EN

სტუდენტების მიტინგი 

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1991 წლის 18 თებერვალი

პროტესტის ადგილი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

1989 წლის 18 თებერვალს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების მიტინგის დაარბევის ორი წლისთავი.

ორგანიზატორი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი და მისი პრეზიდენტი მამუკა კაციტაძე

მთავარი მოთხოვნა

შეწყდეს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს უფლებამოსილება. გადადგეს რექტორი, გოჩა ჩოგოვაძე.
შეიქმნას საარჩევნო კომისია, რომელიც დემოკრატიული წესით დააკომპლექტებს უნივერსიტეტის დიდ საბჭოს.

პროტესტის ადრესატი

ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა

ლოზუნგები

ძირს კომუნისტური მაფია!
შეჩერდეს უნივერსიტეტის დიდი საბჭოს უფლებამოსილება!

პროტესტის შედეგი

პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. მიტინგზე შეკრებილებს აცნობეს, რომ ვიღაცას საქართველოს მთავრობისთვის შეუტყობინებია, თითქოს, სტუდენტები მიტინგზე  ზვიად გამსახურდიას გადადგომას ითხოვდნენ. ცრუ ინფორმაციით აღშფოთებული სტუდენტები მთავრობის სახლისკენ გაემართნენ ამ ამბის გასაპროტესტებლად.

1991 წლის 18 თებერვალს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან სტუდენტური კავშირის ორგანიზებით გაიმართა მიტინგი. ეს შეკრება ახალგაზრდებმა მიუძღვნეს 1989 წლის, 18 თებერვალს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მიტინგის დარბევას. ორი წლის წინანდელი მიტინგი ეძღვნებოდა ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტურ სიტუაციას და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის ყოფნა-არყოფნის საკითხს. ის შეკრება მილიციამ დაარბია და, საგაზეთო ცნობის მიხედვით, ამ ქმედებებში მონაწილეობდა “ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ წაქეზებული კომკავშირელი აქტივისტებიც”. 

ორი წლის თავზე შეკრებილმა სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მიტინგის დამარბევლები “მაშინ კიდეც დაუჯილდოებიათ. 9 აპრილის კომისიამ, რომელიც 18 თებერვლის საკითხსაც სწავლობდა, შეაფასა მომხდარი და პირობითი სასჯელებიც მოუხსნა დარბეულ და ნაცემ მიტინგის მონაწილეებს. მაგრამ, დასჯის ნაცვლად, იმ აქციის “გმირები”, უკლებლივ ყველა – კომკავშირული აქტივისტებიდან რექტორამდე, კვლავაც ლაღად გრძნობენ თავს. ბევრ მაშინდელ კომკავშირელს ახლა სტუდენტების აღზრდაც კი აბარია”. 

ამიტომ მიტინგზე შეკრებილმა სტუდენტებმა სამი მოთხოვნა დააყენეს: 

  • შეწყდეს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს უფლებამოსილება.
  • გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გოჩა ჩოგოვაძე.
  • შეიქმნას საარჩევნო კომისია, რომელიც დემოკრატიული წესით დააკომპლექტებს უნივერსიტეტის დიდ საბჭოს. 

სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მოთხოვნები წარუდგინონ განათლების სამინისტროსა და უზენაესი საბჭოს შესაბამის კომისიას. 

მიტინგის მსვლელობისას უნივერსიტეტის დოცენტმა რაულ კუპრავამ განაცხადა, რომ  წინა დღის გამთენიას, ოთხ საათზე შავნაბადაზე განლაგებულ ქართველ მაშველთა კორპუსს საბჭოთა არმიის ჯარისკაცები დაესხნენ თავს და რომ არიან დაჭრილები და დაპატიმრებულები. ეს ფაქტი საქართველოს ეროვნული კონგრესის წევრმა და მიტინგზე სიტყვით გამომსვლელმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს სხვა რეგიონებში გამწვავებულ ეთნოკონფლიქტებს დაუკავშირა და მიანიშნა რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე. ამან შეკრებილები აღაშფოთა ისე, რომ მიტინგი ჩაშლის პირას დადგა. თუმცა ორგანიზატორებმა აღშფოთებულები დააშოშმინეს და გააგრძელეს აქცია.

მიტინგის დასასრულს შეკრებილებს კიდევ ერთხელ გადაუარა აღშფოთების ტალღამ, როდესაც სტუდენტური კავშირის პრეზიდენტმა მამუკა კაციტაძემ გამოაცხადა, რომ ვიღაცას, ვისაც თავი სტუდენტური კომიტეტის თავმჯდომარედ “ვინმე ხმალაძედ” წარმოუდგენია, საქართველოს მთავრობისთვის შეუტყობინებია, თითქოს, სტუდენტური კომიტეტის წევრები მიტინგზე რექტორის მხარდასაჭერად და საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. სტუდენტები კიდევ ერთხელ აღშფოთდნენ და შეკრეს კოლონა, მთავრობის სასახლისკენ დაიძრნენ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად. 

Media

1991 წლის 18 თებერვლის სტუდენტების მიტინგი

1991 წლის 18 თებერვლის სტუდენტების მიტინგი

პაატა არჩვაძის ფოტოები (საქინფორმის ფოტოქრონიკა)

1991 წლის 18 თებერვლის სტუდენტების მიტინგი

1991 წლის 18 თებერვლის სტუდენტების მიტინგი

პაატა არჩვაძის ფოტოები (საქინფორმის ფოტოქრონიკა)

1991 წლის 18 თებერვლის სტუდენტების მიტინგი

1991 წლის 18 თებერვლის სტუდენტების მიტინგი

პაატა არჩვაძის ფოტოები (საქინფორმის ფოტოქრონიკა)