2018 წლის 2 მარტი – 25 აპრილი
რეგიონი, თბილისი
სოციალური პრობლემები
აქცია, მარში
აგარის ქარხანა დაიხურა და 500-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.
აგარის ქარხნის მუშები
აგარის ქარხნის ამუშავება
ქარხნის მესაკუთრე, ხელისუფლება
აამუშავე აგარა!
ქარხანა ამუშავდა
აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა 2017 წელს შეაჩერა იმ მიზეზით, რომ მისი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევდა შედარებით დაბალი ფასის იმპორტირებულ შაქარს. მთელი დასახლება, რომელიც ფინანსურად სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზე იყო დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთო ჯამში, უმუშევარი დარჩა 500-მდე ადამიანი.
2018 წლის 2 მარტს დაბა აგარაში აგარის ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს და ქარხნის ამუშავება მოითხოვეს „აამუშავე აგარა“; „აგარა ითხოვს შველას“; „მეშაქრე ითხოვს შრომის უფლებას“ – ეწერათ ტრანსპარანტებზე.
აქციის მონაწილეებს 9 აპრილს პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ამ საკითხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაინტერესება მოითხოვეს. მათი თქმით, არჩევნების წინ მმართველი პარტია ამომრჩეველს ახალ სამუშაო ადგილებს ჰპირდებოდა, მაგრამ ეს პირობა არ სრულდება და, პირიქით, უკვე შექმნილი სამუშაო ადგილებიც ქრება.
აქციას დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ენერგეტიკის, რკინიგზისა და მეტროს პროფკავშირების წარმომადგენლებმა აგარელ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართეს და ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდეს, რაც, მათი აზრით, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გარდა, აგარელი მუშების მდგომარეობასაც გააუმჯობესებდა.
40-დღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად შედეგი არ ჩანდა.
„კომპანია ყველაფერს იმპორტული შაქრის დაბალ ფასსა და პროდუქციის ჭარბ შემოდინებას აბრალებს, პასუხისმგებლობას იხსნის და ხელისუფლებისაკენ იშვერს თითს.
ხელისუფლება კი დღემდე არ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომლებსაც ამ პრობლემის რეალურად მოგვარების ძალა შესწევთ. სახეზე გვაქვს მხოლოდ პროტესტის მაქსიმალური მინელების მიზნით არაშედეგობრივი დისკუსიების წამოწყების მცდელობა ჯგუფებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
აგარის მოსახლეობა დღეს არის გაუსაძლის კრიზისში, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ყველა დასაქმებულის უკან ოჯახი დგას და სამწუხაროდ ყველა მოქალაქეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები. აგარაში შიმშილმა მასიური ხასიათი მიიღო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, გაატაროს რეალური პოლიტიკა”, – აღნიშნავდნენ აგარის ქარხნის მუშები 18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში. მათ აგარიდან თბილისისკენ მარშით წასვლა გადაწყვიტეს.
100 კილომეტრზე მეტის გავლის შემდეგ, აქციის მონაწილეები თბილიში 19 აპრილს ჩავიდნენ. წინ მოჰქონდათ ბანერი: “აამუშავე აგარა”. ღამე დიღმის ტყე-პარკში, კარვებში გაათენეს და მეორე დღეს მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ. ისინი პრემიერთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებაში შუამდგომლობას ითხოვდნენ.
აგარელებმა აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შეთანხმებით დასრულდა „აგარის შაქრის კომპანიის“ ხელმძღვანელების, პროფკავშირების წარმომადგენლებისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა. კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით გამართული მოლაპარაკების შედეგად შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი და, მისი დახმარებით, აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებდა – ხოლო თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდებოდნენ. პროფკავშირების ცნობით, შეთანხმებული გეგმა მოქმედებდა 31 დეკემბრამდე, წლის ბოლოსთვის კი ქარხნის მეპატრონეს უნდა წარმოედგინა საწარმოს დატვირთვის და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი.2018 წლის ივნისიდან ქარხანა მართლაც ამუშავდა და 31 დეკემბრამდე აგრძელებდა შაქრის წარმოებას. ამის შემდეგ ქარხანა გარკვეული პერიოდულობით მუშაობდა.
2018 წლის 2 მარტი. ფოტო: ლიბერალი