საქართველოში გამართული პროტესტების ისტორია ასახავს ქვეყნის განვითარებას 1991 წლიდან და თავს უყრის ყველა იმ დიდ თუ პატარა ამბავს, რომელმაც წინააღმდეგობის სურვილი გააჩინა საზოგადოებაში
ერთი წლით გადადო ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებისთვის შეზღუდვების დაწესება
ხორბლის იმპორტიორების პროტესტი
2018 წლის 17 სექტემბერს თბილისში, შემოსავლების სამსახურის ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გამართეს 300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტი აიკრძალა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება უმუშევრად ტოვებდა 3 ათასამდე ადამიანს. „ამ გადაწყვეტილებით ხორბლის ბაზარი ხელისუფლებასთან დაახლოებული მონოპოლისტის ხელში აღმოჩნდება”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ფინანსთა სამინისტროსგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ.
ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსაგვარებელია პრობლემა, რომელსაც ტურიზმის სფეროს უქმნის ხორბლით დატვირთული დიდი სატვირთო ავტომანქანების სიმრავლე საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან.
20 სექტემბერს აქციის ერთ ერთი მონაწილე ეკონომიკური გაფორმების ზონის (გეზი) ტერიტორიაზე მდგარი შენობის სახურავზე ავიდა და თქვა, რომ თავს დაიწვავდა, თუ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ მივიდოდა. ის სახურავიდან მინისტრის მისვლისთანავე ჩამოვიდა. მინისტრმა შეკრებილებს აცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადადო ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებისთვის შეზღუდვების დაწესება.