2008 წლის 7 აპრილიდან სისხლის სამართლის ადვოკატების გაფიცვა დაიწყო. ათობით ადვოკატმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ სასამართლო გადაიქცა პროკურატურის ”დანამატად”. ამ აქციას ბიძგი მისცა ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის შიმშილობამ. იმ დროს, როდესაც სხვა ოპოზიციონერები პარლამენტთან შიმშილობდნენ, ის ომბუდსმენის ოფისთან მიმართავდა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას და მოითხოვდა კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების გატარებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლოს მიერ მიღებული ”უკანონო” გადაწყვეტილებების გადასინჯვა.
ადვოკატების გაფიცვის დაწყებისას მალხაზ ჯანგირაშვილის შიმშილობის 25-ე დღე იყო. 7 აპრილსვე ჯანგირაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა, რადგან საკანონმდებლო ინიციატივისთვის საჭირო 40 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც ხელმოწერები ოპოზიციური კოალიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით შეგროვდა, ითვალისწინებდა სახალხო დამცველის ოფისისა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიისათვის სასამართლო საქმეების შესწავლის უფლებამოსილების მინიჭებას. მათი დასკვნების საფუძველზე უნდა დამდგარიყო ამ საქმეების სასამართლოში ხელახლა განხილვის ვალდებულება.