ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – ამ ლოზუნგით მოძრაობებმა “შეცვალე”, “სირცხვილია”, “გაბედე” და ორგანიზაციამ “დემოკრატიული მომავლისთვის” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2020 წლის 22 ივლისს აქცია გამართეს. ისინი ბოლო პერიოდში გარდაცვლილი ახალგაზრდების საქმეთა ობიექტურად გამოძიებას მოითხოვნენ. იმ დღეს, როცა აქცია გაიმართა, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. იმავე პერიოდში მიმდინარეობდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაც. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს, მიმდინარეობდა საქმის სხვა და სხვა ფიგურანტის დაკითხვა. საზოგადოების ნაწილი შიშობდა, რომ ამ ორ საქმე შესაბამისი უწყებები არასათანადოდ იძიებდნენ და ხელს აფარებდნენ მკვლელებს.
ამ ორ მკვლელობას ეხმიანებოდა შსს-სთან გამართული აქციაც. “შემდეგი შეიძლება მე ვიყო”; “დაიცავი სიცოცხლე” – ეჭირათ ტრანსპარანტები სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით გამოსულებს. აქციის მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელთათმანების შსს-ს ღობეზე გაკვრა და გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციაზე დააკავეს 3 მონაწილე – ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია. ისინი, მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.