EN

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ

left arrow

2008

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2008 წლის 13 იანვარი – 25 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

2004 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პირველი ტურში გამარჯვება

ლიდერები, ორგანიზატორი

ლევან გაჩეჩილაძე,
9 ოპოზიციური პარტიის კოალიცია

მთავარი მოთხოვნა

დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური; სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ; სასამართლოები ხალხის ინტერესების სამსახურში იდგნენ; საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს; გადადგეს ნინო ბურჯანაძე

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ხელისუფლებამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს დანიშნა. ოფიციალური შედეგების თანახმად, ამ არჩევნებში ისევ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა ხმების 53.47%-ით, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 25.69% მიიღო. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და მეორე ტურის გამართვას ითხოვდა. 

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ, რომელიც არჩევნებში გაჩეჩილაძეს უჭერდა მხარს, საპროტესტო აქცია ვარდების მოედანზე (ახლანდელი პირველი რესპუბლიკის მოედანი) 2008 წლის 13 იანვარს გამართა. ათიათასობით მანიფესტანტმა თავისუფლების მოედნისაკენ მსვლელობა მოაწყო. არჩევნების ოფიციალური შედეგებით გაჩეჩილაძის მომხრეების უკმაყოფილებას ასევე შეუერთდნენ  სხვა ოპოზიციური პარტიებიც. 

ლევან გაჩეჩილაძემ საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო – ”ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების მეორე ტურს; ჩვენ გვინდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ; ჩვენ გვსურს, რომ სასამართლოები ხალხის ინტერესების სამსახურში იდგნენ და ჩვენი სურვილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს”.

აქციის მონაწილეები იმ დღეს დაიშალნენ იმ პირობით, რომ შემდეგ დღეებშიც გააგრძელებდნენ პროტესტს. მორიგი შეკრება 15 იანვარს დაანონსდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რადგან მის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები მიკერძოებული გაშუქების გამო. 

15 იანვრამდე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ოპოზიციასთან მიაღწიეს შეთანხმებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვლება. მისივე თქმით, კიდევ 7 საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაცია ოპოზიციასთან, თუმცა არც მან და არც ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებას არ აცნობეს, რას განიხილავდნენ ამ შეხვედრების დროს. 15 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მაინც ჩატარდა. 

2008 წლის 20 იანვარს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, ათასობით ადამიანი შეიკრიბა იპოდრომზე ოპოზიციის ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნა ტრანსფორმირდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ისინი განაგრძობენ ზეწოლას ხელისუფლებაზე, მათ შორის საპროტესტო აქციების გზითაც, რათა მოიპოვონ ბერკეტები მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციებზე იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე.

ოპოზიციამ 15-პუნქტიანი მემორანდუმი შეადგინა, თუმცა ხელისუფლება არ დათანხმდა მათ მოთხოვნებს, რის გამოც 15 თებერვალს პარლამენტის წინ მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა. ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში მასშტაბური შიმშილობა დააანონსა და თქვა, რომ “მთელი საქართველო გადაიქცევა კარვების ქალაქად”.  ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების საფუძველზე 7 ნოემბერს დაპატიმრებული 4 ადამიანი გაათავისუფლეს 25 თებერვალს.  პროტესტი რამდენიმე კვირით შეწყდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 

პროტესტის მეორე ტალღა  ოპოზიციამ 9 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც წინააღმდეგობის მიუხედავად ხელისუფლებამ მაჟორიტარი დეპუტატების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება მაინც მიიღო. ოპოზიცია ითხოვდა რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა შეცვლილიყო და მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილებულიყო. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ვერსია მიიღეს, რომლის თანახმადაც, მაჟორიტარული მანდატები 50-დან 75-მდე გაიზარდა. 150 წევრიან პარლამენტში 75 მაჟორიტარი და პროპორციული წესით არჩეული 75 დეპუტატი იქნებოდა. 

ხუთმა ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ: ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს; თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის პირობების შექმნას და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააპატიმრეს. ოპოზიციის თქმით, აქამდე მხოლოდ რვა ადამიანი გაათავისუფლეს. მეორე დღეს შიმშილობის აქციას 6 ადამიანი შეუერთდა ახალი მემარჯვენეებიდან.

მოგვიანებით ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის გადადგომაც დაემატა. ”საქართველო ბურჯანაძის გარეშე” – ეს 16 მარტს, საღამოს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ახალი ლოზუნგი გახდა. აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე წინა მიტინგებზე, შიმშილობის აქციის დაწყების დროს იყო. ამ დროს მოშიმშილეების ნაწილი უკვე ბურჯანაძის მისაღებში განაგრძობდა პროტესტის ამ ფორმას. ჯამში 60-მდე აქტივისტი შიმშილობდა პარლამენტის წინ.

ოპოზიციამ აშშ-ს და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებას შუამავლის როლის შესრულებისკენ მოუწოდა, რათა მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კრიზისი განმუხტულიყო. ამ მოთხოვნით 19 მარტს, იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ხვდებოდა, თბილისში აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ოპოზიციის აქტივისტები რამდენიმე დღეში ისევ პარლამენტთან შეიკრიბნენ. 25 მარტს დღის პირველ ნახევარში, როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი, მათ ახლომდებარე პარკიდან გრძელი სკამები მოიტანეს და ასე გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. ამ დროისთვის ორმა დეპუტატმა “ახალი მემარჯვენეებიდან” ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო დეპუტატი ზვიად ძიძიგური კონსერვატორული პარტიიდან ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

25 მარტსვე ოპოზიციამ შეწყვიტა ჩვიდმეტდღიანი შიმშილობის აქცია ისე, რომ ვერ აიძულა ხელისუფლება დათმობებზე წასულიყო ძირითად საარჩევნო საკითხებზე.

ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც ნათლად მიანიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლას. გავრცელდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებაც ოპოზიციისადმი, შეეწყვიტათ შიმშილობის აქცია. ოპოზიციის ლიდერებმა შეჩერების მოტივად პატრიარქის მოწოდება დაასახელეს.

მათ ახლა საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება გადაწყვიტეს. “თუ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, როგორც ეს 5 იანვარს მოხდა, ოპოზიცია ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს. თუ სააკაშვილს ახალი რევოლუცია უნდა, იგი მიიღებს ამ რევოლუციას, მაგრამ ეს არ იქნება ხავერდოვანი რევოლუცია”, – თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა ბოლო აქციაზე გამოსვლისას.

Media

ოპოზიციის აქცია 2008

ოპოზიციის აქცია 2008

ფოტო: ინტერპრესნიუსი