1998 წლის 7 ივლისს შვილმკვდარი 15-მდე ქალი მთავრობის სახლის წინ ტროტუარზე ჩამოჯდა საკუთარი გარდაცვლილი შვილის სურათით ხელში და შიმშილობა დაიწყო. ისინი სამართლის დადგენას ითხოვდნენ. როგორც პრესიდან ირკვევა, აქციის მონაწილეთა შვილები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით მოკლეს, თუმცა მკვლელები არ დაისაჯნენ. ამ მოთხოვნით დედები პირველად არ შეკრებილან. შვილმკვდარი დედების აქცია 28 მაისსაც გაიმართა. მაშინ ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ყველა უწყება მოიარეს, თუმცა უშედეგოდ. ამბობდნენ, რომ მკვლელების ვინაობა ცნობილია, მაგრამ არ სჯიან, რადგან მფარველები ჰყავთ.
9 ივლისს დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი მოშიმშილე ზაირა ფაცურია გაიტაცეს და ზუგდიდის რაიონის პოლიციაში მიიყვანეს. 11 საათის შემდეგ ზუგდიდის პროკურატურის თანამშრომლის, ჭკადუას უშუალო ჩართვით გაათავისუფლეს. ფაცურია ისევ მთავრობის სახლთან დაბრუნდა და შიმშილობა გააგრძელა. პროტესტის დაწყების დღიდან მოშიმშილეებს შსს-ს წარმომადგენლები და პირადად ქალაქის სამმართველოს უფროსი სოსო ალავიძე აკითხავდნენ, დაშლას სთხოვდნენ და მოთხოვნების შესრულებას ჰპირდებოდნენ
დედებმა ორ კვირაზე მეტი იშიმშილეს, 20 ივლისს კი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს. “იქნებ ამ გზით მივაღწიოთ პრეზიდენტამდე, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო მოხელეა, ვისთვისაც ჩვენი “სატკივარი” არ შეგვიჩივლია, არადა მისი ყველაზე მეტად გვჯერაო და, მეორეც, იქნებ მანქანამ მაინც გაგვიტანოს და მოვკვდეთ, რადგან შვილების სიკვდილის შემდეგ ჩვენ სიცოცხლეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – მათ მკვლელებზე კანონის ძალით შური გვეძიაო, ამდენი ხნის ბრძოლის შემდეგ კი სიმართლეს ვერსად ვპოულობთ, პირიქით შეშლილებად გვაცხადებენ, – ტირის 50-მდე ალყაში მოქცეული 12 შაოსანი დედა”, – წერს გაზეთი “დრონი”.
ერთ-ერთმა მონაწილემ ეთერ აბჟანდაძემ პროტესტის ნიშნად ნავთის გადასხმა და თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციამ ნავთით სავსე ბოთლი გამოგლიჯა ხელიდან. “შვილმკვდარი დედებისთვის მიუღებელი სიმართლე სამართალდამცავმა ორგანოებმა დიდი ხანია იპოვეს და მიხეილ სააკაშვილის [პარლამენტის წევრი] სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოძიების მასალებში თავიდანვე ისეა წყალი ამღვრეული, რომ ამერიკიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები, მაინც ვერაფერს გაარკვევენ”, – ასე ასრულებს სტატიას “დრონი”. მოშიმშილეებს პოლიციის ალყის გარღვევა ვერ მოახერხეს და რუსთაველის გამზირი ვერ გადაკეტეს.