EN

საპროტესტო აქცია კონსერვატორიასთან

left arrow

2023

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2023 წლის 27 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

განათლება

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მინისტრის გადაწყვეტილებით კონსერვატორიის რექტორის არჩევნები შეწყდა

ორგანიზატორი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი

მთავარი მოთხოვნა

გაუქმდეს მინისტრის დადგენილება რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ

პროტესტის ადრესატი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია – დადგენილება არ გაუქმდა.

2023 წლის 27 სექტემბერს ვანო საჯარიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გაიმართა რექტორის არჩევნების გაუქმების გასაპროტესტებლად. აქციაზე მივიდნენ მუსიკოსები, სამოქალაქო სექტორის, კინოს და თეატრის წარმომადგენლები.

აქცია პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა დააანონსა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვიტა. კონსერვატორის ზედამხედველი ორგანო სწორედ ეს სამინისტრო იყო. მინისტრის ეს ბრძანება კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოიცა. კონსერვატორიას, რომელიც რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს, არჩევნები 10 ოქტომბერს ჰქონდა დანიშნული. რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტის გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან კონსერვატორიის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად აღიქვეს.

20 სექტემბერს მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს ცვლილებები დააანონსა „ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არასდროს არაფერი არ ეკითხება”, – თქვა მან.

“კონსერვატორიის აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულება და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება”, – უპასუხა მინისტრს მოქმედმა რექტორმა ნანა შარიქაძემ მეორე დღეს.  ნანა შარიქაძე კულტურის სამინისტროს მიმართ კრიტიკული პოზიცია მაშინაც გამოხატა, როცა კინოცენტრში პროტესტი დაიწყო სამინისტრო მიერ დაწყებული რეორგანიზაციის გამო. 

მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა. საშიშია ეს სურვილი იმ საზოგადოებაში, რომელსაც საბჭოთა ტრავმა და შიში ჯერ არ მოუნელებია, რომელმაც კარგად იცის, რა არის ცენზურა, რეპერტკომები და გლავლიტი და “დაზავების” ხელოვნებაშიც კარგად არის ნამეცადინები. გასული საუკუნის 20 -30 წლებში ეს კატასტროფით დასრულდა ჩვენი ერისთვის და ამ შედეგს დღემდე ვიმკით“ ,— ამბობდა მაშინ კონსერვატორიის რექტორი.

27 სექტემბერს კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ კულტურის მინისტრს განცხადებით მიმართა და სთხოვა კონსერვატორიაში მიმდინარე არჩევნების შეჩერებაზე მიღებული დადგენილება გაეუქმებინა.

11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მალევე გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.„საჭიროდ მიმაჩნია მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან“, – აღნიშნავდა გიორგი შავერზაშვილი კონსერვატორიის განვითარების გეგმაში.

Media

აქცია კონსერვატორიასთან

აქცია კონსერვატორიასთან

2023 წლის 27 სექტემბერი. ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება