2000 წლის 2 თებერვალს ორთაჭალის ციხის საავადმყოფოში შიმშილობა დაიწყეს ბიძინა გუჯაბიძემ, დათო ბიჭიაშვილმა, კახა ჯიჭონაიამ და მურთაზ ჯალაღანიამ, რომელთაც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ. მათ “გვარდიის” ყოფილი ხელმძღვანელი ლოთი ქობალიაც შეუერთდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქობალიამ შიმშილობა მალევე შეწყვიტა. ისინი მოითხოვდნენ საყოველთაო ამნისტიას და პოლიტპატიმართა გათავისუფლებას ყოველგვარი “შეწყალების გარეშე. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლების (იგულისხმება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება) და მათი მომხრეების სამშობლოში ხელშეუხებლობის მყარი გარანტიით დაბრუნებასა და მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას. აგრეთვე, ითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრას, მედიის წარმომადგენელთა დაუბრკოლებლად შეშვებას ციხეში და პატიმრებთან გასაუბრების ნებართვის გაცემას.
გაზეთ “დრონის” ინფორმაციით, 1991-92 წლების მოვლენების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივა საპარლამენტო ფრაქცია “XXI საუკუნეს” აქციამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა. მათი მოთხოვნა პრეზიდენტმა დააკმაყოფილა და პარლამენტი კომისიის დაკომპლექტებაზე უკვე მუშაობდა. ამიტომ ამ ფრაქციის თავმჯდომარე, ვახტანგ ბოჭორიშვილი გააკვირვა პატიმრების შიმშილობამ. ის მიიჩნევდა, რომ მათ “ვიღაცები აბუნტებენ”. იმავეს ფიქრობდა ადამიანის უფლებების დამცველი პარლამენტარი ელენე თევდორაძე. შიმშილობა ციხის საავადმყოფოში გრძელდებოდა.
5 თებერვალს შიმშილობა გამოაცხადეს ქალთა კოლონიაში მყოფმა პატიმრებმაც. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა თავს უსამართლოდ დაპატიმრებულად მიიჩნევდა და უზენაეს სასამართლოს საქმეების გადასინჯვას, ხოლო შეწყალების კომისიას, ანუ საქართველოს პრეზიდენტს, გათავისუფლებას სთხოვდნენ. გაზეთ “დრონის” ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმართა უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის, ძირითადად, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსუდან ბერიძესთან და გენერალური პროკურორის მოადგილე ნუგზარ გაბრიჩიძესთან შეხვედრას, რაც დაუკმაყოფილეს – ბერიძე და გაბრიჩიძე მოშიმშილე ქალებს შეხვდნენ.
ვინაიდან ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია ამ პროტესტს, მოშიმშილეებმა განაცხადეს, რომ გადადგამდნენ საბედისწერო ნაბიჯს და 9 აპრილს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდნენ. ამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ჩანიშნული. მათდამი სოლიდარობის ნიშნად კიდევ 40-მდე მხარდამჭერმა დაიწყო შიმშილობა. პარტიებმა “ჭყონდიდელმა”, დიდგორმა” ნაციონალ-კონსერვატორებმა და სხვა პარტიებმა კი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
მთავრობამ მოშიმშილეებთან მოლაპარაკებებზე გაგზავნა პარლამენტარები ელიზბარ ჯაველიძე და ვახტანგ ბოჭორიშვილი. მათ აქციის მონაწილეებს შიმშილობის დროებით შეწყვეტა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. როგორც ბოჭორიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრას” განუცხადა, მოშიმშილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამნისტია დაახლოებით 100-160 პატიმარს შეეხებოდა. “რასაც მოითხოვენ, ე.წ. პოლიტიკური ამნისტია, იურისპრუდენციაში საერთოდ არ არსებობს. მითხარით რა გავაკეთო?” – ამბობდა ელენე თევდორაძე. მისი თქმით, გამოსავალი პრეზიდენტის მიერ ე.წ პოლიტპატიმრების შეწყალება იყო, რასაც ედუარდ შევარდნაძე არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შეწყალება თავად პატიმრებს არ სურდათ, ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვდნენ.
ვინაიდან პატიმრების ერთ-ერთი მოთხოვნა მედიასთან გასაუბრება იყო, 6 აპრილს პატიმრებთან შეხვედრის მოთხოვნით ციხის საავადმყოფოსთან მოეწყო ჟურნალისტების აქცია. ოთხსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ დაიწერა მიმართვა, რომელიც იუსტიციის მინისტრს ჯონი ხეცურიანსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გივი ყვარელაშვილს გაეგზავნათ, სადაც კვლავ მოითხოვდნენ პატიმრებთან შეხვედრას. ამ მიმართვასაც რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომ აქცია მეორე დღესაც გააგრძელეს. ჟურნალისტთა აქციას მხარი არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაუჭირეს.
მედიის წარმომადგენლები 8 აპრილსაც შეიკრიბნენ, მანამდე, 12 საათზე, მოშიმშილეებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე შეხვდა და პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტა ურჩია. 2 საათისთვის ციხის საავადმყოფოსთან მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ელენე თევდორაძე, რუსუდან ბერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ჯემალ გოგიტიძე, ჯემალ გახარია და სხვა პოლიტიკოსები. ისინი პატიმრებთან ჟურნალისტების თანხლებით შევიდნენ. საბოლოოდ შეთანხმდნენ რომ შიმშილობა შეწყდებოდა, პარლამენტი კი პირველივე სხდომაზე განიხილავდა მათ საკითხს.
პატიმრებმაც და პოლიტიკოსებმაც ეს ამბავი “ერის გამთლიანებად” მიიჩნიეს. დღის ბოლოს პატიმრებთან ახლობლებიც შეუშვეს.
რამდენიმე კვირის შემდეგ პარლამენტმა მართლაც მიიღო დადგენილება 1991-1992 წლების მოვლენების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ. დადგენილება “გმობს სახელმწიფოში პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრას და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარ მცდელობას”. დადგენილება მოუწოდებდა პროკურატურას, რომ 23 ივნისამდე გადაეხედა იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს უკავშირდებოდა.