EN

თუშების პროტესტი

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 4 ივნისი

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთი წყალმა დაფარა

ლიდერები/ორგანიზატორი

თუშები

მთავარი მოთხოვნა

ხელისუფლებამ დაიწყოს გზის გაწმენდა

პროტესტის ადრესატი

ადგილობრივი ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

გზა გაწმინდეს და გახსნეს

2019 წლის 4 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნის მოთხოვნით, თუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, ხელისუფლებას სამდღიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ სოფელ ხისოსთან დაგუბებული წყლის გაშვებაზე მუშაობა დაეწყო და საავტომობილო გზა გაეხსნა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან, იქ, სადაც სამი წლის წინ, დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა ჩამოწვა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა, წყალს გზის 600-მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ჰქონდა დაფარული. სამანქანო გზაზე წყლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევდა. წყლის დასაცლელად სამუშაოების დაწყება რაც უფრო გვიანდებოდა, დატბორილი ტერიტორია მით უფრო ფართოვდებოდა და ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. ზოგიერთმა მესაქონლემ გარისკა და საქონელი წყალში გაატარა. რამდენიმე მათგანი ამის გამო დაზარალდა.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება პრობლემისადმი საკმარის ყურადღებას არ იჩენდა და დაგუბებული წყლის გასაშვებად არაფერს აკეთებდა.

აქციაზე მივიდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი. როგორც ქარუმაშვილმა თქვა, ვერ დაეთანხმება თუშების პრეტენზიას, რომ გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება თავის დროზე არ ხდება. მისი თქმით, 10 მაისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა უმოკლეს დროში შეაკეთეს.

„სამ დღეს ვაძლევთ ხელისუფლებას, თუ დაიწყებენ მუშაობას დაგუბებული წყლის გასაშვებად, არადა, ჩვენი ძალებით, სათუშო მივდივართ და როგორც და რა ფორმითაც შევძლებთ, თვითონ ვეცდებით გზის გახსნას”, – ასე დაასრულეს იმ დღეს აქცია თუშებმა. 

7 ივნისს ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკის მობილიზება დაიწყო. 9 ივნისს კი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა აღდგა.