EN

სამხრეთ ოსეთში ომის წინააღმდეგ

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1991 წლის 10 იანვარი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

ცხინვალში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება

პროტესტის ფორმები

აქცია

პროტესტის ლიდერი

ზვიად გამსახურდია

მთავარი მოთხოვნა

შეწყდეს სისხლისღვრა

პროტესტის ადრესატი

“ოსი ექსტრემისტები” და მათი წამქეზებლები

პროტესტის შედეგი

არ შესრულდა

1991 წლის 5-6 იანვარს ცხინვალში ქართული პოლიცია განთავსდა ოსი შეიარაღებული დაჯგუფებების განსაიარაღებლად, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ქალაქის დასავლეთ ნაწილს ოსები აკონტროლებდნენ, აღმოსავლეთს კი – ქართველები.  

10 იანვარს მთავრობის სახლთან (დღევანდელი პარლამენტის შენობა) თბილისელი პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდების ინიციატივით “მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა”. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შიდა ქართლში მდგომარეობას ქართული მილიცია აკონტროლებს და იქ ასევე იმყოფებიან ავღანეთის ომის ვეტერანები, რომლებიც “ყველა ღონეს ხმარობენ მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის”. შიდა ქართლში იმყოფებიან მედესანტეები, რომლებიც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ სამხედრო ობიექტების დასაცავად გადასხა. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა, მიტინგის მიზანი იყო მოწოდება “რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა არაქართველისთვის” – “მარტო სიტყვით კი არა, საქმით დაამტკიცონ, რომ მართლაც ქართველების გვერდით დგანან”.

იმავე დღეს, იმავე ადგილზე, იმავე მოწოდებით, მეორე მიტინგიც გაიმართა. ამჯერად – ქალაქის არაქართველი მოსახლეობის ინიციატივით. ისინი გამოთქვამდნენ სურვილს, ქართველების გვერდით დამდგარიყვნენ. მათ საპროტესტო წერილი გაუგზავნეს სსრკ პრეზიდენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, 15-16 იანვარს “ექსტრემისტები მთელი ღამის განმავლობაში უშენდნენ ტყვიებს “იმ ადგილს, სადაც ქართული მილიცია (პოლიციის იმდროინდელი სახელწოდება) იყო განთავსებული. “არიან ძალები, ვისაც ხელს არ აძლევს რეგიონში სტაბილიზაცია”, – ასეთი იყო ოფიციალური უწყების პოზიცია.

შიდა ქართლში შექმნილი ვითარების გამო” 17 იანვარს მთავრობის სახლთან შეკრებილ მიტინგს უზენაესი საბჭოს წევრებმა ვიქტორ დომუხოვსკიმ, მღვდელმა მამა არჩილმა და კონსტრუქტორმა ვიოლეტა ალბოროვამ მიმართეს. მათ დააყენეს მოთხოვნა სამაჩაბლოში სისხლისღვრის შეწყვეტის შესახებ და დაგმეს “ოსი ექსტრემისტებისა და ცენტრში მოკალათებული მათი წამქეზებლებისა და მფარველების მოქმედება”. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ ხალხებს (1991 წლის 8-9 იანვარს ლიტვაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ და საბჭოთა ხელისუფლება მოითხოვდა, გაუქმებულიყო 1990 წლის 11 მარტს გამოცხადებული ლიტვის დამოუკიდებლობა. 1991 წლის 11-13 იანვარს საბჭოთა ჯარის ნაწილებმა სხვადასხვა ობიექტზე შეტევა განახორციელეს). 

მიტინგზე გამომსვლელებმა მოიწონეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ქართველი, ოსი, სომეხი და რუსი მოსახლეობის წარმომადგენელთა ჯგუფი, რათა ყველანი ერთად შეხვდნენ თბილისში ჩასულ სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს რ. ნიშანოვს პროტესტის გამოსაცხადებლად საქართველოს რესპუბლიკის შიდა საქმეებში მოსკოვის უხეში ჩარევისა და შიდა ქართლში მიმდინარე ამბების ტენდენციურად გაშუქების გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ის უძღვებოდა მიტინგს და ამ ტრიბუნას იყენებდა ხალხის იმაში დასარწმუნებლად, რომ “ექსტრემისტები” ამწვავებენ სიტუაციას. 17 იანვრის მიტინგზე გამოსვლისას მან თქვა, რომ არავინ დაუშვებდა რესპუბლიკის პოლიტიკური რუკის  შეცვლის შესახებ “ექსტრემისტების” გეგმის განხორციელებას.

იგივე რიტორიკა გაგრძელდა 18 თებერვლის მიტინგის დროსაც. “დიახ, ჩვენც ვგმობთ სამხედროების მიერ ძალის გამოყენებას ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეთა წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება თვალი ავარიდოთ ხელოვნურად პროვოცირებულ კონფლიქტებსაც, თქვეს მიტინგზე გამომსვლელებმა. მათი მოსაზრებით, ასეთი შეტაკებები კრემლის, “მხედრიონის” მიერ იყო ინსცენირებული, რასაც “შეიძლება საქართველოში ბალტიისპირეთის ამბების გამეორება მოჰყვეს, საფრთხე შეუქმნას ხალხების მიერ არჩეულ პარლამენტს, რესპუბლიკის მთავრობას”. 

5-6 მარტს კი თბილისში უკვე ეთნიკური ოსები შეიკრიბნენ და “სამშვიდობო მისიით” 30-მდე ავტობუსით გაემართნენ ცხინვალში, სჯეროდათ, რომ მათი ჩასვლა ხელს შეუწყობდა კონფლიქტის მოგვარებას. “ერთი მუჭა ოსი ექსტრემისტები ვერაფერს გახდებიან თუ მათ მრავალრიცხოვანი მშვიდობისმოყვარე ოსი დაუპირისპირდება”, – უთხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ გამგზავრებამდე გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელს”. 

მეორე დღეს, 7 მარტს, თბილისში მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ “სამაჩაბლოდან ლტოლვილები”. ისინი აცხადებდნენ, რომ “სამაჩაბლოში დაუყოვნებლივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა უკანონო ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება”, საგარანტიო პირობების შექმნა იმისთვის, რომ ცხინვალში უსაფრთხოდ დაბრუნდეს ყველა დევნილი, ქართველებს შრომისა და მშვიდი ცხოვრების კანონიერი უფლება მიეცეთ.

“შიდა ქართლსა და სამაჩაბლოში შექმნილი ვითარების გამო” 12 აპრილიდან შიმშილობა დაიწყეს საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის წევრებმა ქალაქ გორში, ღვთისშვილთა კავშირის რეზიდენციაში.  საპროტესტო შიმშილობის დამწყებთა შორის იყო კავშირის ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი, ელგუჯა კასრაძე. მოშიმშილეთა განცხადებით “სამაჩაბლოში აღარც ინვალიდებს ინდობენ, უკვე მოჰკლეს ერთი ქართველი ინვალიდი, სხვებს კი აიძულებენ დასტოვონ სამკვიდრო…”

უკვე 7 მაისს ღვთისშვილთა კავშირის წარმომადგენლები საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის შენობაში იწყებენ სამდღიან საპროტესტო გამაფრთხილებელ მჯდომარე აქციას. ისინი აპროტესტებენ სამაჩაბლოს კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში კრემლის უხეშ ჩარევას, “ოსი ექსტრემისტების მიერ ინვალიდთა უფლებების შელახვას”. აპირებენ შეხვდნენ “იმპერიის ცენტრის ხელმძღვანელობას” (იგულისხმება ოფიციალური მოსკოვი) და დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებს. რვა მაისს ისინი ხვდებიან საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგი ხოშტარიას. 9 მაისს კი ტელეფონით ესაუბრებიან აშშ ელჩს, ჯეკ მეტლოკს (ესაუბრება ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი ზაზა სიხარულიძე). 10 მაისს თავიანთ მოთხოვნას პროტესტანტები საბჭოთა და უცხოელი ჟურნალისტებისა და მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე აყენებენ საგანგებოდ მათთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე. 

Media

ზვიად გამსახურდია მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე

ზვიად გამსახურდია მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე

საქინფორმი

მიტინგი მთავრობის სახლთან

მიტინგი მთავრობის სახლთან

მიტინგი მთავრობის სახლთან

მიტინგი მთავრობის სახლთან

მიტინგი მთავრობის სახლთან

საქინფორმი