გარდაბნის თბოელექტროსადგურის “თბილსრესის” მესამე და მეოთხე ბლოკის 200-მდე თანამშრომელმა 2019 წლის 7 ნოემბრიდან, ხელფასის 50 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვა დაიწყეს. აქცია თბილსრესის ტერიტორიაზე ჩატარდა.
როგორც გაფიცული 200-მდე თანამშრომელი ამბობდა, ადმინისტრაცია მათ ხელფასის გაზრდას იანვრიდან 15-20%-ით ჰპირდებოდა, თუმცა ამ მატების გარანტიაც არ ჰქონდათ. თბოელექტროსადგურში დასაქმებულების შრომითი ანაზღაურება 400-დან 800 ლარამდე იყო.
სადგურის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ ანაზღაურების გაზრდა სემეკის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. თუ სემეკი არ გაზრდიდა ელექტროენერგიის რეგენერაციის ტარიფს, დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდა ვერ მოხერხდებოდა.
გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მუშებმა შენობა ისე დატოვეს, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
9 ნოემბერს გაფიცულებმა განაცხადეს, რომ თანახმანი იყვნენ ხელფასის 300 ლარით გაზრდაზე. საბოლოოდ, დამსაქმებელთან 14 ნოემბერს შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან ანაზღაურება 25%-ით გაიზრდებოდა და “მეცამეტე ხელფასი” დაემატებოდათ. გარდა ამისა, გააგრძელებდნენ მუშაობას ენერგეტიკის პროფკავშირის მიერ მომზადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე.