EN

აქცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2023 წლის 20 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ორგანიზატორი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომა.

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

2023 წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობდა საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი გახლდათ.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, “აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” უნდა შეზღუდვოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებდა, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გამონაკლისის მიხედვით, ეროვნული ბანკი აღარ ავალდებულებდა კომერციულ ბანკებს, სანქციები ფარცხალაძეზე გაევრცელებინათ, შესაბამისად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. 

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 2023 წლის 20 სექტემბერს ხალხი ჯერ ეროვნული ბანკის სათავო ოფისთან  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით შეიკრიბა, შემდეგ კი პარლამენტთან. მათ ნათია თურნავას გადადგომა და საქართველოს „რუსული ჯაშუშური ქსელისგან“ გაწმენდა მოითხოვეს. “არ ვიქნები რუსეთის მონა” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. აქცია მალევე დასრულდა. შედეგი არ მოჰყოლია.

Media

აქცია პარლამენტთან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო

აქცია პარლამენტთან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო

2023 წლის 20 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება