2013 წლის მაისში ბექა წიქარიშვილი 70 გრამამდე მარიხუანის ფლობის გამო დააკავეს. პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ქონისთვის მას 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
დაკავების შემდეგ მან 18 დღე პატიმრობაში გაატარა, შემდეგ კი სასამართლომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა. სასამართლო პროცესი ჭიანურდებოდა, პროკურატურა კი უარს ამბობდა, აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო.
მისი პატიმრობა ხელისუფლების რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგი იყო. ამიტომ მოქალაქეთა ნაწილმა დაიწყო კამპანია „ბექა არ არის კრიმინალი“. პირველი აქცია-მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე 2014 წლის 31 მაისს გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოითხოვეს. საპასუხოდ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს საკითხი არ განიხილება“.
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ წარწერები გაჩნდა თბილისის ქუჩებში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში. კამპანიის მიზანი იყო მოსახლეობისთვის აეხსნათ, რამდენად არაჰუმანურია ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა – ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ის, რომ კანონი გაუპატიურებისთვის 4-დან 6 წლამდე პატიმრობას, მარიხუანის ფლობისთვის 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
2015 წლის 5 მაისს ბექა წიქარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობას ითვალისწინებად. სარჩელის მიხედვით, ეს მუხლი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რომლითაც დაცულია პიროვნული განვითარება და ღირსების შემლახავი მოპყრობა აკრძალულია. იმავე წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა – შესაბამისად, არაკონსტიტუციურად სცნო 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.