2022 წლის 17-28 იანვარი
თბილისი
სოციალური პრობლემები
აქცია
დევნილები ვერ იღებდნენ ბინას
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები
ბინით უზრუნველყოფა
ჯანდაცვის სამინისტრო
“30 წელი ვიცდით, როდემდე?”
“სამშობლოვ, გაგვწირე?”
მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა. 6 ოჯახი დათანხმდა სამინისტროს შეთავაზებას
2022 წლის 16 იანვარს გუდაუთიდან დევნილი 52 წლის ზურაბ ქირია სიმაღლიდან გადმოხტომის დროს მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ქირია დევნილთა საცხოვრებლის, სანატორიუმი “ქართლის” სახურავიდან ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად გადმოხტა, ჯანდაცვის მინისტრმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და მომხდარი დევნილების პრობლემებთან არ უნდა დაეკავშირებინათ.
“ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი კომუნალური პრობლემა – სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დევნილები ძალიან ხშირად სხვადასხვა სამინისტროს წინ პლაკატებით ხელში დგანან. 2019 წელს აქციაზე ერთმა დევნილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, იმდენ ხანს გვალოდინებენ, თან ისეთი ავადმყოფი და მომაკვდავი უნდა იყო, მაღალი ქულა და ბინა რომ გაღირსონ, რომ როდესაც ამ ბინას მიიღებ, იქ ცხოვრებას ვეღარ მოესწრები, მარტო კუბოს დასადგამად თუ გამოგადგებაო. ზურაბ ქირია ამასაც ვერ მოესწრო”, – წერდა რადიო თავისუფლება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სანატორიუმში შესახლებული დევნილები სისტემატურად ითხოვდნენ, ბინები მანამდე მიეცათ, სანამ ავარიული შენობა თავზე ჩამოენგრეოდათ. ხელისუფლებამ მათ შესთავაზა, ან ქირით გადაგიყვანთ, ან, თუ თავად შეარჩევთ ბინას, კვ.მ-ში 550 დოლარს გადავიხდითო. დევნილები შეთავაზებით კმაყოფილები არ დარჩნენ, ძირითადი მიზეზი უნდობლობა იყო. ფიქრობდნენ, რომ მთავრობა ქირისთვის საჭირო თანხას მხოლოდ პირველ თვეებში მისცემდა, მერე კი ქუჩაში დატოვებდა. მათი აზრით, არც კვ.მ-ზე 550 დოლარი იყო ის თანხა, რომლითაც თბილისში ბინის შეძენას მოახერხებდი. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ: „[დევნილები] ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ, მოეძებნათ ამ თანხის ფარგლებში ადეკვატური, საცხოვრებლად ვარგისი ობიექტები, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს სამინისტროს წაყენებული ამ თანხის გადმორიცხვის სანაცვლოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამ თანხის ფარგლებში იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რასაც სამინისტრო დევნილებისგან ითხოვს“.
გარდა ამისა, „ქართლში“ მცხოვრები ბევრი დევნილი საერთოდ არ აღმოჩნდა იმ პირთა სიაში, რომლებიც ამ ეტაპზე ბინებით უნდა დაეკმაყოფილებინათ. სანატორიუმი ქართლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ იყო. ბოლო დოკუმენტი, რომელიც ამას ამტკიცევდა, 2015 წლის 3 თებერვლით თარიღდებოდა.
24 იანვარს სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს საცხოვრებელი ბინების გამოყოფა. “30 წელი ვიცდით, როდემდე?” “სამშობლოვ, გაგვწირე?” – ამ შინაარსის წარწერებით დადგნენ სამინისტროს შესასვლელთან.
ბატონო მინისტრო, ჩვენ დევნილები მოვედით აქ იმისთვის, რომ გითხრათ, თქვენ ახლაც ცდებით, როცა ხართ შიგნით და არ საუბრობთ ხალხთან”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
26 იანვარს დევნილებს დაურეკეს და სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე შეუთანხმდნენ, თუმცა, შემდეგ, როცა მოქალაქეებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები იურისტთან ერთად სურდათ, უწყებამ შეხვედრა ჩაშალა. დევნილები სამინისტროს შენობასთან მაინც მივიდნენ – უკვე პროტესტის გამოსახატად.
28 იანვარს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა დევნილებს და მოისმინა მათი მოთხოვნები. იმ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას მხოლოდ 16 ოჯახი დათანხმდა. მათი ნაწილი შეთავაზებულ თანხაში ბინებს თავად მოიძიებდა, მეორე ნაწილი კი ახლად აშენებულ კორპუსებში შესახლდა. დანარჩენი 100-ზე მეტი ოჯახი კი სამინისტროს არცერთ შეთავაზებას არ თანხმდებოდა და პროცესს სრულ უნდობლობას უცხადებდა. 28 იანვარს ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო შეხვედრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაიმართებოდა.ილია ღუდუშაურმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე ყოფილი სანატორიუმის შენობას ყველა ოჯახი დატოვებდა.
ფოტო: დავით ქორიძე, "რადიო თავისუფლება"
კადრი ვიდეოდან