1998 წლის 20 აგვისტოს “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებმა (მათ ზვიადისტებად მოიხსენიებს პრესა), რომელსაც მანანა არჩვაძე-გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დილის 11 საათზე თურქეთის საელჩოსთან მჯდომარე აქცია დაიწყეს. შეკრება საღამოს 5 საათისთვის შიმშილობის აქციაში გადაიზარდა.
მათი პროტესტი გამოიწვია თურქეთში მომხდარმა ამბავმა – 1998 წლის 21 ივლისს თურქეთის ქალაქ სამსუნში სარეაბილიტაციო ბანაკში წაიყვანეს აფხაზეთიდან დევნილი 20 ბავშვი. ბანაკში სულ 150 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 31 ივლისს ბანაკში ტრაგედია დატრიალდა – ფეხბურთის თამაშის დროს ბავშვებმა იჩხუბეს, რის შემდეგაც მიყენებული დაზიანებებით ერთი თურქი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თურქული მედია ავრცელებდა ინფორმაციას რომ თურქ ბავშვს ქართველმა თანატოლებმა სცემეს. 6 ქართველი ბავშვი პოლიციამ მართლაც დააკავა. ქართველების ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ რეალურად მხოლოდ პატარა წაკინკლავება იყო, ბავშვი კი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მას დაზიანებები არ ჰქონია.
სწორედ ამ ბავშვების გათავისუფლებას ითხოვდნენ ზვიადისტებიც, მიაჩნდათ, რომ პოლიციას ისინი უსამართლოდ ჰყავდა დაპატიმრებული. “დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ თურქეთში დაპატიმრებული აფხაზეთიდან ლტოლვილი ბავშვები”, “შეწყდეს ქართველი ერის შეურაცხყოფა თურქეთის მასმედიის მიერ”, “დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პასუხს “მრგვალი მაგიდის” საპროტესტო ნოტაზე თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებისგან” – ეს ლოზუნგები ისმოდა აქციაზე. ამ ლოზუნგების შინაარსს ატარებდა საპროტესტო ნოტა, რომელიც დილითვე გადასცეს თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს. მიტინგის მონაწილეები ამბობდნენ, რომ იშიმშილებდნენ იქამდე, ვიდრე მათგან გაგზავნილი საპროტესტო ნოტის რეგისტრაციაში გატარების დოკუმენტს არ მიიღებდნენ.
პრესის ცნობით, ღამის პირველ საათზე “ომონმა” (სპეცდანიშნულების რაზმი) ადგილზე დარჩენილი ზვიადისტები ელექტროშოკებით დაარბია და დაშალა.