EN

ნუგზარ მოლოდინაშვილის შიმშილობა

left arrow

1996

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1996 წლის 10 ივლისი – 14 აგვისტო

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმები

აქცია, პიკეტი, შიმშილობა

ორგანიზატორი, ლიდერი

ნუგზარ მოლოდინაშვილი,
საქართველოს ჰელსინკის კავშირი

მთავარი მოთხოვნა

ჟურნალისტებთან და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პატიმარ ნუგზარ მოლოდინაშვილის შეხვედრა

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პროკურატურა

სლოგანები, ტრანსპარანტები

“მკვლელობის დამკვეთი – შევარდნაძე, შემსრულებლები – ბლუაშვილი და უგრეხელიძე”, “მოსამართლეები: მირზა დოლიძე, ჯემალ ლეონიძე და ალექსანდრე ალადაშვილი – შევარდნაძის დაქირავებული მკვლელები”, “მოვითხოვთ, დაკმაყოფილდეს მოშიმშილე პოლიტპატიმრის – ნუგზარ მოლოდინაშვილის მოთხოვნა”, “ვარდიკო ნადიბაიძემ დაუყოვნებლივ მონათლოს როდიონოვი”.

პროტესტის შედეგი

ნუგზარ მოლოდინაშვილის მოთხოვნები დაკმაყოფილდა – შეახვედრეს ეუთოს წარმომადგენელს და გაზეთ “ახალი თაობის” ჟურნალისტს.

1996 წლის 10 ივლისს თბილისის N1 საგამოძიებო იზოლატორში შიმშილობა დაიწყო ნუგზარ მოლოდინაშვილმა, ზვიად გამსახურდიას მომხრემ და პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა. მისი პროტესტი მოჰყვა მასთან შეუთანხმებლად ადვოკატის შეცვლასა და სასამართლოს კოლეგიის მიერ ახალი დამცველის დანიშვნას. ნუგზარ მოლოდინაშვილს სამშობლოს ღალატის მუხლით ასამართლებდნენ  ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეებთან ერთად, მათ შორის იყვნენ: ლოთი ქობალია (გვარდიის ხელმძღვანელი), ჯამბულ ბოკუჩავა (გვარდიის ოპერატიული სამსახურის უფროსი), ზვიად ძიძიგური (სამტრედიის პრეფექტი), სოსო ჟღენტი (გურიის პოლკის უფროსი).

ნუგზარ მოლოდინაშვილს მიაჩნდა, რომ მისი უფლებები სისტემატურად ირღვეოდა. მოითხოვდა ჟურნალისტებთან და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას. საქართველოს ჰელსინკის კავშირი, სხვა ოპოზიციური პარტიები და ორგანიზაციები მისი მოთხოვნების შესრულებას ითხოვდნენ. მერაბ კოსტავას ეზოში იმართებოდა აქციებიც. ტრანსპარანტებზე ქართულ-ინგლისურ ენაზე ეწერა: “მკვლელობის დამკვეთი – შევარდნაძე, შემსრულებლები – ბლუაშვილი და უგრეხელიძე”, “მოსამართლეები: მირზა დოლიძე, ჯემალ ლეონიძე და ალექსანდრე ალადაშვილი – შევარდნაძის დაქირავებული მკვლელები”, “მოვითხოვთ, დაკმაყოფილდეს მოშიმშილე პოლიტპატიმრის – ნუგზარ მოლოდინაშვილის მოთხოვნა”, “ვარდიკო ნადიბაიძემ დაუყოვნებლივ მონათლოს როდიონოვი” (სარკაზმი რუსეთთან დაახლოების, სამშობლოს ღალატის გამო).

ნუგზარ მოლოდინაშვილის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ, რადგან როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე რევაზ ყიფიანი ამბობდა, ბრალდებული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რომლის გადაცემა სახელმწიფოს დააზიანებდა.

შიმშილობის 28-ე დღეს მოლოდინაშვილთან ეუთოს წარმომადგენლები შეუშვეს, თუმცა, რადგან მეორე მოთხოვნას – ჟურნალისტებთან შეხვედრას არ უკმაყოფილებდნენ, მას შიმშილობა არ შეუწყვეტია. 9 აგვისტოს მისმა მხარდამჭერებმა უზენაეს სასამართლოსთან პიკეტი მოაწყვეს, პოლიციამ მათ ჯერ ტრანსპარანტები დაუხია, შემდეგ კი ტერიტორია დაატოვებინა

საბოლოოდ ნუგზარ მოლოდინაშვილს მეორე მოთხოვნაც დაუკმაყოფილეს, მას გაზეთ “ახალი თაობის” ჟურნალისტი  რატიშვილი შეახვედრეს, რის შემდეგაც მან პროტესტის 35-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა.  

Media

საგაზეთო ცნობა -მოლოდინაშვილის შიმშილობა

საგაზეთო ცნობა -მოლოდინაშვილის შიმშილობა

წყარო: გაზეთი "თავისუფალი საქართველო", 6-12 აგვისტო, 1996 წელი

ნუგზარ მოლოდინაშვილი

ნუგზარ მოლოდინაშვილი

ფოტო: ჯემალ კასრაძე / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა