2019 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია, ადგილის დაკავება, შიმშილობა, პიკეტი
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები
შუქრუთელები
ადეკვატური კომპენსაციის მიღება
ხელისუფლება და „ჯორჯიან მანგანეზი“
„ვითხოვთ სამართლიანობას“, „ნუ გვინგრევთ სახლებს“, „ვითხოვთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობას“, „ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება“, „არა ჩერნობილიზაციას“, „ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად“, „ნუ გვანგრევთ, კმარა“.
შედეგი არ მოჰყოლია
“შიმშილობის 41-ე დღე, მარიამ ნიკურაძე
https://www.facebook.com/nikuradzemari/videos/1253887472423836
შუქრუთელები მიდიან
https://www.facebook.com/nikuradzemari/videos/9370703372944404”
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში არსებული 11 მაღარო 2019 წლის 6 ნოემბერს გააჩერეს. შუქრუთის მოსახლეობას მაღაროების შესასვლელი დაკავებული ჰქონდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევდა.
აქციის მონაწილის გიორგი ნეფარიძის თქმით, მოპოვებითი სამუშაოების გამო, წლების განმავლობაში ზიანდებოდა ადგილობრივების სახლები, სკოლა და ეკლესია. მოსახლეობა სწორედ ამ ზარალისთვის მოითხოვდა კომპანიისგან კომპენსაციას.
იმავე მოთხოვნით, მართავდა შუქრუთის მოსახლეობა აქციებს სექტემბერშიც, თუმცა მაშინ მოლაპარაკების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი გამოიყოფოდა, რომელიც ზარალს დაითვლიდა და კომპანია ანაზღაურებას დაიწყებდა.
გიორგი ნეფარიძე აღნიშნავდა, რომ თავად იყო ჩართული ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, როგორც ადგილობრივი მცხოვრები. კომისიამ სულ 282 ოჯახი აღწერა, ასევე – ეკლესია და სკოლა, თუმცა საბოლოო დასკვნა მოსახლეობისთვის არავის გაუცნია და არც ანაზღაურების პროცესი დაწყებულა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ადგილობრივების პროტესტს განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ სოფელ შუქრუთში აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანიის სამუშაო პროცესს. დაზიანებები გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით.
კომპანიაში ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურდა.
მოგვიანებით შუქრუთის მკვიდრი თამუნა კუპატაძე იმ დროს განვითარებულ ამბავს ასე იხსენებდა: “მერე სოფელი დაშალეს – ზოგს 3 ათასი მისცეს, ზოგს 5 ათასი, ზოგს უთხრეს, გამუშავებ ამ მაღაროში და ამით გააჩუმეს, ზოგს დაპირდნენ, შენი სახლის ქვეშ არ შემოვალთ. რამდენი ადამიანი წაიყვანეს, იმდენი ვეღარ დაბრუნდა უკან თავისი სიმართლით – მემორანდუმებზე მოაწერინეს ხელი. მერე, ვინც დავრჩით, 2020-შიც გავაკეთეთ აქციები”.
აქციები, რომელსაც თამუნა ახსენებს, უცვლელი მოთხოვნებით, 2020 წლის 14 თებერვალს განახლდა. ხალხს ბლოკირებული ჰქონდა მაღარო. ადგილზე ჩავიდა სახალხო დამცველით, რომელმაც მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და ადგილობრივებზე დაყრდნობით თქვა:
“სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები; საფრთხე შეექმნა საფლავებსაც. გარდა ამისა, მოსახლეობა მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად დაბინძურდა გარემო, გაიჩეხა ტყის მასივის გარკვეული ნაწილი; დაშრა ბუნებრივი წყაროს წყლები და ჭები; ნიადაგი მოუსავლიანი გახდა; გახმა ვაზი და სხვა მრავალწლოვანი ნარგავები”.
სახალხო დამცველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს მოუწოდა, ეშუამდგომლა შუქრუთის მოსახლეობისთვის და პირადად ჩართულიყო კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცულიყო მათი როგორც საკუთრების, ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. ცნობილი იყო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოზე ზემოქმედება არცერთხელ ჰქონია შემოწმებული.
თებერვალში დაწყებული პროტესტი ივნისში დასრულდა. „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა შპს „შუქრუთი+“-მა, რომელიც 2020 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა, პირობა დადო, რომ ზარალს 6 თვეში შეისწავლიდა და გასცემდა კომპენსაციებსაც. აქციის მონაწილეთა მონათხრობის თანახმად, დაგეგმილი იყო შუქრუთში მცხოვრები 285-ვე ოჯახის მდგომარეობის აღწერა, ზარალის დაანგარიშება, გადახდის გრაფიკის შედგენა და მოსახლეობისთვის გაცნობა. დაპირების შეუსრულებლობის გამო შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2021 წლის თებერვალში განაახლა და ისევ რელევანტური კომპენსაციების გადახდა მოითხოვა. როგორც “მთის ამბები” წერდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ შიშობდა, რომ თუ შუქრუთელების მოთხოვნას შეასრულებდა და საკმარის კომპენსაციებს ოფიციალურად გასცემდა, პროტესტი ჭიათურაში დაზარალებულ სხვა სოფლებშიც დაიწყება.
2021 წლის 11 მაისს ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან ათმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო, სამმა მათგანმა პირი ამოიკერა. “ნუ გვინგრევთ სახლებს”; “არა მონობას, არა GM-ს” – მოჩანდა ტრანსპარანტები მოშიმშილეთა უკან. 20 მაისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ „შუქრუთი +“ მზად არის, დააკმაყოფილოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა და სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართოს „მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.
კომპანია უარყოფდა, რომ „შუქრუთი+“ აზიანებდა სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებდა. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემდა და უკვე გადახდილი თანხა, ჯამურად, 2 მილიონ ლარს აღწევდა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, კომპენსახიის სახით მიღებული თანხა 30-40 ათას ლარს არ აღემატებოდა.
24 მაისს, უწყვეტი პროტესტის 98-ე დღეს, პირი კიდევ სამმა ქალმა ამოიკერა. 26 მაისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა ჭიათურის სოფელ შუქრუთში მოშიმშილეთაგან ორს, სერგო მოდებაძეს და გიორგი ნეფარიძეს. სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ისინი კვლავ კოროხნალის მაღაროსთან დაბრუნდნენ პროტესტის სხვა მონაწილეებთან ერთად და შიმშილობა გააგრძელეს.
ყურადღების მისაპყრობად შუქრუთელები 30 მაისს თბილისში ჩავიდნენ და პროტესტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გააგრძელეს.
6 ივნისს შუქრუთელების სოლიდარობის გამოსახატად პუშკინის სკვერში მოქალაქეები შეიკრიბნენ. 9 ივნისს შუქრუთელებმა კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებას მიაღწიეს, პროტესტი შეწყვიტეს და სახლებში დაბრუნდნენ.
2024 წლის 13 მარტს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ აქციების გამართვა განაახლა, რადგან მათი თქმით, “ჯორჯიან მანგანეზმა” შეთანხმება არ შეასრულა. ორი წლის შემდეგ შუქრუთელები კვლავ ითხოვდნენ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზარალის პროპორციულ ანაზღაურებას და ადეკვატურ კომპენსაციას.
მათ საპასუხოდ კომპანიაში ამბობდნენ, რომ პროტესტის მონაწილეთა უმრავლესობას კომპენსაციები მიღებული აქვთ.
31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამ შუქრუთელს (გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს), რომლებიც 5 თვის განმავლობაში კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავდნენ, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა საწარმოს მუშაობის ჯგუფურად შეფერხებისთვის. 1 აგვისტოს მათ საჩხერის სასამართლომ 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მოგვიანებით კი შუქრუთის ოც მკვიდრს, რომლებიც კოროხნალის მაღაროსთან კარავში ათენებდნენ, იმავე სასამართლომ შესასვლელის პიკეტირება აუკრძალა.
მაღაროსთან პროტესტის აკრძალვის შემდეგ, 24 აგვისტოს შუქრუთელების ნაწილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭორვილაში გადაწყვიტა აქციის გამართვა. ამ სოფლიდან არის წარმოშობით სახელისუფლებო პარტიის („ქართული ოცნების“) დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი. მათ სოფლის შესასვლელში პოლიცია და მამაკაცები დახვდნენ, რომლებიც ადგილობრივებად გაეცნენ შუქრუთელებს და უთხრეს, რომ სოფელში აქციის გამართვის საშუალებას ვერ მისცემდნენ.
ერთ კვირაზე მეტ ხანს მოთხოვდნენ ისინი საკითხის მოგვარებაში ცენტრალური მთავრობის ჩართვას, თუმცა პროტესტის უშედეგოდ მიმდინარეობის გამო, სამმა მათგანმა პირი ამოიკერა 1 სექტემბერს, რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები, შპს „მაღაროელში“ დასაქმებული მიწისქვეშა უბნის ცვლის უფროსი გიორგი ცარციძე, რკინიგზელი მალხაზ ლაბაძე და მებიგე (მუშა, რომელიც მაღაროს ჭერსა და კედლებს ბიგებით ამაგრებს) რომან მეგრელიშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. 7 სექტემბერს პირამოკერილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
პროტესტის 183-ე დღეს, 11 სექტემბერს შუქრუთელების აქციამ დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მათ სხვადასხვა დროს აქციები გამართეს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, სადაც კომპანიის წარმომადგენლებთან დებატებს ითხოვდნენ, ასევე მივიდნენ სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე შუქრუთელებმა დედაქალაქის დატოვება გადაწყვიტეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი წვიმასა და ქარში, პარლამენტის შესასვლელთან ატარებდნენ დღეებსა და ღამეებს. მათ პოლიცია კარვების გაშლის შესაძლებლობასაც არ აძლევდა. რამდენიმე დღით ადრე, 14 ოქტომბერს, შიმშილობის 43-ე დღეს აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტა – მანამდე რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.