რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. 2023 წლის სექტემბრის ბოლოს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის გაუქმებას ითხოვდნენ.
შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც რაჭის ტყეების ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის რაჭასა და ქვემო სვანეთში, 49 წლით, 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემის ამბავი „მთის ამბებმა“ პირველად 2022 წლის 22 აპრილს გაახმაურა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
2023 წლის 17 ივლისს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება რაჭის ტყეების ოკუპაცია. გამოძიებამ გამოავლინა მრავალი კანონდარღვევა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
24 ივლისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს.
15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადიოდა. „კარგად იყვნენ უჩემოდ“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.
ამის გამო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებდა თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას, იმთავითვე ცხადი არ იყო.
„რიონის ხეობის მცველებისთვის“ კი არც ხიდაშელის განცხადება იყო დამაჯერებელი და არც – გარემოს დაცვის სააგენტოსი. ამიტომ 18 ნოემბერს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა, რიონის ხეობის მცველებმა საპროტესტო კარვის გაშლა გარემოს დაცვის სამინისტროსთან, მარშალ გელოვანის გამზირზე გადაწყვიტეს. “რაჭა არ იყიდება” – გაშალეს დიდი ბანერი.
მას შემდეგ, რაც მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის, მარშალ გელოვანის გამზირის გადაკეტვაც სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებოლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის “რიონის ხეობის მცველების” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ასევე, მოძრაობის წევრები გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე და მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია.
იმ ღამეს აქციის მონაწილეები სამინისტროსთან დარჩნენ. მეორე დღეს დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მათ ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყეს რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების პროცესი.
თუმცა, ამ განცხადებას 20 ნოემბერს „არსებითად მცდარი“ უწოდა ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრმა და განმარტა, რომ „მაისში წარმოება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაიწყო კომპანიის დაჯარიმების მიზნით, ხოლო ლიცენზიანტის მიერ პირობების შეუსრულებლობა და მისი სანქცირება აუცილებლად ლიცენზიის გაუქმებას არ გულისხმობს“.
20 ნოემბერსვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რაჭაში ტყე არ გაყიდულა და, რომ „არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა არ არის შესაძლებელი“.
მინისტრის განცხადებით, “ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად”.
რიონის ხეობის მცველები ისევ სამინისტროსთან აგრძელეებდნენ პროტესტს.
საბოლოოდ, დავით ხიდაშელის კომპანიას ლიცენზია 2023 წლის 28 ნოემბერს გაუუქმეს.