2017 წლის 9 თებერვალი – 16 ივნისი
თბილისი
მედია
აქცია
გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც 101 გადაცემა უნდა გაჩერებულიყო
მწვანე მუშტი, აუდიტორია 115, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
არ დაიხუროს გადაცემები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი
“საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენია”, “დაგვაბრუნეთ რეალურ სივრცეში”, “არ შეაჩერო”
პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია, გადაცემები დაიხურა
2017 წლის 6 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. მას ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანიებში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა – ჯერ “მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა “2030”-ის გენერალური პროდიუსერი.
ვასილ მაღლაფერიძემ, თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში, თავის გუნდთან ერთად წარმოადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების სამწლიანი გეგმა. ამ ახალი დოკუმენტის თანახმად, 2018 წლამდე პერიოდში უნდა გაეჩერებინათ 101 გადაცემა, მათ შორის, სოციალურ საკითხებზე მომუშავე პროგრამა „რეალური სივრცე“ და რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი ტელეპროექტი, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW”. ამ გეგმას პროტესტი მოჰყვა. აქტივისტები ითხოვდნენ გადაცემების გაგრძელებას.
9 თებერვალს აქციის მონაწილენი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის შენობიდან დაიძრნენ და საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოიყარეს თავი. მათ შეუერთდნენ “მწვანე მუშტისა” და “აუდიტორია 115”-ის აქტივისტები, ასევე, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები. ყველამ ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიე დაიკავა და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვა. მოთხოვნა დაუკმაყოფილეს – ხუთწუთიანი ვიდეომიმართვის საშუალება მისცეს. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართ. “საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენია”, “დაგვაბრუნეთ რეალურ სივრცეში”, “არ შეაჩერო” — ეწერათ ტრანსპარანტებზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გადაცემების დახურვით საზოგადოება ინფორმაციის გარეშე რჩებოდა და მათი ინტერესები ზიანდებოდა.
10 თებერვალს ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების ახალი ხედვა წარადგინა. ამ შეცვლილი დოკუმენტის მიხედვით, ყველა გადაცემა (საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” გარდა) უნდა გაფილტრულიყო კონკრეტული კრიტერიუმებისაგან შემდგარი მექანიზმით და მხოლოდ ასე დაედგინათ, რომელი გადაცემა დარჩებოდა ეთერში და რომელი – არა.
2017 წლის 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გარე სტუდიებთან თანამშრომლობას წყვეტდა. ამჯერად სწორედ ეს მოტივი გახდა საფუძველი, დაეხურათ გადაცემები, “წითელი ზონა” და “ინტერview”, რადგან მათ რადიო თავისუფლება ამზადებდა. ახალი გეგმის მიხედვით, კვლავ იგეგმებოდა “რეალური სივრცის” დახურვაც. ამჯერად, მიზეზად რეიტინგი სახელდებოდა. გუნდს საინფორმაციო ბლოკში გადასვლას სთავაზობდნენ, რაზეც უარი თქვეს.
ახალი მენეჯმენტის ქმედებების გამო, საზოგადოებამ პროტესტი კიდევ ერთხელ 16 ივნისს გამოთქვა. მცირე ჯგუფმა აქცია “საზ მაუ ჩვენია” გამართა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გადაცემების დახურვა. კონკურსის შედეგები 2017 წლის 21 ივნისს გახდა ცნობილი. 17 ივლისიდან, მოამბის გარდა, ყველა გადაცემა დაიხურა. როგორც ბორდის წევრებმა განაცხადეს, 2017 წლის სექტემბრიდან ეთერში დაბრუნდებოდა პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები. კონკურსი გაიარა “რეალურმა სივრცემაც”, მაგრამ გადაცემა ეთერში მხოლოდ 7 თვის შემდეგ, 2018 წლის 26 იანვარს, შეცვლილი ფორმატით და შემოკლებული ქრონომეტრაჟით გავიდა.
16.07.2017. ფოტო: ნეტგაზეთი