი კვირა მისცა და აქცია დაიშალა. მერამ მერებაშვილმა თქვა, რომ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს  აქციებს შეუერთდებოდა თბილისში.

2019 წლის 12 თებერვალს შსს-მ განაცხადა, რომ 19 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედებოდა. ოჯახს კი სჯეროდა, რომ თორნიკე მოკლეს და საქმე არასწორად იყო გამოძიებული.

ამიტომ 2019 წლის 21 ოქტომბერს მგლოვიარე მშობლები გორში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდნენ და შვილის საქმის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვეს. 

2020 წლის 28 თებერვალს ოჯახის წევრები და თანასოფლელები შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურატურასთან მივიდნენ და იქ გამართეს აქცია. ამბობდნენ,  რომ დაკავებული ზვიად კოჩუაშვილი დამნაშავე არ იყო და გარდაცვლილის ოჯახი პოლიციას და პროკურატურას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდა. აქციის მონაწილეებს შეუერთდა მსჯავრდებულ ზვიადი კოჩუაშვილის მამაც. 

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ოჯახი 2022 წლის 2 ივნისსაც მართავდა აქციას. “პროკურატურა მკვლელებს მფარველობს”; “სისტემა უნდა დაინგრეს”; “შემდეგი შეიძლება შენ იყო” – ამ ტრანსპარანტებით იდგნენ გორში. 

2022 წლის 27 დეკემბერს სახალხო დამცველმა საქმის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ გამოძიება სათანადოდ არ ჩატარდა.ამ თემაზე ბოლო ინფორმაცია 2024 წლის 20 აპრილს იძებნება, როდესაც თორნიკე მერებაშვილის დედ-მამა “ქართული ოცნების” ლიდერებს დახვდნენ. ამჯერადაც იდგნენ ტრანსპარანტით “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს!” პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ მშობლებს ირაკლი ღარიბაშვილი გაესაუბრა, თუმცა გამოძიების შედეგზე არც ამ შეხვედრას უმოქმედია.