წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 2023 წლის 29 სექტემბერს გამართეს. მათ ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზის ჩაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. გზის ჩაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის ორი მონაწილე – ისინი ტერიტორიას განარიდეს და არ დაუკავებიათ.
ეწერფერდის თემის მცხოვრებლების თქმით, ადგილობრივი მერიისგან წლების განმავლობაში ითხოვდნენ სოფლის საუბნო გზის შეკეთებას და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, თუმცა ეს მოთხოვნა უყურადღებოდ რჩებოდა მაშინაც, როცა მუნიციპალიტეტის მერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და მერეც, როცა ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობით ოპოზიცია მოვიდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭალე ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებს, მუჟავას და ფახულანს, ესაზღვრება. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მათ, როგორც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს და ამისთვის რადიკალური ზომების მიღება არ უნდა უწევდეთ.
წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ ჭალეში გზის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება. რაც შეეხება წყლის მომარაგების სისტემას, მან ამ მოთხოვნის შესრულების თარიღი ვერ დაასახელა. მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრის შემდეგ აქცია დასრულდა.