EN

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით

left arrow

2008

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2008 წლის 16 მაისი – 7 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

საპარლამენტო არჩევნები

ლიდერები, ორგანიზატორი

ლევან გაჩეჩილაძე, 9 ოპოზიციური პარტიის კოალიცია

მთავარი მოთხოვნა

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

არანაირი შედეგი არ მოჰყოლია

2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.  ოფიციალური მონაცემებით ამ არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” 59.18% აიღო, ხოლო გაერთიანებულმა ოპოზიციამ – 17.73%.  ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ საკუთარი მხარდამჭერები 26 მაისს სპორტის სასახლესთან შეკრიბეს. ამ აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ  არალეგიტიმურად ცნობენ 21 მაისის არჩევნებს და ახალ პარლამენტს და მოითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შეთანხმებული საარჩევნო კანონის შესაბამისად.

ამ მოთხოვნით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ლეიბორისტულმა პარტიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელსიც აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის შედეგად ჩამოყალიბებულ პარლამენტს არ ცნობენ, ამიტომ უარს აცხადებენ ამ პარლამენტში შესვლაზე. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მიტინგზე ხელი მოაწერეს სიმბოლურ აქტს საარჩევნო სიის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა მსვლელობა დაიწყო რუსთაველის გამზირისკენ, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართებოდა. აღლუმს პრეზიდენტი სააკაშვილი იბარებდა.

აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა – ”საქართველო არ არის ადვილად გასათელი ქვეყანა. სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ამერიკელები, სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ევროპელები, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქართული ქვეყანა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრძოლა, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა არ არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არის მსოფლიო გეოპოლიტიკის წინააღმდეგ, ეს არის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ და ეს არის სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ”.

პარლამენტთან გადანაცვლებული აქცია მალევე – ლევან გაჩეჩილაძის მოწოდების შემდეგ – დაიშალა. 26 მაისს ოპოზიცია ელოდა ცესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნებზე, თუმცა სხდომა გადაიდო. ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა მომიტინგეებს, რომ პარლამენტის შეკრების წინა ღამეს კვლავ მოსულიყვნენ, გაეთენებინათ ღამე და შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის.

ახალი მოწვევის პარლამენტი 7 ივნისს შეიკრიბა. ოპოზიციის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დილიდან მართლაც მივიდა პარლამენტის შენობასთან. თუმცა ამ პროტესტს ხელი არ შეუშლია საპარლამენტო მუშაობის დაწყებისთვის. ამ საპროტესტო აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატები მაკრატლით დაჭრეს. ამის შემდეგ მათ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ მომავალ გეგმებზე იწყებენ კონსულტაციებს.

Media

civil.ge-ს ინფორმაცია

civil.ge-ს ინფორმაცია