2022 წლის 5 ნოემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 40 წლის ვადით გასასხვისებლად გაიტანა აუქციონზე. კანიონი, რომელსაც 2013 წლიდან უნიკალური ძეგლის სტატუსი აქვს, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან 20 წუთის გზაზეა. ეს ტურისტული სივრცეა ირგვლივ მდებარე სამი სოფლის (პირველი, მეორე და მესამე ბალდის) მოსახლეობის შემოსავლის წყარო.
აუქციონის გამარჯვებული 15 ნოემბერს გამოვლინდა. გაიმარჯვა შპს „კანიონ 350-მა”, რომელიც 2022 წელს დაარსდა და ქვეყანაში მოწყობილი ზიპლაინების 90%-ს მართავდა. სავალდებულო პირობა იყო, გამარჯვებულს 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია გამოეყო და მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდული ბილიკი, ხიდები, გადასახედები და 350 მეტრი სიგრძის ე.წ. „როლერის“ ატრაქცია. კომპანიამ ტერიტორიის შემოღობვა 2023 წლის აპრილში დაიწყო.
მთავრობამ ბუნების ძეგლი 40 წლით კერძო კომპანიას რომ გადასცა, ადგილობრივებმა ამის შესახებ სამი თვის წინ გაიგეს, როცა ახალგაზრდები ივლისის ცხელ დღეებში კანიონის ტერიტორიაზე, მდინარეში ბანაობდნენ და იქიდან გამოყარეს.
„უცებ ერთ დღეს, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ეს ადგილი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩვენი იყო და შევდიოდით, გაიყიდა ორმოცი წლით“, – უთხრა “მთის ამბებს” თაზო რუხაიამ, სოფელ ბალდის მკვიდრმა.
წინააღმდეგობას ადგილობრივები პირველივე დღეებიდან გამოხატავდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბალდელების ინტერესების გაუთვალისწინებლად სახელმწიფოს მსგავსი გარიგება კერძო კომპანიასთან არ უნდა დაედო – აუცილებელი იყო საჯარო განხილვები. მათი შეფასებით, მახინჯდებოდა უნიკალური გარემო. გარდა ამისა, როგორც “მთის ამბები” წერდა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა გულისხმობდა, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე მომდევნო 40 წლის განმავლობაში ადგილობრივები უფასოდ ვეღარ შევიდნენ – მათ კერძო კომპანიისთვის თანხის გადახდა მოუწევდათ.
2023 16 აგვისტოს მარტვილის მერიაში ბალდის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ მშენებლობა ორი კვირით შეჩერდებოდა. ამ დროის განმავლობაში ბალდელებს სოფლისა და კანიონის განვითარების გეგმა უნდა წარედგინათ.
მშენებლობის განახლებამდე პროექტის დროებით შეჩერების და უკეთესი სატენდერო პირობების მომზადების (და ამ პირობებში ადგილობრივების ინტერესებისა და ხედვების გათვალისწინების) მოთხოვნით 2023 წლის 28 აგვისტოს ადგილობრივებმა შექმნეს ფეისბუქ გვერდი „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს. ამავე ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებდნენ ვიდეორგოლებსაც – ადგილობრივები მაყურებელს უხსნიდნენ, თუ რატომ იბრძოდნენ კანიონის გადასარჩენად.
მერიაში მორიგი შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ხელშეკრულების გასაუქმებლად სასამართლოსთვის მიემართა და პროტესტის სხვადასხვა ფორმა გამოეყენებინა.
11 სექტემბერს „ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა მარტვილში. დემონსტრანტებმა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას 5-დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადეს, რომ „სხვა ზომებს“ მიიღებდნენ. აქცია გაიმართა 22 სექტემბერსაც.
უკვე 2023 წლის 23 ოქტომბერს, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, ბალდის მოსახლეობამ ბალდის კანიონის შესასვლელთან კარავი გაშალა და იქ დაიწყო პროტესტის ნიშნად ღამეების გათენება. 3 ნოემბერს ადგილობრივებმა კომპანია „კანიონ 350-ის” წარმომადგენლები არ შეუშვეს ტერიტორიაზე და უკან გააბრუნეს.
მოძრაობის წევრები სოლიდარობას გამოხატავდნენ სხვა ჯგუფების მიმართაც. მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს ჰესის წინააღმდეგ გაერთიანებულ ადგილობრივებს, რომლებიც საზოგადოებაში „რიონის ხეობის მცველების“ სახელით არიან ცნობილი.
2024 წლის 11 ივნისს სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც გაშლილი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მონაწილეთა კარავი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროს დაჭრეს ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, რომლებიც მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ამ ფაქტის გამო დააკავეს ასევე ბალდაში მცხოვრები ძმები გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია ჰქონდათ. 12 ივნისს, ასევე კანიონის თემაზე დაწყებული დავის შემდეგ პოლიციამ სოფელ ბალდის მცხოვრები, მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა დააკავა მუქარის ბრალდებით. 2025 წლის 13 მარტს გელა ხურცილავას 10 წლით, ხოლო გიგა ხურცილავას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო.
2024 წლის 29 ივნისს მარტვილში მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბალდის კანიონზე “ტურისტული ინფრასტრუქტურის” მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. პროტესტს აქტივისტები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციაში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა აქტივისტებმა – მოქალაქეებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბალდის კანიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებით, ნადგურდება და სახეს კარგავს ხელუხლებელი ველური ბუნება.პროტესტი გრძელდება. მოსახლეობას არ აძლევს სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების უფლებას. ამის გამო ინვესტორმა შეაჩერა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც „კანიონ 350“-ის დირექტორი გიორგი მერკვილაძე ირწმუნება, ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ბალდის კანიონზე ინფრასტრუქტურა პროექტის მიხედვით მოეწყობა.