EN

პროტესტი სკოლის დირექტორობის კონკურსის გამო

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2023 წლის ოქტომბერი – დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში, შიმშილობა, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

განათლების სამინისტროს სკოლების ნაწილში დირექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, მათ შორის ვერ მოხვდნენ სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაწილი.

ლიდერები

მაია ეკალაძე, დავით ფერაძე

მთავარი მოთხოვნა

გაუქმდეს კონკრუსის შედეგები

პროტესტის ადრესატი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ტრანსპარანტები

“არა უსამართლობას”,  “გაუფრთხილდით მასწავლებელს”

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლების ნაწილი აპროტესტებდნენ დირექტორების არჩევნების პროცესს, რომელიც, მათი თქმით, უსამართლოდ მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა 2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატებით სკოლების დაკომპლექტებას.

პროტესტის გამო საგანმანათლებლო პროცესი 2023 წლის 6 ოქტომბერს ჩაიშალა ჩხოროწყუს კირცხის თემის პირველ საჯარო სკოლაში, ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო და სოფელ ახუთის პირველ საჯარო სკოლებში.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ყოფილი დირექტორების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით “დაბლოკეს” და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სკოლებში ძირითადად მათთვის სასურველი ერთი კანდიდატი დატოვეს, მოქმედ დირექტორებს კი განუცხადეს, რომ მათი კანდიდატურა არ შეირჩა.

კირცხის თემის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიმონ არახამია აცხადებდა, რომ სკოლაში ორი ვადით იყო არჩეული 2007 და 2014 წლებში. გამომდინარე იქიდან, რომ იმავე სკოლაში, კანონის თანახმად, მესამე ვადით ვერ აირჩევდნენ, სხვა, ქვედა ჩხოროწყუს სკოლის დირექტორის არჩევნებში სცადა მონაწილეობის მიღება, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა. ის ფიქრობს, რომ რადგან წინა არჩევნების პერიოდში ხელისუფლების მითითებებს სათანადოდ არ ასრულებდა, მიზანმიმართულად “დაბლოკეს”.

მის მხარდასაჭერად და, ზოგადად, დირექტორის “უსამართლო არჩევნების” წინააღმდეგ 2023 წლის 6 ოქტომბერს მოზარდები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ ტრანსპარანტებით: “არა უსამართლობას”; “ჩვენ გვიყვარს ჩვენი დირექტორი”.

პროტესტის ნიშნად მოსწავლეები გაკვეთილებზე არ შევიდნენ ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაშიც. განათლების მინისტრის ჩასვლას ითხოვდნენ ახუთის პირველ საჯარო სკოლაშიც.

7 ოქტომბერს ჩხოროწყუობა-2023-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის სამი სკოლის მოსწავლეები მივიდნენ საპროტესტო აქციით. კირცხის საჯარო სკოლის დირექტორი დიმონი არახამია, რომელსაც ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული, ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა და მისთვის მინიჭებულ ამ წოდებაზე უარი თქვა. მას საუბრისას მიკროფონი გამოურთეს.

დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო გამოცდები ორი ეტაპისგან შედგებოდა: გამოცდა და გასაუბრება. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკრეტული სკოლების დირექტორობაზე შეეტანათ განაცხადი. ამ განაცხადების საფუძველზე, თითოეული სკოლისთვის სამინისტროს უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელთაგან მათთვის სასურველს სამეურვეო საბჭოები თავად აირჩევდნენ.

სკოლების ნაწილში სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კი არცერთი სკოლაში გასამართ კონკურსზე არ დაუშვა.

17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დახმარებით, დირექტორობის მსურველმა 26 აპლიკანტმა სასამართლოს მიმართა და გასაუბრების შედეგები გაასაჩივრა. 

ამ 26-დან ერთმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ეკალაძემ 4 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო და ასე განაგრძო დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისა და შედეგების გაპროტესტება. “გაუფრთხილდით მასწავლებელს” – ამ ბანერით გამოხატავდა მოთხოვნას პედაგოგი. 

იმავე დღეს დავით ფერაძე და მაია ეკალაძე მედიისა და ტელეფონების გარეშე აიყვანეს მინისტრის მოადგილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრი გიორგი ამილახვარი და მისი ორი მოადგილე – თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე ესწრებოდნენ. ეს იყო „შეხვედრა შეხვედრისთვის“ – განაცხადეს სამინისტროდან გამოსვლისას პედაგოგებმა და პროტესტი სამინისტროს წინ გააგრძელეს. მოგვიანებით მაია ეკალაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა კოლეგებთან, დავით ფერაძესა და გიორგი ჭაუჭიძესთან ერთად, სამინისტროსთან გაშლილ კარავში პროტესტს აგრძელებდა.

დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ 11 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

12 დეკემბერს სამივე პედაგოგმა აქცია მსვლელობა მოაწყეს პირველი კლასიკური გიმნაზიიდან (რუსთაველის გამზირი) პრეზიდენტის სასახლემდე მოწოდებით „ნურაფრის შეგეშინდება მასწავლებელო, იბრძოლე მოსწავლისთვის”.

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. 2024 წლის 24 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეში საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის ახალი წესის შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა. ახალ წესში არ იყო გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განათლების მკვლევრების მოთხოვნა, რაც სამინისტროში შექმნილ კომისიასთან გასაუბრების ეტაპის გაუქმებას ითვალისწინებდა.

უფრო კონკრეტულად კი, საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნის მიხედვით, სერტიფიცირებულ კანდიდატს უნდა მისცემოდა ავტომატურად მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე და მისი შესაბამისობა უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭოს. თუმცა, ეს მოთხოვნა მოთხოვნად დარჩა.

Media

დავით ფერაძე და მაია ეკალაძე განათლების სამინისტროსთან

დავით ფერაძე და მაია ეკალაძე განათლების სამინისტროსთან

2023 წელი. ფოტო: ნეტგაზეთი