2008 წლის 14 აპრილს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედა ენის დღეს ჟურნალისტთა ერთი ნაწილი სტუდია „მაესტროს“ სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა ლოზუნგით – “თავისუფლება სიტყვას!” . პირზე დოლბანდაკრული ჟურნალისტების აქცია ერთ საათს გაგრძელდა, ისინი აპროტესტებდნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ “მაესტროსთვის” საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემაზე უარს, რასაც ”მაესტრო” სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდა.
იმ დროისთვის “მაესტროს” გასართობი მაუწყებლობის ლიცენზია ჰქონდა და მის შეცვლას 2007 წლის ბოლოდან ითხოვდა. მას სურდა, რომ საერთო მაუწყებლობის ლიცენზია მიეღო, რაც უფლებას მისცემდა, პოლიტიკური გადაცემებიც განეთავსებინა ეთერში. ამ მიზნით, სტუდიამ მარეგულირებელ კომისიას მიმართა და საკითხის გადაწყვეტამდე დაიწყო ისეთი გადაცემების წარმოება, როგორიცაა „პროფესია – ჟურნალისტი“, „უკომენტაროდ“ და „გამოკითხვა“. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი სტუდიას 20 მარტით დათარიღებული გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ზემოხსენებული გადაცემებით ”მაესტრომ” სალიცენზიო პირობები დაარღვია და საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები განათავსა. გაფრთხილების თანახმად, სტუდია ”მაესტროსთვის” საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემა, სულ მცირე, ერთი წლით გადავადდა. თუმცა სტუდიამ 8 აპრილს ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით მაინც მიმართა მარეგულირებელს. გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას 1 თვე ჰქონდა. ამ ვადის ამოწურვამდე აქცია კი იმის შესახსენებლად გაიმართა, რომ მარეგულირებელი ცენზორის ფუნქციებს ითავსებს და სახელმწიფოს დაკვეთით არც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ერიდება.
22 მაისს კომისიამ გადაწყვიტა, რომ სამაუწყებლო პრიორიტეტები უნდა დადგინდეს და იქამდე კი შეაჩერებენ ახალ ლიცენზიებისა და არსებულ ლიცენზიებში ცვლილებების შეტანას. “მაესტრომ” სასამართლოში იჩივლა. მხოლოდ ამის შემდეგ, წლის ბოლოს, მოახერხა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვება.