ზუგდიდში თხილის ქარხანა „აგრო-ჯორჯიას“ 300-მდე თანამშრომელი ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 2014 წლის 13 აგვისტოს გაიფიცა. გაფიცულების განცხადებით, მათი შრომის ანაზღაურება დღეში 20 ლარი იყო, რაც გაწეულ სამუშაოს არ შეესაბამებოდა.
თხილის ქარხანაში დასაქმებულები ამბობდნენ, რომ მუშები, რომლებიც იმავე საქმეს კერძო შეკვეთით ასრულებდნენ, დღეში 25-30 ლარს გამოიმუშავებდნენ, ამიტომ დამსაქმებლისგან ბაზარზე მიღებული ანაზღაურების დაწესებას ითხოვდნენ. გაფიცულებმა თხილის ქარხნამდე მიმავალი გზა გადაკეტეს და დატვირთული ავტომობილები არ გაატარეს. თუმცა შემდეგ, საპატრულო პოლიციის ჩარევის გამო, გზა გახსნეს.
„აგრო-ჯორჯია“, რომელიც საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი „ფერეროს“ შვილობილი კომპანია იყო, თანამშრომელთა მოთხოვნების შესრულებას არ აპირებდა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათთან სულ 1200 თანამშრომელი მუშაობდა და 300 უკმაყოფილო მუშა მათ მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა.
მუშებმა საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით შეწყვიტეს. ის გაფიცულებს ქარხნის ხელმძღვანელობასთან შუამავლობას დაჰპირდა.