2020 წლის 13 ივლისიდან 2021 წლის 13 თებერვლამდე
თბილისი და რეგიონი
სამართალი
აქცია, პიკეტი
საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა საქართველოს მოქალაქე
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები
მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.
ხელისუფლება
“არა ოკუპაციას“, „თავისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს და ზაზა გახელაძეს“, „Stop Russia”
ზაზა გახელაძე დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს რაც საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს პატიმრის გათავისუფლება სთხოვა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა. თუმცა, მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია სამხედრო პირისთვის. ცხინვალშივე ჰყავდათ გადაყვანილი ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა 17 ივლისს იწურებოდა.
მალევე, 13 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას. “არა ოკუპაციას“; „თავისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს და ზაზა გახელაძეს“; „Stop Russia” – ეჭირათ ტრანსპარანტები სოფელ ერგნეთის ცენტრში შეკრებილებს.
აქციას შედეგი არ მოჰყოლია. ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აქტივისტებმა ეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ამჯერად თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 2021 წლის 5 თებერვალს გამოსულები ხელისუფლებას ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვდნენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება ტყვეთა გასათავისუფლებლად ბევრს არაფერს აკეთებდა, მაგალითად, არ იყენებდა საერთაშორისო ბერკეტებს. აქციის მიმდინარეობისას, ერთ მომენტში, პოლიციელები და აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა სცადეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება, თუმცა დანარჩენებმა ამის საშუალება არ მისცეს.
იმავე 5 თებერვლის საღამოს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი სოფელ აღაიანთან გადაკეტეს. „დაგვეხმარეთ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში“, – ითხოვდნენ ისინი. მათაც მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, მეტად ეაქტიურა ოკუპირებული რეგიონის ციხეებში მყოფი უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლად.
13 თებერვალს კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხესთან, იმ ადგილას გამოვიდა, სადაც ზაზა გახელაძე დააკავეს. აქციაში თბილისიდან ჩასულ აქტივისტებთან ერთად მონაწილეობდნენ აქტივისტები კასპიდან და გორიდან.
ზაზა გახელაძე 2021 წლის 14 ივლისს გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის სააგენტომ გაავრცელა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის კომენტარი, რომლის თანახმადაც, გახელაძე რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნით გაათავისუფლა. რამდენიმე კვირით ადრე კირილს საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისწერა და გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.