2018 წლის 10 სექტემბერი – 12 სექტემბერი
თბილისი
მედია
აქცია, მარში
გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი იბერიის მფლობელს ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობას სთხოვდა.
იბერიის ჟურნალისტები
დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე
პროკურატურა
„სიმართლეს ვამბობთ“, „მე ვიცავ ‘იბერიას’“, „ვერ გაგვაჩუმებთ“
გამოძიება დაიწყო
2018 წლის 10 სექტემბერს ტელეკომპანია “იბერიის” 40-მდე თანამშრომელი მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო მსვლელობით მივიდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ქართული და ინგლისურენოვანი პლაკატები: „სიმართლეს ვამბობთ“; „მე ვიცავ ‘იბერიას“; „ვერ გაგვაჩუმებთ“ და სხვა. ისინი ითხოვდნენ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას იმ აუდიოჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” მფლობელს და ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ტელეკომპანიის დათმობას სთხოვდა. სატელეფონო საუბარში ლევან ყიფიანი მოსაუბრეს მიანიშნებდა, რომ ხელისუფლებას აღიზიანებს “იბერიის“ სარედაქციო პოლიტიკა. იმ დროს ჩატარებული სატელევიზიო მონიტორინგი ადასტურებს, რომ იბერია ხელისუფლებისადმი ლოიალური არ ყოფილა.
ტელეკომპანიამ რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეაჩერა. „საქართველოს პროკურატურას მინიმუმ სისხლის სამართლებრივი ნიშნები მაინც უნდა აღმოეჩინა გუშინდელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. მინიმუმ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა არის ეს. ხალხს ვაჩვენებთ, რომ ჟურნალისტებზე ხდება ზეწოლა,” – განაცხადა „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
აქციის შემდეგ „იბერიაში“ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მივიდნენ ვითარების გასაცნობად.
11 სექტემბერს ჟურნალისტები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდნენ.
ტელეკომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას არ მოსწონდა “იბერიის” გადაცემების შინაარსი, ამიტომ ფინანსურ ზეწოლას ახდენდა მის მეორე კომპანიაზე “ომეგა ჯგუფზე”. ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავებოდა. კომპანია ვალს აღიარებდა და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვდა, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმებოდა „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებულ საგადასახადო პირობებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უარყო მთავრობის ზეწოლა „ომეგა ჯგუფსა“ და, შესაბამისად, მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია „იბერიაზე“. მისი სიტყვებით, მიუღებელი და სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი თავისსავე მედიას შანტაჟის იარაღად იყენებს და ასე ცდილობს გადასახადებისგან თავის არიდებას.
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით 12 სექტემბერს დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
3 ოქტომბერს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სასამართლოში მიცემული ჩვენების შემდეგ ჟურნალსიტებთან ამტკიცებდა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა უცხოელი პარტნიორები, რომლებთანაც “ომეგა ჯგუფს” დავალიანება ჰქონდა, დაერწმუნებინათ, რომ კომპანიაზე ზეწოლას სახელმწიფო ახორციელებს და ვალი გადაევადებინათ.
16 ოქტომბერს „იბერიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა. საინფორმაციო სამსახურიდან განთავისუფლებულმა 21-მა თანამშრომელმა კი სასამართლოში იჩივლა ტელეკომპანია „იბერიის“ წინააღმდეგ, და კომპენსაციისა და განაცდურიდან ასანაზღაურებელი თანხის გადახდა მოითხოვა.